saqarTvelos buneba - vulkani

საქართველოს ვულკანები

 

ვულკანი - (ინგ. Volcano) (რუს. Вулкан)

ვულკანი არის გეოლოგიური წარმონაქმნი დედამიწის ან სხვა პლანეტის ქერქში, რომლიდანაც მაგმა გამოდის ზედაპირზე, წარმოქმნის ლავას, ვულკანურ აირებს, ქვებს (ვულკანურ ყუმბარებს და პიროკლასტიკურ ნაკადებს).

სიტყვა „ვულკანი“ ძველ რომაული ცეცხლის ღმერთის ვულკანუსის სახელიდან მოდის.

ვულკანების შემსწავლელი მეცნიერებებია ვულკანოლოგია და გეომორფოლოგია.

ვულკანები კლასიფიცირდება ფორმის (ფარისებრი, სტრატოვულკანები, წიდის კონუსები, გუმბათოვანი), აქტივობის (მოქმედი, მძინარე, ჩამქრალი), ადგილმდებარეობის (მიწისზედა, წყალქვეშა) და ა. შ. მიხედვით.

ვულკანური აქტივობა

ვულკანური აქტივობის ხარისხის მიხედვით ვულკანები იყოფა მოქმედ, მძინარე და ჩამქრალ ვულკანებად. მოქმედ ვულკანად მიღებულია ჩაითვალოს ვულკანი, რომელიც ამოიფრქვა დროის ისტორიულ პერიოდში ან ჰოლოცენში. ცნება „აქტიური“ საკმაოდ არაზუსტია, რადგან ვულკანებს, რომელთაც მოქმედი ფუმაროლები აქვთ, ზოგიერთი მეცნიერი აქტიურებს მიაკუთვნებს, ზოგი კი ჩამქრალებს. მძინარედ ითვლება უმოქმედო ვულკანი, რომლიდანაც შესაძლებელია ამოფრქვევა მოხდეს, ხოლო ჩამქრალებს რომლიდანაც ამოფრქვევა ნაკლებად არის მოსალოდნელი.

ამასთან ერთად, ვულკანოლოგები არ არიან ერთსულოვანნი აქტიური ვულკანის განსაზღვრაშიც. ვულკანის აქტივობის პერიოდი შესაძლებელია რამდენიმე თვიდან რამდენიმე მილიონ წლამდე გაგრძელდეს. ბევრი ვულკანი ვულკანურ აქტივობას რამდენიმე ათეული ათასი წლის წინ ამჟღავნებდა, მაგრამ ამჟამად არ ითვლება აქტიურად.

ასტროფიზიკოსები, ისტორიულ ასპექტში თვლიან, რომ ვულკანური აქტივობა, რომელიც, თავის მხრივ, სხვა ციური სხეულების მოქცევითი ზეგავლენით არის განპირობებული, შესაძლებელია ხელს უწყობდეს სიცოცხლის წარმოშობას. კერძოდ, სწორედ ვულკანებმა შეიტანეს წვლილი დედამიწის ატმოსფეროსა და ჰიდროსფეროს ფორმირებაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ნახშირორჟანგისა და წყლის ორთქლის ამოსროლით. მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ზედმეტად აქტიურმა ვულკანიზმმა, როგორც ეს არის, მაგალითად, იუპიტერის თანამგზავრ იოზე, შესაძლებელია პლანეტის ზედაპირი სიცოცხლისთვის უვარგისად აქციოს. ამავე დროს, სუსტი ტექტონური აქტივობა იწვევს ნახშირორჟანგის გაქრობას და პლანეტის სტერილიზაციას. „ეს ორი შემთხვევა წარმოადგენს პლანეტების დასახლების პოტენციურ საზღვრებს და გასათვალისწინებელია მთავარი თანმიმდევრობის პატარა მასის ვარსკვლავების სისტემებისთვის სიცოცხლის ზონების ტრადიციულ პარამეტრებთან ერთად“, წერენ მეცნიერები.

ვულკანური ნაგებობების ტიპები

ზოგადი სახის მიხედვით ვულკანები იყოფა ხაზოვან და ცენტრალურ ვულკანებად. მაგრამ ეს დაყოფა პირობითია, რადგან ვულკანების უმეტესობა დედამიწის ქერქში არსებულ ხაზოვან ტექტონურ რღვევებთან არის დაკავშირებული.

ხაზოვან ვულკანებს, ანუ ბზარის ტიპის ვულკანებს განფენილი მიმყვანი არხები აქვს, რომლებიც ქერქის ღრმა ნახეთქთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, ასეთი ბზარებიდან ამოდის ბაზალტის თხევადი მაგმა, რომელიც გარშემო იღვრება და წარმოქმნის ლავის დიდ საფარველს. ბზარების გასწვრივ წარმოიქმნება შხეფების დამრეცი ტალღები, ფართო ბრტყელი კონუსები, ლავის მინდვრები. თუ მაგმას უფრო მჟავა შემადგენლობა აქვს (ნადნობში უფრო მაღალია სილიციუმის ოქსიდის შემცველობა), წარმოიქმნება ხაზოვანი ექსტრუზიული ზვირთები და მასივები. როდესაც ამოფრქვევა აფეთქებით ხდება, შესაძლოა წარმოიქმნას რამდენიმე ათეული კილომეტრის განფენილობის ექსპლოზიური თხრილები.

ცენტრალური ტიპის ვულკანებს აქვთ ცენტრალური მიმყვანი არხი, ანუ ყელი, რომელიც მაგმის კერიდან ზედაპირისკენ არის მიმართული. ყელი მთავრდება გაფართოებით, კრატერით, რომელიც ვულკანური ნაგებობის ზრდასთან ერთად ზევით ინაცვლებს. ცენტრალური ტიპის ვულკანებს შესაძლოა ჰქონდეთ გვერდითი, ანუ პარაზიტული კრატერები, რომლების მის ფერდობებზეა განლაგებული და რკალურ ან რადიალურ ბზარებს უკავშირდება. ხშირად კრატერებში თხევადი ლავის ტბები არსებობს. თუ მაგმა ბლანტია, წარმოიქმნება გაჭიმვის გუმბათი, რომელიც გმინავს ყელს „საცობის“ მსგავსად, რაც იწვევს უძლიერეს აფეთქებით ამოფრქვევას, რომლის დროსაც აირების ნაკადი პირდაპირ ამოაგდებს „საცობს“ ყელიდან.

ცენტრალური ტიპის ვულკანების ფორმები მაგმის შემადგენლობასა და სიბლანტეზეა დამოკიდებული. ცხელი და ადვილად მოძრავი ბაზალტის მაგმა ქმნის ფართო და ბრტყელ ფარისებრ ვულკანებს (მაუნა-ლოა, მაუნ-კეა, ჰავაის კუნძულები). თუ ვულკანი პერიოდულად ხან ლავას და ხან პიროკლასტიკურ მასალას ამოაფრქვევს, წარმოიქმნება კონუსის მაგვარი ფენოვანი ნაგებობა, სტრატოვულკანი. ასეთი ვულკანის ფერდობები, ჩვეულებრივ, დაფარულია ღრმა რადიალური ღარებით ბარანკოსებით. ცენტრალური ტიპის ვულკანები შეიძლება წმინდა ლავური იყოს, ან წარმოქმნილი იყოს მხოლოდ ვულკანური პროდუქტებით წიდებით, ტუფებით და მსგავსი წარმონაქმნებით, ან წარმოადგენდეს შერეულ სტრატოვულკანებს.

განასხვავებენ მონოგენურ და პოლიგენურ ვულკანებს. პირველი წარმოიქმნება ერთჯერადი, მეორე კი მრავალჯერადი ამოფრქვევის შედეგად. ბლანტი, მჟავა შემადგენლობის, დაბალ ტემპერატურული მაგმა, გამოწნევით გამოედინება ყელიდან და ქმნის ექსტრუზიულ გუმბათებს (მონტან-პელეს წვეტი, 1902 წ.).

რელიეფის უარყოფითი ფორმები, რომლებიც ცენტრალური ტიპის ვულკანებთან არის დაკავშირებული, კალდერებით – რამდენიმე კილომეტრი დიამეტრის მქონე წრიული ფორმის ღრმულებით არის წარმოდგენილი. კალდერების გარდა არსებობს რელიეფის მსხვილი უარყოფითი ფორმები, რომლებიც დაკავშირებულია ამოფრქვეული ვულკანური მასალის წონის ზემოქმედებით და მაგმური კერის დაცლის გამო წარმოქმნილ სიღრმეზე ზეწოლის დეფიციტით გამოწვეულ ჩაღუნვასთან. ასეთ სტრუქტურებს ვულკანურ-ტექტონურ ღრმულებს, დეპრესიებს უწოდებენ. ვულკანურ-ტექტონური ღრმულები ფართოდ არის გავრცელებული და ხშირად თან ახლავს იგნიმბრიტების – სხვადასხვა გენეზისის მქონე მჟავე შემადგენლობის ვულკანური ქანების მძლავრი ფენების წარმოქმნას. ისინი შეიძლება იყოს ლავური, ან შეცხობილი თუ შედუღებული ტუფებით წარმოქმნილი. მათთვის დამახასიათებელია ვულკანური მინის, პემზის, ლავის მინისებრი ჩანართები, რომელთაც ფიამეს უწოდებენ და ძირითადი მასის ტუფის ან ტორფის მსგავსი სტრუქტურა. როგორც წესი, იგნიმბრიტების დიდი მოცულობები ზედაპირთან ახლოს ჩაწოლილ მაგმურ კერებს უკავშირდება, რომლებიც იქ არსებული ქანების დნობით და ჩანაცვლებით არის ჩამოყალიბებული.

ვულკანების კლასიფიკაცია ფორმის მიხედვით

ვულკანის ფორმა მის მიერ ამოფრქვეული ლავის შემადგენლობაზეა დამოკიდებული; ჩვეულებრივ განიხილავენ ვულკანების ხუთ ტიპს:

ფარისებრი ვულკანები, ანუ „ფარიანი ვულკანები“. წარმოიქმნება თხევადი ლავის მრავალჯერადი ამოფრქვევის შედეგად. ეს ფორმა დამახასიათებელია იმ ვულკანებისთვის, რომლებიც ბაზალტი დაბალი სიბლანტის ლავას აფრქვევენ, რომელიც ხანგრძლივად მოედინება როგორც ვულკანის ცენტრალური ყელიდან, ასევე მისი გვერდითი კრატერებიდან. ლავა თანაბრად ეფინება მრავალ კილომეტრზე; თანდათანობით ამ ფენებიდან ყალიბდება ფართო „ფარი“ დამრეცი ნაპირებით. მაგალითია ვილკანი მაუნა-ლოა ჰავაიზე, სადაც ლავა პირდაპირ ოკეანეში იღვრება; მისი სიმაღლე ძირიდან, რომელიც ოკეანის ფსკერზეა, დაახლოებით ათ კილომეტრს შეადგენს (ამ დროს ვულკანის წყალქვეშა ძირის სიგრძეა 120 კმ, სიგანე კი 50 კმ).
წიდის კონუსები. ასეთი ვულკანების ამოფრქვევისას ფოროვანი წიდის მსხვილი ფრაგმენტები კონუსის ფორმით, ფენებად ხვავდება კრატერის გარშემო, ხოლო მცირე ფრაგმენტები დამრეც ფერდობებს აყალიბებს ვულკანის ძირში; ყოველი ამოფრქვევის შემდეგ ვულკანი უფრო მაღლდება. ეს არის ვულკანების ყველაზე გავრცელებული ტიპი ხმელეთზე. მათი სიმაღლე რამდენიმე ასეულ მეტრს არ აღემატება. მაგალითია ვულკანი ბრტყელი ტოლბაჩიკი (Плоский Толбачик) კამჩატკაზე, რომელიც 2012 წლის დეკემბერში აფეთქდა.
სტრატოვულკანები, ანუ „ფენა ვულკანები“. პერიოდულად, მონაცვლეობით აფრქვევენ ლავას (ბლანტს და სქელს, სწრაფად გამყარებადს) და პიროკლასტიკურ ნივთიერებას – ცხელი აირის, ფერფლისა და გავარვარებული ქვების ნარევს; ამის შედეგად (მახვილ, შეზნექილ) კონუსზე მათი დანალექები მონაცვლეობს. ასეთი ვულკანების ლავა ბზარებიდანაც გადმოედინება და ფერდობებზე მყარდება წიბოვანი დერეფნების სახით, რომლებიც ვულკანის საყრდენს წარმოადგენს. მაგალითებია ეტნა, ვეზუვი, ფუძიამა.
გუმბათოვანი ვულკანები. წარმოიქმნება, როდესაც გრანიტის ბლანტი მაგმა ამოდის ვულკანის წიაღიდან ზემოთ, მაგრამ ვერ ახერხებს ფერდობებზე გადმოღვრას და ზევით გამყარებისას გუმბათს წარმოქმნის. ის ახშობს ვულკანის ყელს საცობის მსგავსად, რომელსაც დროთა განმავლობაში ამოხეთქავს გუმბათის ქვეშ დაგროვილი აირები. ასეთი გუმბათი ყალიბდება ამჟამად აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ვულკან სენტ-ჰელენსის კრატერის თავზე, რომელიც 1980 წლის ამოფრქვევის დროს წარმოიქმნა.

ვულკანების ამოფრქვევა

ვულკანების ამოფრქვევა განეკუთვნება გეოლოგიური საგანგებო მდგომარეობას, რომლებმაც შესაძლოა სტიქიური უბედურება გამოიწვიოს. ამოფრქვევის პროცესი რამდენიმე საათიდან მრავალ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. სხვადასხვა კლასიფიკაციებს შორის გამოიყოფა ამოფრქვევის ზოგადი ტიპები:

ჰავაის ტიპი – ბაზალტის თხევადი ლავის ამოფრქვევა, ხშირად წარმოქმნის ლავის ტბას, ლავა შეიძლება დიდ მანძილებზე დაიღვაროს.
სტრომბოლური ტიპი – ლავა შედარებით სქელია და ყელიდან ხშირი აფეთქებებით გადმოდის. დამახასიათებელია გუმბათის წარმოქმნა ფერფლის, ვულკანური ყუმბარებისა და ლაპილებისგან.
პლინიური ტიპი – მძლავრი იშვიათი აფეთქებები, რომლებსაც შეუძლია ტეფრის ასროლა 10 კმ სიმაღლემდე.
პელეური ტიპი – ამოფრქვევები, რომელთა განმასხვავებელი ნიშანია ექსტრუზიული გუმბათებისა და პიროკლასტიკური ნაკადების წარმოქმნა („მწველი სხივები“).
აიროვანი (ფრეატული) ტიპი – ამოფრქვევა, რომლის დროსაც კრატერს მხოლოდ ვულკანური აირები აღწევს და ხდება მყარი ქანების გადმოსროლა. მაგმა არ ახასიათებს.
წყალქვეშა ტიპი – წყლის ქვეშ მიმდინარე ამოფრქვევა. როგორც წესი, თან ახლავს პემზის გამოსროლა.

პოსტვულკანური მოვლენები

ამოფრქვევის შემდეგ, როდესაც ან სამუდამოდ წყდება ვულკანის აქტივობა, ან ის ათასწლეულების განმავლობაში „მთვლემარე“ მდგომარეობაში გადადის, საკუთრივ ვულკანსა და მის შემოგარენში ნარჩუნდება პროცესები, რომლების უკავშირდება მაგმური კერის გაცივებას. მათ პოსტვულკანურ პროცესებს უწოდებენ. ამ პროცესებს მიეკუთვნება ფუმაროლები, თერმები და გეიზერები.

ამოფრქვევის დროს ზოგჯერ ხდება ვულკანური ნაგებობის ჩამოშლა კალდერების 16 კმ-მდე დიამეტრისა და 1000 მეტრამდე სიღრმის ღრმულების წარმოქმნით. მაგმის ამოწევისას გარეშე წნევა მცირდება, მაგმასთან დაკავშირებული აირები და თხევადი პროდუქტები ზედაპირზე გადმოდის და ხდება ვულკანის ამოფრქვევა. თუ ზედაპირზე გამოიტანება ძველი მთის ქანები და არა მაგმა, ხოლო აირებს შორის ჭარბობს წყლის ორთქლი, რომელიც მიწისქვეშა წყლების გაცხელების შედეგად წარმოიქმნა, ასეთ ამოფრქვევას ფრეატულს უწოდებენ.

ეიფელის ვულკანური გუმბათები

მიწის ზედაპირისკენ დაძრული ლავა ყოველთვის ვერ ამოდის ამ ზედაპირზე. ის მხოლოდ ზევით ამოწევს დანალექი ქანების ფენებს და კომპაქტური სხეულის (ლაკოლიტის) სახით მყარდება, რითაც დაბალი მთების თავისებურ სისტემას ქმნის. გერმანიაში ასეთ სისტემებს განეკუთვნება რენისა და ეიფელის ოლქები. ამ უკანასკნელში აღინიშნება სხვა პოსტვულკანური მოვლენაც ტბების სახით. ისინი ავსებს ყოფილი ვულკანების კრატერებს, რომლებიც ვერ ჩამოყალიბდნენ დამახასიათებელი ვულკანური კონუსის სახით (ე.წ. მაარები).

სითბოს წყარო

ვულკანური აქტივობის გამოვლენის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა ბაზალტის ფენის ან მანტიის ლოკალური დნობისთვის საჭირო სითბოს წყაროს განსაზღვრა. ასეთი დნობა უნდა იყოს ვიწროდ ლოკალიზებული, რადგან სეისმური ტალღების გატარება აჩვენებს, რომ ქერქი და ზედა მანტია, ჩვეულებრივ, მყარ მდგომარეობაშია. ამავე დროს, სითბური ენერგია საკმარისი უნდა იყოს უდიდესი მოცულობის მყარი მასალის დნობისთვის. მაგალითად, აშშ-ში მდინარე კოლუმბიის აუზში (ვაშინგტონისა და ორეგონის შტატები) ბაზალტების მოცულობა აღემატება 820 ათას კმ3; ბაზალტის ასეთივე დიდი ფენები გვხვდება არგენტინაში (პატაგონიაში), ინდოეთში (დეკანის პლატოზე) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (დიდი კარუს მაღლობი). ამჟამად სამი ჰიპოთეზა არსებობს. გეოლოგთა ერთი ნაწილი თვლის, რომ დნობა განპირობებულია რადიოაქტიური ელემენტების მაღალი ლოკალური კონცენტრაციებით, მაგრამ ბუნებში ასეთი კონცენტრაციები დაუჯერებლად გვეჩვენება; მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ ტექტონიკურ დარღვევებს ძვრებისა და რღვევების სახით თან ახლავს სითბური ენერგიის გამოყოფა. არსებობს მეორე თვალსაზრისიც, რომლის თანახმადაც ზედა მანტია მაღალი წნევის პირობებში მყარ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო როცა ბზარების წარმოქმნის შედეგად წნევა ეცემა, ხდება ე.წ. ფაზური გადასვლა, მთის მანტიის მყარი ქანები დნება და ბზარების გავლით გადმოიღვრება დედამიწის ზედაპირზე.

მზის სისტემის ყველაზე დიდი ვულკანის, მარსის ოლიმპოს პანორამა (2004 წლის ფოტოსურათი).

ვულკანური აქტივობის რაიონები

ვულკანური აქტივობის ძირითადი რაიონებია სამხრეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, იავა, მელანეზია, იაპონიის კუნძულები, კურილის კუნძულები, კამჩატკა, აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, ალიასკა, ჰავაის კუნძულები, ალეუტის კუნძულები, ისლანდია, ატლანტის ოკეანე.

ტალახის ვულკანები

ტალახისა არის მცირე ზომისა ვულკანები, რომლებიდანაც ზედაპირზე გამოდის არა მაგმა, არამედ თხევადი ტალახი მიწის ქერქიდან. ტალახის ვულკანები, ჩვეულებრივ ვულკანებთან შედარებით ბევრად ნაკლები ზომებისაა. ტალახი, როგორც წესი, ზედაპირზე ამოსვლისას ცივია, მაგრამ ტალახის ვულკანებით ამოფრქვეული აირები ხშირად შეიცავს მეთანს და ამოფრქვევის დროს შეიძლება ცეცხლი წაეკიდოს. ასეთი ამოფრქვევა წააგავს ჩვეულებრივი ვულკანის ამოფრქვევას, ოღონდ მინიატურულ ზომებში.

რუსეთის ფედერაციაში ტალახის ვულკანები ყველაზე მეტად ტამანის ნახევარკუნძულზეა გავრცელებული; ასევე გვხვდება ციმბირში, კასპიის ზღვასთან და კამჩატკაზე. ევრაზიის ტერიტორიაზე ტალახის ვულკანები ხშირად გვხვდება აზერბაიჯანში, თურქმენეთში, საქართველოში, ინდონეზიაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე.

წყალქვეშა ვულკანები

XXI საუკუნისთვის მსოფლიო ოკეანის ფსკერზე აღმოჩენილი, იდენტიფიცირებული და რუქაზე დატანილია 10 ათასამდე წყალქვეშა ვულკანი.

არამიწიერი ვულკანები

ვულკანები არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ სხვა პლანეტებზე და მათ თანამგზავრებზეც არის. მზის სისტემის სიდიდით მეორე მთა არის მარსის ვულკანი ოლიმპო, რომლის სიმაღლე 21,2 კმ-ია.

მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანური აქტივობა აქვს იუპიტერის თანამგზავრ იოს. იოს ვულკანებიდან ამოფრქვეული ნივთიერებების შლეიფების სიგრძე სიმაღლეში 330 კმ-ს და რადიუსში 700 კმ-ს აღწევს (ტვაშტარის პატერები), ლავის ნაკადის სიგრძე კი 330 კმ-ია (ვულკამენი ამირანი და მასუბი).

პლანეტების ზოგიერთ თანამგზავრზე (ენცელადი, ტრიტონი) დაბალი ტემპერატურების პირობებში ამოფრქვეული „მაგმა“ შედგება არა კლდის გამდნარი ქანებისგან, არამედ წყლისა და მსუბუქი ნივთიერებებისგან. ასეთი ტიპის ამოფრქვევის მიკუთვნება ჩვეულებრივი ვულკანიზმისთვის არ შეიძლება, ამიტომ აღნიშნულმა მოვლენამ კრიოვულკანიზმის სახელი მიიღო.

საინტერესო ფაქტები

1963 წელს სამხრეთ ისლანდიასთან წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა კუნძული სურტსეი.
1883 წელს ინდონეზიაში ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევამ ყველაზე ძლიერი გუგუნი გამოიწვია მათ შორის, რომელიც ოდესმე გაუგონიათ დედამიწაზე; ხმა ვულკანიდან 4800 მეტრზე მეტ მანძილზე ისმოდა, დარტყმითმა ტალღამ შვიდჯერ შემოუარა დედამიწას და 5 დღის განმავლობაში კიდევ შეიმჩნეოდა. ვულკანმა 36 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 165 სოფელი მიწასთან გაასწორა და კიდევ 132-ს ზიანი მიაყენა (ძირითადად, ცუნამის საშუალებით, რომლებიც ამოფრქვევას მოჰყვა). ვულკანის ამოფრქვევებმა 1927 წლის შემდეგ წარმოქმნა ახალი ვულკანური კუნძული სახელწოდებით ანაკ-კრაკატაუ („კრაკატაუს ბავშვი“).
ვულკანი კილაუეა, რომელიც ჰავაის არქიპელაგში მდებარეობს, ამჟამად ყველაზე აქტიური ვულკანია. ვულკანი მხოლოდ 1,2 კმ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან, მაგრამ მისი ბოლო ხანგრძლივი ამოფრქვევა დაიწყო 1983 წელს და დღემდე გრძელდება. ლავის ნაკადები ოკეანეში 11-12 კმ-ზე მიდის.
ტაიბეიში (ტაივანში) აღმოჩენილია მოქმედი ვულკანი. უწინ ითვლებოდა, რომ ამ უბანზე ვულკანის ბოლო აქტივობა სულ რაღაც 5000 წლის წინ იყო.
2010 წელს მყინვარ ეიაფიადლაიეკუდლის მახლობლად ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია 60 ათასზე მეტი ავიარეისის გაუქმება მთელ ევროპაში.
შესაძლებელია დედამიწაზე ბაზალტის ლავის ყველაზე დიდ ნაკადს წარმოადგენდეს ვულკანური წარმოშობილ პლატო  მდინარეების ხი-გოლისა და ჟომ-ბოლოკის ხეობებში აღმოსავლეთ ციმბირის აღმოსავლეთ საიანის მთებში მდინარე საიანის ოკის ხეობაზე გასასვლელით; ბაზალტის Г-სებრი ვიწრო პლატოს სიგრძე დაახლოებით 75 მკ-ია. ის წარმოიქმნა ბზარებიდან ლავის გადმოღვრის შედეგად გამყინვარების შემდგომ პერიოდში დაახლოებით 10-12 ათასი წლის წინ. პლატოზე არის ვულკანები პერეტოლჩინი, კროპოტკინი და სტარი.

ამოფრქვევა

XXI საუკუნე

2013 წლის 13 დეკემბერი – ვულკანი ბეზიმიანნი, რუსეთი
2011 წლის 12 ივნისი – ვულკანი ნაბრო, სახელმწიფო ერიტრეა
2011 წლის 5 ივნისი – ვულკანი პუეუე, სახელმწიფო ჩილე
2011 წლის 21 მაისი – ვულკანი გრიმსვოტნი, კუნძული ისლანდია
2011 წლის 3 იანვარი – ვულკანი ეტნა,  სიცილიის აღმოსავლეთ სანაპირო
2010 წლის 26 ოქტომბერი – ვულკანი პერაპი, ინდონეზია, კუნული იავა
2010 წლის 21 მარტი – ვულკანი მყინვარ ეიაფიადლაიეკუდლის მახლობლად, კუნძული ისლანდია

XX საუკუნე

2000 წლის დეკემბერი – მექსიკა, ვულკანი პოპოკატეპეტლი
2000 წლის 14 მარტი – რუსეთი, კამჩატკა, ვულკანი ბეზიმიანნი
1997 წლის 30 ივნისი – მექსიკა, ვულკანი პოპოკატეპეტლი
1991 წლის 10-15 ივნისი – ფილიპინები, კუნძული ლუსონი, ვულკანი პინატუბო
1985 წლის 14-16 ნოემბერი – კოპუმბია, ვულკანი ნებადო-დელ-რუისი
1982 წლის 29 მარტი – მექსიკა, ვულკანი ელ-ჩიჩონი
1980 წლის 18 მარტი – აშშ, ვაშინგტონის შტატი, ვულკანი სენტ-ჰელენსი
1956 წლის 30 მარტი – სსრკ, კამჩატკის ნახევერკუნძული, ვულკანი ბეზიმიანნი
1951 წლის 21 იანვარი – ახალი გვინეა, ვულკანი ლამინგტონი
1944 წლის ივნისი – მექსიკა, ვულკანი პარიკუტინი
1944 წლის მარტი – იტალია, ვულკანი ვეზუვი
1931 წლის 13-28 დეკემბერი – ინდონეზია, კუნძული იავა, ვულკანი მერაპი
1911 წლის 30 იანვარი – ფილიპინები, ვულკანი ტაალი
1902 წლის 24 ოქტომბერი – გვატემალა, ვულკანი სანტა-მარია
1902 წლის 8 მაისი – კუნძული მარტინიკა, ვულკანი მონტან-პელე

დედამიწის უდიდესი ვულკანები

# ვულკანის სახელი ადგილმდებარეობა სიმაღლე მ. რეგიონი
1 ოხოს-დელ-სალადო ჩილეს ანდები 6893 სამხრეთ ამერიკა
2 ლიულიაილიაკო ჩილეს ანდები 6723 სამხრეთ ამერიკა
3 სან-პედრო ცენტრალური ანდები 6159 სამხრეთ ამერიკა
4 კოტოპახი ეკვატორული ანდები 5911 სამხრეთ ამერიკა
5 კილიმანჯარო მასაის ზეგანი 5895 აფრიკა
6 მისტი ცენტრალური ანდები (პერუს სამხრეთი) 5821 სამხრეთ ამერიკა
7 ორისაბა მექსიკის ზეგანი 5700 ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა
8 იალბუზი ჩრდილოეთ კავკასია 5642 ევროპა
9 პოპოკატეპეტლი მექსიკის ზეგანი 5455 ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა
10 სანგაი ეკვატორული ანდები 5230 სამხრეთ ამერიკა
11 ნევადო-დელ-ტოლიმა ჩრდილო-დასავლეთი ანდები 5215 სამხრეთ ამერიკა
12 კლუჩებსკაია სოპკა კამჩატკის ნახევარკუნძული 4850 აზია
13 რეინირი კორდილიერები 4392 ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა
14 ტახუმულკო ცენტრალური ამერიკა 4217 ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა
15 მაუნა-ლოა ჰავაის კუნძულები 4169 ავსტრალია და ოკეანია
16 კამერუნი კამერუნის მასივი 4100 აფრიკა
17 ერჯიიასი ანატოლიის ზეგანი 3916 აზია
18 კერინჩი კუნძული სუმატრა 3805 აზია
19 ერებუსი კუნძული როსსა 3794 ანტარქტიდა
20 ფუძიამა კუნძული ჰონსიუ 3776 აზია
21 ტეიდე კანარის კუნძულები 3718 აფრიკა
22 სემერუ კუნძული იავა 3676 აზია
23 იჩინსკაია სოპკა კამჩატკის ნახევარკუნძული 3621 აზია
24 კორონოცკაია სოპკა კამჩატკის ნახევარკუნძული 3528 აზია
25 კორიაკსკაია სოპკა კამჩატკის ნახევარკუნძული 3456 აზია
26 ეტნა კუნძული სიცილია 3340 ევროპა
27 შიველუჩი კამჩატკის ნახევარკუნძული 3283 აზია
28 ლასენ-პიკი კორდილიერები 3187 ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა
29 ლიაიმა სამხრეთ ანდები 3060 სამხრეთ ამერიკა
30 აპო კუნძული მინდანაო 2954 აზია
31 რუაპეხუ ახალი ზელანდია 2796 ავსტრალია და ოკეანია
32 პექტუსანი კორეის ნახევარკუნძული 2750 აზია
33 ავაჩინსკაია სოპკა კამჩატკის ნახევარკუნძული 2741 აზია
34 ალაიდი კურილის კუნძულები 2339 აზია
35 კატმაი ალიასკას ნახევარკუნძული 2047 ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა
36 ტიატია კურილის კუნძულები 1819 აზია
37 ჰეკლა კუნძული ისლანდია 1491 ევროპა
38 მონტან-პელე კუნძული მარტინიკა 1397 ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა
39 ვეზუვი აპენინის ნახევარკუნძული 1277 ევროპა
40 კილაუეა ჰავაის კუნძულები 1247 ავსტრალია და ოკეანია
41 სტრომბოლი ლიპარის კუნძულები 926 ევროპა
42 კრაკატაუ ზონდის სრუტე 813 აზია

 

ვულკანები კულტურაში

კარლ ბრიულოვის სურათი „პოიმპეის უკანასკნელი დღე“, რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია.
კინოფილმები „ვულკანი“, „დანტეს პიკი“ და სცენა ფილმიდან „2012“
ვულკანი მყინვარ ეიაფიადლაიეკუდლის მახლობლად ისლანდიაში, ამოფრქვევის შემდეგ გახდა მრავალი იუმორისტული პროგრამის, სატელევიზიო სიახლეების, ცნობებისა და ხალხური შემოქმედების გმირი, რომლებიც მსოფლიო მოვლენებს განიხილავდნენ.

 

ანდეზიტი
სუპერვულკანები
ვულკანური ველი
ვულკანის ამოფრქვევა
ვულკანური ამოფრქვევების შკალა
ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელი