saqarTvelos buneba - myinvari

საქართველოს მყინვარები

 

მყინვარი - (ინგ. Glacier) (რუს. Ледник)

უპირატესად ატმოსფერული წარმოშობის ყინულის მასა, რომელიც ბლანტად და პლასტიკურად მიედინება სიმძიმის ძალის ზემოქმედებით და იღებს დინების, დინებათა სისტემის, გუმბათის (ფარის) ან მცურავი ფილის ფორმას. მყინვარები წარმოიქმნება მრავალწლიანი დადებითი ბალანსის პირობებში მყარი ატმოსფერული ნალექების (თოვლის) დაგროვებისა და მისი შემდგომი გარდაქმნის შედეგად.

მყინვარების წარმოქმნის საერთო პირობაა ჰაერის დაბალი ტემპერატურების შეხამება დიდი რაოდენობის მყარ ატმოსფერულ ნალექებთან, რასაც ადგილი აქვს მაღალი განედების ცივ ქვეყნებში და მის მწვერვალებზე. თუმცა, რაც მეტია ნალექების რაოდენობა, მით უფრო მაღალი შეიძლება ჰაერის ტემპერატურა. მყარი ნალექების წლიური რაოდენობები იცვლება 30-60 მმ-დან ცენტრალურ ანტარქტიდაში 4500 მმ-მდე პატაგონიის მყინვარებზე, ხოლო ზაფხულის საშუალო ტემპერატურა -40°C-დან ცენტრალურ ანტარქტიდაში +15°C-დე შუა აზიის, სკანდინავიის, ახალი ზელანდიის, პატაგონიის ყველაზე გრძელი მყინვარების ბოლოს.

თოვლის გარდაქმნა ფირნად და შემდეგ ყინულად შეიძლება წარმოებდეს როგორც უარყოფითი, ასევე დნობის ტემპერატურების დროს. პირველ შემთხვევაში ის მიდის ხელახალი კრისტალიზაციის გზით, რომელსაც იწვევს ზემდებარე სიზრქე და თოვლის ფორიანობის შემცირება, მეორე შემთხვევაში კი ხორციელდება თოვლის დნობით და სიზრქეში ფშატალას ხელმეორედ გაყინვით (დაწვრილებით იხ. ყინულწარმოქმნის ზონები).

მყინვარში გამოყოფენ ზედა ნაწილს კვების (აკუმულირების) არეს და ქვედა ნაწილს გახარჯვის (აბლაციის) არეს, ანუ აქ არის მასისი დადებითი და უარყოფითი წლიური ბალანსის მქონე არეები. ამ ორ ნაწილს ყოფს კვების საზღვარი, სადაც ყინულის დაგროვება მისი ხარჯვის ტოლია. ჭარბი ყინული კვების არიდან გადმოდის ქვევით, აბლაციის არეში და იქ ავსებს მასის არსებულ დანაკარგებს, რომლებიც დნობით, აორთქლებით და მექანიკური დაშლით არის განპირობებული.

დროთა განმავლობაში აკუმულაციისა და აბლაციის თანაფარდობის ცვლილებაზეა დამოკიდებული მყინვარის კიდის მდგომარეობის ცვლილება. როდესაც გაძლიერებული კვება აჭარბებს დნობას, მყინვარის კიდე წინ მოიწევს; საპირისპირო თანაფარდობის დროს მყინვარი უკან იხევს. კვებისა და ხარჯვის ხანგრძლივი წონასწორობის დროს მყინვარის კიდე სტაციონარულ მდგომარეობას იჭერს.

ასეთი იძულებითი ცვლილებების გარდა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მასის ბალანსთან, ზოგიერთი მყინვარები განიცდის სწრაფ ძვრებს (პულსაციას, სერჯებს), რომლებიც წარმოიქმნება საკუთრივ მყინვარის შიგნით მიმდინარე პროცესების – სარეცელში პირობების ნახტომისებრი გარდაქმნისა და ყინულის საერთო მასის არსებითი ცვლილების გარეშე აკუმულაციისა და აბლაციის არეებს შორის ნივთიერების გადანაწილების შედეგად.

თანამედროვე მყინვარებით დაფარულია 16 მილიონ კმ2-ზე მეტი ფართობი, ანუ ხმელეთის 11%-ზე მეტი. მათში თავმოყრილია 25 მილიონ კმ3-ზე მეტი ყინული – პლანეტის მტკნარი წყლის მარაგის თითქმის ორი მესამედი.

განსაზღვრულ პირობებში (დაბალი ტემპერატურა, ჰაერის დაბალი ტენიანობა, მზის მაღალი რადიაცია) მყინვარების ზედაპირზე შესაძლოა წარმოიქმნეს „მონანიე თოვლი და ყინული“ (კალგასპორები) წვეტიანი  წარმონაქმნები. მათი სიმაღლე ზოგჯერ რამდენიმე მეტრს აღწევს. ისინი შუადღისას მზის მდგომარეობის მიმართულებით არის გადახრილი და მუხლის მოდრეკით მლოცველების ფიგურებს გვაგონებს. ეს მოვლენა პირველად ჩარლზ დარვინმა აღწერა 1835 წელს, როდესაც ის სამხრეთ ამერიკაში, ანდებში მოგზაურობდა.

მთის მყინვარების კვების არეებისთვის დამახასიათებელია ბერგშრუნდები, ანუ მთისძირა ნაპრალები, რომლებიც ფერდობებზე გამოყოფენ მოძრავ მყინვარს თოვლის, ფირნისა და ყინულის უძრავი მასებისგან.

მყინვარების კლასიფიკაცია

მყინვარების მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს. მათი უმრავლესობა მორფოლოგიური ან მორფო-დინამიურია, რომლებიც, ძირითადად, მყინვარების კატალოგების შედგენისას გამოიყენება. აქ მოყვანილია სამამულო მორფოლოგიური კლასიფიკაცია, რომელიც გამოიყენებოდა სსრ კავშირის მყინვარების კატალოგის შედგენისას, ზოგიერთ დამატებასთან ერთად. მსგავსი სქემები არსებობს მყინვარებზე დაკვირვების მსოფლიო სამსახურში (WGMS) და მყინვარების კატალოგიზაციის ახალ პროექტში (GLIMS). გარდა ამისა არსებობს მყინვარების გეოფიზიკური კლასიფიკაცია მათი თერმული რეჟიმებისა და ჰიდროთერმული მდგომარეობების მიხედვით.

მყინვარების მორფოლოგიური კლასიფიკაცია

მთის მყინვარები (მთის გამყინვარება) – მიწისზედა მყინვარები, რომლებიც მთიან რელიეფზეა გაწოლილი და გაერთიანებულია მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით. მყინვარების ფორმა დამოკიდებულია ქვეგებულ რელიეფზე, მათ მოძრაობას, ძირითადად, ჩადინების ძალა განსაზღვრავს.

მწვერვალის მყინვარები – დევს ცალკეული მთების, ქედებისა და მთის კვანძების მწვერვალების ზედაპირებზე.
კონუსური მწვერვალების მყინვარები – ყოველი მხრიდან ფარავს ცალკე მდგომ მწვერვალს. აქვს შედარებით სწორი ქვედა კიდე, თუ ფერდობები სუსტად არის დანაწევრებული, და გამომტანი ენები, რომლებიც ძირს ეშვება ღარტაფებით და რადიალური ფლატეებით. ბოლო შემთხვევაში მყინვარს ვარსკვლავისებრი სახე აქვს.
ბრტყელი მწვერვალის მყინვარები – აქვთ ბრტყლად ამოზნექილი გუმბათის ფორმა, რომელიც ფარავს ცალკეული მთების და თხემების გასწორებულ დახრილ ზედაპირს. მთავრდება ციცაბო ფლატით და ერთი-ორი გამომტანი ენით, რომლებიც ღარტაფებით ფერდობებზე ეშვება.
კალდერული მყინვარი – განლაგებულია ვულკანის კალდერში, ზოგჯერ ერთი ან რამდენიმე გამომტანი ენით.
ფერდობების მყინვარები – იკავებენ დეპრესიებს ქედების ფერდობებზე და სუსტად დიფერენცირებული ფერდობების ცალკეულ უბნებს.
ფერდისპირა მყინვარი (niche glacier) მცირე ზომის მყინვარი სტრუქტურული ტერასის ან რომელიმე სხვა დამრეცი მოედნის ზედაპირზე ციცაბო ბექის ძირში.
კიდული მყინვარი – მცირე ზომის მყინვარი, რომელიც განფენილია მთების ციცაბო ფერდობების სუსტად გამოხატულ ფლატეებში და მთავრდება ძირითადი ხეობის კალთის ზედა ნაწილში.
კარის (Kar) მყინვარი – შედარებით მცირე მყინვარი, რომელიც დევს კარში – ფიალისებრ ბუნებრივ ჩაღრმავებაში მთის კალთაზე, რომელიც, თავის მხრივ, შექმნილი ან გაფართოებულია  თოვლისა და ყინულის მოქმედებით.
კარი-ხეობის მყინვარი – კარის მყინვარი, რომლის ენა ეშვება ქვემომდებარე ხეობაში, მაგრამ დაშვების მანძილი არ აღემატება მყინვარის საერთო სიგრძის ერთ ან ორ მესამედს.
ხეობების მყინვარები – განლაგებულია მთის ხეობების ზედა და შუა ნაწილებში.
ხეობის მყინვარი – მყინვარი, რომლის ენა დევს მყინვარის ხეობაში, ხოლო კვების არე (ფირნის აუზი) – მისი სათავის ფიალისებრ გაფართოებაში.
ხეობის რთული მყინვარი – კვების დამოუკიდებელი არეების მქონე ორი ან მეტი მყინვარული ნაკადისგან შედგენილი მყინვარი. შერწყმისას ასეთი ნაკადები, ჩვეულებრივ ბოლომდე ინარჩუნებს დამოუკიდებელ სტრუქტურას და შუა მორენებით გამოეყოფიან ერთმანეთს.
დენდრიტული ტიპის მყინვარი – კვების დამოუკიდებელი არეების მქონე სხვადასხვა რიგის რამდენიმე შენაკადისგან შედგენილი ხეობის რთული მყინვარი, რომლებიც მთავარ მყინვარს შეერწყმის.
ფართო ბოლოიანი მყინვარი – მყინვარი, რომლის ენა ეშვება მთის ხეობით გავლით მომდევნო, შედარებით ფართო ხეობაში ან მთისწინა ვაკეზე, სადაც განივრად ფართოვდება და ხშირად „თათის“ ფორმას იძენს.
მთისწინეთის მყინვარი – ქედის ძირის გასწვრივ გართხმული ფართო მყინვარი, რომელიც წარმოქმნილია კვების დამოუკიდებელი არეების მქონე, ვაკეზე გამოსასვლელში შერწყმული რამდენიმე მყინვარული ნაკადისგან.
ქვაბულის მყინვარი – მყინვარი, რომლის კვების არე ფართო ცირკშია, ენა კი გამოდის წარმოქმნილი ქვაბულიდან სიგრძის ერთი ან ორი მესამედის მანძილზე. განსხვავდება კარის ან კარი-ხეობის მყინვარებისგან ბევრად დიდი ზომებით და რამდენიმე ასეული მეტრის სისქით.

ცალკე არის გამოყოფილი:
გადასაკიდი მყინვარები – საპირისპირო კალთებზე განლაგებული ერთი ან რამდენიმე მყინვარი კვების საერთო არით ქედის უნაგირში. ისინი შეიძლება იყოს კიდული, ხეობის ან ფერდობის.
განახლებული მყინვარი (რეგენერირებული მყინვარი) – ფირნის აუზს მოკლებული ხეობის მყინვარი, რომელიც იკვებება კიდული და შედარებით უფრო მაღლა მდებარე ხეობის მყინვარებიდან ჩამონაზვავი ყინულით.
მის საფარი მყინვარები (მთის საფარული ანუ ბადისებრი გამყინვარება) – გარდამავალი ფორმა მთისა და საფარ მყინვარებს შორის. მათში ლოკალური მყინვარული პლატო ეხამება გუმბათებს, რომლებსაც გამჭოლ ხეობებში აქვთ ხეობისა და მთისწინა მყინვარები.
საფარი მყინვარები – (მფარავი გამყინვარება) – მყინვარების ისეთი მორფოლოგიური ტიპების გამაერთიანებელი კლასი, რომელთა ფორმაც არ არის დამოკიდებული დედამიწის ზედაპირის რელიეფზე და განპირობებულია კვებისა და ყინულის ხარჯის განაწილებით. ყინულის მოძრაობას უპირატესად განღვრის ძალა განსაზღვრავს და, როგორც წესი, ცენტრალური ნაწილიდან პერიფერიებისკენ არის მიმართული.
მყინვარული საფარი (საფარიმყინვარი) – მყინვარული ფარების, მყინვარული გუმბათების, გამომტანი მყინვარების, ყინულის ნაკადებისა და შელფური მყინვარების სისტემა, რომელიც თავის ქვეშ მარხავს ხმელეთს, შელფს, ზოგჯერ კი ღრმა ზღვებსაც ასეულობით ათასიდან მილიონობით კვადრატულ კილომეტრზე. განასხვავებენ: მიწისზედა საფარს, რომლებიც გაწოლილია ოკეანის დონის ზევით ქვის სარეცელზე და „ზღვის“ საფარს, რომელიც შედგება ღრმად ჩაძირული ქვის სარეცელზე დაყრდნობილი შიდა ნაწილებისა („ზღვის“ ფარებისა და ყინულის ნაკადებისგან) და პერიფერიული მოცურავე ნაწილებისგან (შელფის მყინვარებისგან).
მყინვარული ფარი – ბრტყლად ამოზნექილი გუმბათის ფორმის მყინვარი, რომელიც ხასიათდება მნიშვნელოვანი სისქით (1000 მ-ზე მეტი), დიდი ფართობით (აჭარბებს 50 ათას კმ2-ს), თითქმის იზომეტრული გეგმიური ფორმით და ყინულის რადიალური დინებით. მყინვარის ფარის მორფოლოგია და მოძრაობა თითქმის არ არის დამოკიდებული სარეცლის რელიეფზე.
მყინვარსატევი – ბადისებრი მყინვარული სისტემების მსხვილი ელემენტი, რომელიც ვითარდება მთიან-ქვაბულიანი რელიეფის პირობებში; იზომეტრული ან ოდნავ გაჭიმული ყინულის მასა, რომელიც ავსებს მთათა შორის ქვაბულებს. განვითარებული მყინვარსატევები ყინულით ივსება მათში ჩამავალი ხეობის მყინვარების ხარჯზე. გარდა ამისა მათ საკუთარ ზედაპირზეც შეუძლია მიიღონ თოვლით კვება; – მთათა შორისი ქვაბულები და მდინარეთა ხეობების გაფართოვებები, რომლებიც სრულად ივსება გარემომცველი მთების მყინვარებით.
მყინვარული გუმბათი (მყინვარული ქუდი) – მყინვარული ფარის მსგავსი ამობურცული მყინვარი, რომლის სისქე და ფართობი ნაკლებია, შესაბამისად, 1000 მეტრსა და 50 ათასი კმ2-ზე.
გამომტანი მყინვარი – ყინულის სწრაფად მოძრავი ნაკადი, რომლის მეშვეობით ძირითადად ხდება ყინულის ხარჯვა მიწისზედა მყინვარული ფარის მოცემული ყინულშემკრები აუზიდან. განირთხმება კლდოვან ხეობაში, კიდის ნაწილებზე ჩვეულებრივ აღინიშნება კლდისა და ნუნატაკის შვერილები. შესაძლებელია გასული იყოს მყინვარული ფარის საზღვრებიდან და გადაკვეთოს კიდურა მაღლობები. ზღვის აუზებში ჩადინებისას შეუძლია კვებოს შელფური მყინვარი ან აისბერგებად დაიშალოს.
ყინულის ნაკადი – „ზღვის“ ყინულოვანი ფარის ყინულის აჩქარებული მოძრაობის ზოლისებრი მონაკვეთი, რომელიც ყინულოვან ნაპირებზე მიედინება, მაგრამ, ჩვეულებრივ, მიჰყვება სარეცლის ხეობისმაგვარ დაქვეითებას. ზღვის აუზში ჩადინებისას შეუძლია კვებოს შელფური მყინვარი ან აისბერგებად დაიშალოს.
შელფური მყინვარი – თითქმის ჰორიზონტალური ზედა და ქვედა ზედაპირის, მნიშვნელოვანი სისქის (ასობით მეტრის) და დიდი ჰორიზონტალური განფენილობის მქონე მცურავი მყინვარი. იკვებება თოვლის აკუმულაციის, ხმელეთიდან ყინულის მოდინების, ქვემოდან ზღვის წყლის მიყინვის ხარჯზე. ჩვეულებრივ აქვს თავისუფალი კიდე (ბარიერი), საიდანაც ტყდება აისბერგები. კიდურა ნაწილში ქვედა ზედაპირზე მიყინვა, ჩვეულებრივ, დნობით იცვლება. განასხვავებენ მის ორ სახეობას: გარე, რომელიც მოსწორებულ ან ამობურცულ ნაპირზეა მიმაგრებული და შიდა, რომელიც რამდენიმე მხრიდან ნაპირებით არის შემოსაზღვრული. შესაძლოა, ერთსაც და მეორესაც კონტაქტი ჰქონდეს ფსკერის აწევასთან.

მყინვარების გეოფიზიკური კლასიფიკაცია

ეს კლასიფიკაცია ითვალისწინებს მყინვარების გეოგრაფიულ და კლიმატურ მდგომარეობას, მათ ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულში წყლის შემცველობას. ამასთან თბილ ყინულში იგულისხმება დნობის ტემპერატურის მქონე ყინული, რომელიც თხევადი წყლის გარკვეულ რაოდენობას შეიცავს, ხოლო ცივში – დნობის ტემპერატურაზე ნაკლები ტემპერატურის მქონე ყინული.

პოლარული ყინულები (ცივი მყინვარები):
მაღალპოლარული და ძლიერად კონტინენტური მყინვარები, სრულიად ცივი და სრულიად მშრალი.
უფრო დაბალი განედების და ზომიერი განედების კონტინენტური რეგიონების მყინვარები, სრულიად ცივი – ზამთარში და ხანმოკლედ, სუსტი ზედაპირული ტენიანობით – ზაფხულში.
სუბპოლარული მყინვარები (გარდამავალი მყინვარები):
წინა ქვეტიპის მსგავსი, მაგრამ სარეცელს მყინვარის ცენტრალურ ნაწილში აქვს თბილი ყინულის თხელი ფენა.
მაღალმთიანი მყინვარები, აკუმულაციის არეში შედგება ცივი და მშრალი, ხოლო აბლაციის არეში – თბილი და ტენიანი ყინულისგან.
მაღალი განედების მყინვარები ზღვის კლიმატის რაიონებში, აკუმულაციის არეში შედგება თბილი, აბლაციის არეში – ცივი ყინულისგან.
სუსტად კონტინენტური მყინვარები, აკუმულაციის არეში ზედა ფენა ცივი ყინულისაა, ხოლო ქვედა – თბილი ყინულის, აბლაციის არეში კი მთლიანად ცივი ყინულისგან შედგება.
ზომიერი მყინვარები – ზღვის კლიმატის მქონე რაიონებში, თბილი და ტენიანია მთელ სისქეში.

ფლორა და ფაუნა

დაბალი ტემპერატურების გამო მყინვარებისა და გლეტჩერების ფლორა და ფაუნა არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. თუმცა აქაც შესაძლებელია მკაცრ პირობებთან შეგუებული სახეობების პოვნა. მათ შორის არის გლეტჩერული რწყილი (Desoria glacialis)

საქართველოს მყინვარები

საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარები თავმოყრილია მხოლოდ კავკასიონის ფარგლებში. მათი რიცხვი ამჟამად 786 აღწევს, ხოლო საერთო ფართობი - 555.88 კმ²-ს. მყინვარების წარმოშობა და მოძრაობა განპირობებულია რელიეფის ნაირგვარობით და ატმოსფერული პროცესების თავისებურებებით. ანტიკავკასონზე, საქართველოს ფარგლებში, ნამდვილი მყინვარები ამჟამად არ არსებობს. კავკასიონის მთავარ წყალგამყოფზე მუდმივი თოვლის ხაზი სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს: დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე 2800-2900 მ-ზეა, უკიდურეს აღმოსავლეთში იგი 3600 მ-მდე ადის, რაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ნალექების შემცირებასა და ჰავის კონტინენტურობის ზრდასთან არის დაკავშირებული.

ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე არის მუდმივი ფირნის მინდვრები, რომლებიც „კლიმატურად გაუმართლებელი მყინვარების“ ტიპს მიეკუთვნებიან, მდებარეობენ მუდმივი თოვლის საზღვარზე ერთი კილომეტრით დაბლა და საზრდოობენ ქარის მიერ ჩამოხვეტილი თოვლით. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი მთლიანი გამყინვარებით განირჩევა იმ უბანზე, რომელიც მდინარე ბზიფის სათავეებიდან მამისონის უღელტეხილის მიდამოებამდე აღწევს. ამ უბნის დასავლეთით და აღმოსავლეთით ამ ქედებზე მხოლოდ მყინვართა განცალკევებული ჯგუფები არსებობენ. კავკასიონის ჩრდილოეთ გვერდით ქედზე და ტოტებზე ფართოდ არის წარმოდგენილი მყინვარები და მუდმივი თოვლი, რაც საქართველოს ფარგლებში გამოხატულებას პოვებს ხოხისა და პირიქითის ქედებზე, აგრეთვე ყუროს, შავანის, კიდეგანისა და ხევსურეთის მერიდიანულ ქედებზე.

კავკასიონის სამხრეთ გვერდით ქედებზე მნიშვნელოვანი გამყინვარება გამოხატულია სვანეთის ქედზე, სადაც ათობით დიდი თუ პატარა მყინვარია თავმოყრილი. ნაკლები სიდიდის მყინვარები გვხვდება კოდორის, ეგრისისა და ლეჩხუმის ქედებზე, კიდევ უფრო ნაკლები კი ბზიფისა და ჩხალთის ქედებზე. კავკასიონის გამყინვარება ალპურ ანუ მთიურ ტიპს მიეკუთვნება.

საქართველოს ცალკეულ მდინარეთა აუზთა შორის ყველაზე ვრცელი გამყინვარება ახასიათებს მდინარე ენგურის აუზს. მყინვარები არათანაბრადაა განლაგებული მდინარეთა აუზებს შორის. მნიშვნელოვანია მდინარეების რიონის, კოდორის, ბზიფის, ცხენისწყლის, ლიახვის, თერგისა და პირიქითა ალაზნის აუზებში არსებული მყინვარები. მათი უდიდესი ნაწილი – 85% მოდის თერგის, კოდორის, რიონისა და ენგურის აუზებზე.

ენგურის აუზისთვის დამახასიათებელია გამყინვარების მეტი სიძლიერე. ენგურის აუზში ვრცელდება საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი მყინვარები: ლეხზირი, წანერი, ტვიბერი, უშბა, ადიში, შხარა, ენგური და სხვ. რიონის აუზში აღსანიშნავია ედენას, კირტიშოსა და ზოფხიტოს მყინვარები. აღმოსავლეთ კავკასიონზე მძლავრი გამყინვარების კერაა მდინარე თერგის ზემო დინების აუზი, სადაც ჩამოწოლილია ძირითადად დაკიდული და დაკიდულ-ხეობური ტიპის მყინვარები: დევდარაკი, გერგეტი და სხვ.

მთის მდინარეების ჩამონადენის ფორმირებაში მყინვარებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. მყინვარული საზრდოობის მდინარეთა რეჟიმისითვის ნიშანდობლივია წყალდიდობა ზაფხულის პერიოდში, სადაც მაღალმთიანეთში თოვლი და ყინული ინტენსიურ დნობას განიცდის. ყველაზე მეტი მყინვარი მდინარე ენგურის აუზშია (289 მყინვარი). მეორე ადგილზეა მდინარე კოდორის აუზი, სადაც ჩამოწოლილია 160 მყინვარი, მესამე ადგილზე კი რიონის აუზია, სადაც ეშვება 112 მთის მყინვარი. მდინარეების კოდორის, არაგვისა და ასას აუზებში ყველაზე ცოტა მყინვარია ჩამოწოლილი.

მთის მყინვარები საუცხოო სილამაზის გამო მრავალ ტურისტს იზიდავს. საქართველოში მყინვარები განსაკუთრებული სილამაზით სვანეთში გამოირჩევა.

საქართველოში გვხვდება მყინვარების სამი მორფოლოგიური ტიპი: ხეობური, კარული და დაკიდული. გამოიყოფა ასევე ხეობის რთული და მარტივი, კარულ-ხეობური, დაკიდულ-ხეობური და კარულ-დაკიდული ტიპის მყინვარები. ყველაზე მეტად გვხვდება კარული ტიპის მყინვარები. დაკიდული ტიპის მყინვარები მხოლოდ მყინვარწვერის კალთებზეა ჩამოწოლილი. მაგ., საქართველოს უდიდესი მყინვარი ლეხზირი წარმოადგენს ჯვრისებრი ფორმის ხეობის ტიპის მყინვარს, ხოლო დიკლო კარული ტიპის მყინვარს.

 

მეოთხეული გლაციოჰიდროლოგია
გამყინვარების პერიოდი
მყინვარული ქარი
შელფური მყინვარი
თოვლის ხაზის დეპრესია
სერჯი
ყინულსატევი
ყინულის ენა