saqarTvelos buneba - kavkasia

 

კავკასია - (ინგ. Caucasus) (რუს. Кавказ)

ვრცელი ბუნებრივი რეგიონია შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს შორის. იგი შემოსაზღვრულია კუმა-მანიჩის ღრმულით (ჩრდილოეთი), ირანით და თურქეთით (სამხრეთი), ყუბანის შესართავით (დასავლეთი) და აფშერონის ნახევარკუნძულით (აღმოსავლეთი).

ტერიტორია

კავკასიის ფართობი დაახლოებით 440 ათასი კვ. კმ-ია, სადაც 30 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი კავკასიონს ჩრდილოეთ კავკასიად (იმიერკავკასიად; ფართობი 250 ათ. კმ2) და ამიერკავკასიად (ფართობი 190 ათ. კმ2). ბუნებრივი პირობების მიხედვით განასხვავებენ აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონს, რომელთაგან პირველი მოიცავს აზოვისა და შავი ზღვის აუზს, მეორე - კასპიის ზღვის აუზს. ქედი ამასთანავე წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისა. გეოგრაფიულად კავკასიას ეკუთვნის ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, როსტოვის ოლქისა და ყალმუხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილი.

ბუნება

კავკასიის რეგიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან. თბილი ზღვებისა და ყინულოვანი მთების ასეთ სიახლოვეს სხვაგან იშვიათად ნახავთ.

რელიეფი

კავკასიის ზედაპირის აბსოლუტურისიმაღლე ცვალებადობს 28 მ-დან 5642მ-მდე. კავკასიის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უჭირავს მაღალ მთებსა და ზეგნებს. ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: ამიერკავკასიის ვაკე, კავკასიონი, ამიერკავკასიის ბარი, მცირე კავკასიონითალიშის მთებისამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი.

გეოლოგიური აგებულება

კავკასია შედის ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყელში და იყოფა 4 ძირითად ტექტონიკურ ზონად: იმიერკავკასიის ახალგაზრდა ბაქანი, კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი, რიონ-მტკვრის მთათაშუა როფი და მცირე კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი.

იმიერკავკასიის ბაქანს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში საფუძვლად უდევს უკრაინის კამბრიულისწინა კრისტალური მასივის შვერილი, დანარჩენ უდიდეს ნაწილში - შუაოალეოზოური ნაოჭა ფილაქანი. ბაქანზე დანალექი საფრის დაგროვება შუაიურული ეპოქიდან მიოცენის ბოლომდე გრძელდებოდა. მიოცენის ბოლოს (სარმატულ საუკუნეში) აზევდა სტავროპოლის მაღლობი, რის შედეგადაც იმიერკავკასია ყუბან-აზოვისა და თერგ-კუმის დაბლობებად გაიყო.

კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთი კალთა წარმოადგენს ახალგაზრდა აზევებებში ჩართულ იმიერკავკასიის ბაქნის კიდეს. გვერდითი ქედი ჰერვინული დანაოჭების ინტენსიური გამოვლინების ზონაა. მთავარ ქედზე გაშიშვლებულია ბაიკალურ-ადრეულჰერცინული მეტამორფული კომპლექსი ჰერცინული ასაკი გრანიტის ინტრუზივებით. ძველი გრანიტულ-მეტამორფული წარმონაქმნები შეცოცებულია კავკასიონის სამხრეთ კალთის მეზოზოურ წყებებზე. მდინარე ფშეხის სათავეებს დასავლეთით და მდინარე თერგის აღმოსავლეთით ძველი კრისტლური კომპლექსი დაძირულია ლიას-დოგერის თიხოვან-ფიქლოვანი სქელი ფორმაციის ქვეშ, რომელიც კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში ღერძულ ანტიკლინორიუმს ქმნის. ლიას-დოგერის წყება დაფარულია იზოკლინურად დანაოჭებული ზედაიურულ-ეოცენური ფლიშით. ჩრდილოეთ კალთაზე და სამხრეთ კალთის დასავლეთ ნაწილში ფლიშს ენაცვლება კირქვები.

რიონ-მტკვრის მთათაშუა როფის და მცირე კავკასიონის მეგანტიკლინორიუმის საფუძველია ჰერცინული გრანიტოიდებით გარღვეული ზედაკამბრიულისწინა ქვედაკამბრიული მეტამორფული კომპლექსი. იგი გაშიშვლებულია ძირულის, ხრამის, ლოქის, არზაქანისა და მეღრის მასივებზე. მთათაშუა როფს ძირულის მასივი (ლიხის ქედი) ზედაპალეოგენურ-ანთროპოგენური მოლასური ნალექებით ამოვსებულ რიონისა (დასავლეთი) და მტკვრის (აღმოსავლეთი) ღრმულებად ყოფა.

მცირე კავკასიონი და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი ჰეტეროგენული აგებულებისაა. ცარცულ-პალეოგენური ნალექებით აგებულ მესხეთ-თრიალეთის სისტემას სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ცვლის იერული და ცარცული ვულკანოგენურ-კარბონატული ნალექებით აგებული ლოქ-ყარაბაღის ზონა. სევან-ჰაქერის ღერძულ ზონაში ფართოდ არის განვითარებული ულტრაფუძე ინტრუზივები, სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთზე - ახალგაზრდა ლავები (ახალქალაქის პლატო, გერამის, ვარდენისის ქედები და სხვა).

კავკასია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. ტყვია-თუთიის საბადოებია ჩრდილოეთ ოსეთსა და საქართველოში, სპილენძისა და მოლიბდენის - ყაბარდო-ბალყარეთსა და სომხეთსი, რკინისა - აზერბაიჯანში, იქვეა ალუნიტებუიც, მანგანუმისა და ქვანახშირისა - საქართველოში, ნავთობ-აირისა - აზერბაიჯანში, ჩაჩნეთ-ინგუშეთში, დაღესტანში, კრსნოდარისა და სტავროპოლის მხარეებსა და აღმოსავლეთ საქართველოში. კავკასია მდიდარია აგრეთვე მინერალური წყლებით, საშენი მასალითა და სხვა.

ჰავა

კავკასია მდებარეობს ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის სარტყლების საზღვარზე. კავკასიონი მნიშვნელოვანი კლამატგამყოფია. იგი აბრკოლებს ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების გავრცელებას სამხრეთისკენ, ხოლო სამხრეთის თბილი ჰაერისას - ჩრდილოეთისკენ და მკვეთრ კლიმატურ კონტრასტს ქმნის ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიას შორის. იანვრის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთ კავკასიაში - 2,-5 °C, დასავლეთ ამიერკავკასიაში (კოლხეთის დაბლობი) 4,5-6 °C, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (მტკვარ-არაქსისა და ლენქორანის დაბლობები) 1-3,3 °C. ზაფხულობით ტემპერატურული კონტრასტი ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიას შორის მცირდება, დასავლეთ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიას შორის კი შესამჩნევია. ივლისის საშუალო ტემპერატურა კავკასიის დასავლეთ ნაწილში 23-24 °C, აღმოსავლეთ ნაწილში 25-29 °C. დასავლეთ იმიერკავკასიის ჰავა ზომიერი კონტინენტურია (სტეპური), აღმოსავლეთ იმიერკავკასიისა უფრო კონტინენტური და მშრალი (ნახევარუდაბნოსი). კოლხეთში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის რბილი ზამთარი და უხვი ნალექი (1200-1800 მმ და მეტი წელიწადში). ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა ლენქორანის დაბლობზეც (ნალექები დაახლოებით 1200 მმ-მდე წელიწადში), თუმცა ზაფხულის დასაწყისი აქ მშრალი იცის. მტკვარ-არაქსის დაბლობის ჰავა მშრალი სუბტროპიკულია (ნალექები 200-400 მმ წელიწადში, აღმოსავლეთ ნაწილში 200 მმ-ზე ნაკლებიც), ზამთარი რბილია, ზაფხული ცხელი, მსგავსი ჰავაა არაქსის შუა დინების ქვაბულსა და სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთშიც.

მთიანი რელიეფის გამო კავკასიას სიმაღლებრივი კლიმატის ზონალურიბა ახასიათებს. ნალექები დიდი რაოდენობით (2500 მმ-მდე, ზოგან 4000 მმ-მდე) მოდის დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ნალექების მაქსიმალური 4519 მმ მოდის მთა მტირალაზე (მესხეთის ქედი). კავკასიონის კალთებზე 2000მ სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურაა - 8 °C, აგვისტო 13 °C. უფრო მაღლა სუბალპური, ალპური და ნივალური სარტყლებია. შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე (ნოვოროსის - გელენჯიკის რაიონში) ხმელთაშუა ზღვის ჰავაა, იცის ნოტიო ზამთარი და მშრალი ზაფხული.

მცირე კავკასიონის შიგა კალთების ჰავა ჰგავს კავკასიონის მოპირდაპირე კალთების შესაბამისი სარტყლების ჰავას. ტენიანობა აქაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კლებულობს. თალიშის ქედის კალთებზე ნოტიო ჰავაა. წელიწადში 1700 მმ ნალექი მოდის. სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის შიგა ნაწილში (სომხეთი) ჰავა უფრო კონტინენტურია, ვიდრე კავკასიონის ამავე სიმაღლის კალთებზე. აქ 2000 მ სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურა - 12 °C, ივლისის 18 °C; თოვლის საფარი 4-5 თვეს დევს. ნალექები 450-550 მმ წელიწადში, ჩრდილოეთ ნაწილში 600-700 მმ. 2200-2300 მ ზევით გაბატონებულია მაღალი მთის ნოტიო ჰავა გრილი ზაფხულით და ხანგრძლივი ცივი ზამთრით.

გამყინვარება

მყინვარები ძირითადად თავმოყრილია კავკასიონზე, განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში. კავკასიონზე 2200-მდე მყინვარია (ჩრდილოეთ კალტაზეა დაახლოებით 70%), რომელთა ფართობი 1430კმ2. ჩრდილოეთი კალთის ძლიერი გამყინვარება განაპირობა ექსპოზიციამ, ოროგრაფიულმა პირობებმა და სამხრეთ კალთიდან ჩრდილოეთ კალტაზე თოვლის გადახვეტამ ქარბუქის დროს. ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიონზე გამყინვარება უფრო მძლავრია, ვიდრე აღმოსავლეთ კავკასიონზე, რაც გამოწვეულია აღმოსავლეთისკენ ჰავის კონტინენტურობის ზრდით. უდიდესი მყინვარები თავმოყრილია ცენტრალურ კავკასიონზე (ჩრდილოეთ კალთაზე დიხსუ, ბეზენგი, ყარაუგომი; სამხრეთისაზე ლეხზირი, ტვიბერი, წანერი). გამყინვარების მძლავრი კერებია: იალბუზი და მყინვარწვერი. პატარა მდინარეებია მცირე კავკასიონზე არაგაწის მთაზე და ზანგეზურის ქედზე.

მთავარი მდინარეებია: მტკვარი (1364 კმ), ყუბანი (906), კუმა (802), თერგი (623), რიონი (327).

მცენარეულობა

კავკასიის მცენარეული სამყაროს მრავალფეროვნებას განაპირობებსმის ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორთა სხვადასხვაგვარობა და გეოლოგიური წარსული. კავკასიის მცენარეულობა თავისი შემადგენლობით ჰგავს ევრაზიისა და აფრიკის რეგიონთა მცენარეულობას. გვხვდება სხვადასხვა გეოლოგიური ასაკის მცენარეული ფორმაციაც, მათ შორის მესამეული ხანის რელიქტური ტყეების, უძველეს ხმელთაშუაზღვისპირეთის მთის ქსეროფიტებისა და სხვა მცენარეულობის ტიპები, რომლებიც ზონალურად შემდეგნაირადაა განლაგებული: აღმოსავლეთ იმიერკავკასიაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიის დაბლობებსა და მთისწინეთში, ნაწილობრივ, 1000-1400 მ სიმაღლის ქვესარტყელში, უდაბნო და ნახევარუდაბნოა.

უდაბნოში ძირითადად იზრდება აბზინდა ანუ ავშანი, მლაშობურები და სხვა. სამხრეთ ამიერკავკასიაში თავისებური ღორღიანი უდაბნოა (ე. წ. ჰამადა) ვიწროფოთოლა ფარსმანდუკითა და სხვა. ნახევარუდაბნოში აბზინდასთან ერთად ხარობს წივანა, კაპუეტა, ვაციწვერა, ურო და სხვა. ველი (სტეპი) გავრცელებულია დასავლეთ იმიერკავკასიის ბარში, კავკასიონზე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთისწინეთსა და მცირე კავკასიონზე 2600 მ სიმაღლემდე. აქ ხარობს ვაციწვერა, წივანა, კეწეწურა, ქსეროფილური ისლები, ნაირბალახები და პარკოსნები. უფრო ხშირია ნაირბალახოვან-ვაციწვერიანი, წივანიან-ვაციწვერიანი და წივანიანი ველები. ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინეთში, სტეპისა და ფოთლოვანი ტყის სასაზღვრო ზოლში ლანდშაფტურად გამოსახულია ტყე-სტეპი. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთისწინეთში თავისებურია უროიანები, უროიან-ვაციწვერიანები და სხვა. მთის სტეპი (1800-2600 მ სიმაღლემდე) მეტწილად წივანიან-წურწუმიანი და ვიწროფოთოლა ვაციწვერიანია. შედარებით უფრო ტენიან პირობებში ვითარდება ნაირბალახოვანი სტეპი - მდელოსტეპი. ზოგან (3000 მ სიმაღლემდე) ზონალურად მთის სტეპებთან შეთავსებულია ნარეკლიანები (ფრიგანა) - მთის ქსეროფილური მცენარეულობა: გლერძიანები, ზღარბიანები, ესპარცეტიანები, ურციანები, ბეგქონდარიანები და სხვა. ამავე სარტყელშია ქსეროფილური მეჩხერი ტყეები (ნათლი ტყეები, არიდული მეჩხერი ტყეები) ღვიითა და ფოთლოვანი ჯიშებით (ბერყენა, აკაკი, სარკმლის ხე და სხვა), აგრეთვე ჯაგელიანი ბუჩქნარი (შიბლიაკი). კავკასიის დიდი ნაწილი (მთიანეთი ტყიანია. ტყეები გავრცელებულია დაბლობიდან 2700 მ სიმაღლემდე. დაბლობის ტყეების მთავარი მასივები, უმეტესად მუხნარები, გავრცელებულია კოლხეთში (იმერული მუხის მუხნარები); აქ ხშირია დაჭაობებული მურყნარები ლიანებითა და ხშირად მარადმწვანე ქვეტყით; მდინარეთა ნაპირებზე - ლაფნიან-მურყნარები, რომლებშიც სხვა ფოთლოვანი ჯიშებიცაა შერეული.

თალიშის დაბლობის ტყეებისთვის დამახასიათებელია ლენქორანული ხერკინა, წაბლფოთოლა მუხა, ჰირკანული ძელქვა, პირკანული ვერხვი და სხვა; მდინარისპირა ტყეებისათვის - ჰირკანული მურყანი, ლაფანო, ჰირკანული ბოკვი და სხვა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ბარის სხვა დაბლობ ტყეებში გაბატონებულია ჭალის მუხა, რომლის თანადომინანტებია:ალაზან-აგრიჩაის ვაკეზე - ჩვეულებრივი მურყანი, ლაფანი, ჩვეულებრივი და თუთუბოფოთოლა იფანი, ზოგან ჰირკანული ბოკვი, თელა და სხვა, კასპიისპირა კავკასიონზე (ჩრდილოეთი აზერბაიჯანი, სამხრეთი დაღესტანი) - შებუსვილი მუხა. მდინარისპირა ტყეებში (ჭალის ტყე, ტუგაი), რომლებიც ინტრაზონალურად მოქცეულია ამიერკავკასიის უდაბნოს სარტყელში, ჭალის მუხის გარდა ხარობს ხვალო, თელა, ტირიფი, სოსნოვსკის ოფი და სხვა. იმიერკავკასიის ჭალის ტყეებს კი ქმნიან ყუნწიანი მუხა, თეთრი ხვალო, ოფი და სხვა.

კავკასიისთვის უნიკალურია სამხრეთ ამიერკავკასიის აღმოსავლური ჭადრის ჭალის ტყე. ჭალის ტყეებს თან ახლავს ლიანები (ეკალღიჭი, ღვედკეცი, კატაბარდა და სხვა). დასავლეთ ამიერკავკასიის მთის ქვესარტყელში, ნაწილობრივ მთისწინეთისა და შუა სარტყელში, 200-დან 1200 მ სიმაღლემდე გავრცელებულია რელიქტური კოლხური ტყე - მრავალდომინანტური შერეულფოთლოვანი ტყე, სადაც ხარობს წაბლი, აღმოსავლური წიფელი, კოლხური და ქართული (უფრო ნაკლებად) მუხა, კავკასიური რცხილა, ჩვეულებრივი მურყანი და სხვა. ა, ტყის თავისებურებაა აგრეთვე მარადმწვა ქვეტყე (შქერი, წყავი, ბაძგი) და ლიანები (კოლხური და ჩვეულებრივი სურო და სხვა). წაბლნარები გვხვდება უმთავრესად მთის ქვესარტყელში, ზოგან უფრო დაბლაც, ხოლო ამავე მთისწინეთში კოლხური მუხნარები (იმერული, კოლხური და, ნაწილობრივ, ქართული მუხა); კირქვებზე ჯაგრცხილნარ-მუხნარებია; აფხაზეთში განსაკუთრებულია მანანიანი მუხნარები. ასეთივე რელიქტური შერეულფოთლოვანი ჰირკანული ტყეებია თალიშის მთების ქვესარტყელშიც, 600 მ სიმაღლემდე. ამ ტყეებში ხარობს წაბლფოთოლა მუხა, ლენქორანული ხერკინა, ძელქვა, რცხილა, წიფელი, კასპიური ტყემალი და სხვა. სამხრეთ ნაწილის ტყეებში - ლენქორანული ალბიცია და კასპიური გლედიჩია. მარადმწვაბე ქვეტყეში ჰირკანული თაგვისარა, იშვიათად, ჰირკანული ბაძგი და სხვა. შუა სარტყელში, 1300 მ სიმაღლემდე, გაბატონებულია წაბლფოთოლა მუხის მუხნარები, რომელსაც სარტყლის ზედა ზოლში განსხვავებული ექსპოზიციის ფერდობებზე ენაცვლება წიფლნარები, უფრო მაღლა - ქართული მუხის მუხნარები.

აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა მხარეში და კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ქვედა, ზოგან კი შუა სარტყელშიც (400-1600 მ) ფიტოლანდშაფტს ქმნის მუხნარები, რცხილნარები, ჯაგრცხილნარ-მუხნარები და სხვა. სარტყლის ზედა ხელში მუხნარებთან მორიგეობენ წიფლნარები.

ამიერკავკასიის მთისწინეთში ძელქვა და მუხა ქმნიან მუხნაძელქვიანებს, ზოგან კი ძელქვის წმინდა კორომებია. თითქმის მთელ კავკასიაში (სამხრეთ ამიერკავკასიის და კავკასიონის აღმოსავლეთ რაიონების გარდა), 600-2000 მ სიმაღლეზე გავრცელებულია წიფლნარები, რომელთა ზონალურობა კარგად არის გამოსახული მთის შუა და ზედა სარტყელში, თუმცა კოლხეთში წიფელი (სხვა ჯიშებთან შერეული ან მცირე კორომებად) ბარშიც იზრდება.

დასავლეთ ამიერკავკასიაში ხშირია წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყით, ხოლო კავკასიის სხვა ნაწილში - ბალახოვანი და მკვდარი საფრით. ზოგან 800-1500 მ სიმაღლეზე მუხნარებთან დაკავშირებულია უთხოვრიანები და წიფლნარ-უთხოვრიანები; ამავე სარტყელში მცირე რაოდენობით გვხვდება წალნარები და წიფლნარ-წაბლნარები.

მუქწიწვოვანი ტყეები - ნაძვნარი (აღმოსავლური ნაძვისა) და სოჭნარი (კავკასიური სოჭისა) ხშირად წიფლის თანადომინანტობით, მარადმწვანე ქვეყტითა და ბალახოვანი საფრით გავრცელებულია დასავლეთ ამიერკავკასიაში, კავკასიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში (დაახლოებით მანგლისის მერიდიანამდე), 100 მ-იდან (კოლხეთში უფრო დაბლაც) 2100 მ სიმაღლემდე. აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიაში ეს სარტყელი შენაცვლებულია მუხნარებით და წიფლნარებით. ფიჭვნარებს ქმნის 5 სახეობის ფიჭვი: შავი ზღვის სანაპიროზე 400 მ სიმაღლემდე ალაგ-ალაგ მცირე კორომებს ქმნიან ყირიმული და ბიჭვინთის ფიჭვები; სამხრეთ აჭარაში - მცირეაზიური (კოხის) ფიჭვი (ქართული და აქა-იქ ჭოროხული მუხების თანადომინანტობით); ცენტრალურ ამიერკავკასიაში 600 მ სიმაღლემდე იზრდება ელდარის ფიჭვის მეჩხერი ტყე; კავკასიაში (უმთავრესად კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე) 1000-2000 მ სიმაღლეზე თითქმის ყველგანაა კავკასიური (სოსნოვრის) ფიჭვის ტყეები. ტყის სარტყელში ხეობებში შერეულფოთლოვანი ტყეებია. მთის ტყის სარტყლის ზემოთ (1700-2300 მსიმაღლეზე) სუბალპური მცენარეულობაა: ტანბრეცილი და მეჩხერი ტყეები, ბუჩქნარები, მაღალბალახეულობა და მდელოები. სუბალპური ტყეებია უმთავრესად ტანბრეცილი წიფლნარები და არყნარები, მეჩხერი ტყეები (აღმოსავლური მუხის და მაღალმთის ბოკვისა), აგრეთვე ხშირია ფიჭვნარი და სოჭნარი, ხოლო კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ღვიიანებიც გვხვდება. სუბალპური ბუჩქნარები ძირითადად დეკიანები და იელიანებია, ბევრგან ტირიფიანებიც. დასავლეთ კავკასიაში - აგრეთვე შქერიანები და თხილიანები, აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში ქონდარა ღვიიანები. კავკასიის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული სუბალპური მაღალბალახეულობა, რომელიც აღმოსავლეთ და სამხრეთში მცირდება და ღარიბდება ფლორისტიკულად. სუბალპური მდელოები მოიცავს ნამიკრეფიანებს, ბრძამიანებს, ძიგვიანებს, წივანიანებს, ისლიანებს, მარცვლოვან-ნაირბალახოვნებს, ნაირბალახოვნებს და სხვა.

ალპური მცენარეულობა (დეკიანები, ჭრელწივანიანები, ძიგვიანები და სხვა) გვხვდება 2200-3100 მ სიმაღლეზე. დიდი ფართობი უკავია გაძოვების შედეგად წარმოქმნილ მეორეულ ხალებს (მარმუჭიანები, ფესვმაგარიანები და სხვა); 2200-2700 მ სიმაღლეზე დამახასიათებელია ნაირბალახოვან-მარცვლოვნიანი და მარცვლობნიანი მდელოები, კოლხეთის კიქვებზე - ენდემური ისლიანგეუმიანები. 2700-3100 მ სიმაღლეზე კი ძირითადად ალპური ხალებია, კორდოვანი ისლიანები, წივანიანები, კობრეზიანები და სხვა. სუბნივალურ სარტყელში (3100-3600 მ სიმაღლეზე) შეკრული მცენარეული საფარი აღარ არის, მას ეკარგება ლანდშაფტური მნიშვნელობა, თუმცა გვხვდება ზედა ალპური მცენარეულობის ფრაგმენტები; მცენარეთა განლაგება აქ მეჩხერ-ჯგუფურია; მთელი რიგი მიკროფიტოცენოზებისა შექმნილია ენდემური გვარებით. ნივალურ სარტყელში (4000 მ-ზე მაღლა), სადაც შიშველი კლდეების, მარადი თოვლისა და მყინვარების ლანდშაფტია, იზრდება ყვავილოვანი მცენარეების 15-20 სახეობა.

მცენარეული ტიპების მთელი რიგი ინტრაზონალური ხასიათისაა. მაგ., ჭაობისა და წყლის მცენარეულობა გავრცელებულია დაბლობიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე. კასპიისზღვის პირეთის დიუნების მცენარეულობა შუა აზიის ქვიშიანი უდაბნოების მცენარეულობის მსგავსია (ე. წ. ლიტორალური უდაბნო). აქ იზრდება ლეიმუსი, ქვიშიანის აბზინდა, სპარსული ხვართქლა და სხვა. მისგან განსხვავებით შავი ზღვის რიყის - ქვიშიან-ქვიშიანი პლაჟის (ლიტორალის) მცენარეულობა სანაპიროს რძიანით, ზღვისპირული ნარით, ყაყანურით, ზღვისპირული შროშნით, კოლხური ისლით და სხვა.

ცხოველთა სამყარო

კავკასიაში ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული,შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. ძუძუმწოვრებიდან ენდემურია 2 სახეობის ჯიხვი (დასავლეთ კავკასიური და დაღესტნური). ენდემურია აგრეთვე ალპური მდელოების ბინადარი პრომეთეს მემინდვრია. სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპური მდელოებზე - ნიამორი და არჩვი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში - საიგა; ტყეებში მრავლადაა ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კავკასიის სამხრეთ ნაწილში ალაგალაგ გვხვდება ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, ხოლო თალიშის მთებში - მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავაკგანაა წყლის მემინდვრია, ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი. მრავალადაა კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა, მწერიჭამიებიდან - თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა.

ფრინველებიდან ენდემურია კავკასიური და კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო, კოლხური ხოხობი, შანთვალა ჩხიკვი. ბევრგანაა კაკაბი, გნოლი, იშვიათად გვხვდება დურაჯი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გამოსამთრებლად მოფრინავს სავათი და სარსარაკი. მთამაღალზე ბინადრობს მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი, მაღრანი, ალპური მთიულა და სხვა.

ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხმელეთისა და წყლის კუ, გეკონები, ჯოჯო, ხვლიკები, ველის მახრჩობელა, მცურავები, ანკარები, გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ენდემური კავკასიური გველგესლა და სხვა.

ამფიბიებიდან ენდემური კავკასიური ბაყაყი, კავკასიური ჯვრიანა, კავკასიური სალამანდრა (ეკუთვნის ენდემურ გვარს) და სხვა; წყალსატევებში ბევრია კალმახი, მურწა, წერი, შამაია, ხრამული, კობრი, ზოგან ზუთხი,  ორაგული და სხვა. უხერხემლო ცხოველთაგან ბევრია ენდემური სახეობა. კავკასიაში ობობების 1002 სახეობა ბინადრობს.


დროთა განმავლობაში კავკასიის ფაუნა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბევრი სახეობა მოისპო, მაგ., 10 საუკუნის წინ ლომი და კულანი (გარეული ვირი), XVII საუკუნეში - ავაზა, XVIII საუკუნეში - თახვი და ლოსი, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში - კავკასიური დომბა და თურანული ვეფხვი. კავკასიაში აკლიმატიზებულია ნუტრია და ენოტისებრი ძაღლი, ალთაური ციყვი (ჩრდილოეთ კავკასიაში), თელეთური ციყვი, ამერიკული წაულა (საქართველო, აზერბაიჯანი), ენოტი (აზერბაიჯანი) და სხვა.

ლანდშაფტები

კავკასიის კანდშაფტი მრავალფეროვანია. იმიერკავკასიის ვაკის ლანდშაფტები მიეკუთვნება ზომიერ სარტყელს, ამიერკავკასიის სუბტროპიკულს. იმიერკავკასიის დასავლეტ და შუა ნაწილში გაბატონებული სტეპური ლანდშაფტი, რომლებიც სტავროპოლის მაღლობზე, კავკასიის მინერალური წყლების რაიონში, სუნჯის ქედის დასავლეთნაწილსა და კავკასიონის მთისპირა ვაკეებზე ტყესტეპურ ლანდშაფტში გადადის. კარბონატული და გამოტუტული ნოყიერი შავმიწანიადაგიანი სტეპი თითქმის მთლიანად დახნულია. ტყესტეპში და კავკასიის მინერალური წყლების რაიონის მთის კალთებზე ფართოფოთლოვანი ტყეების (წიფელი, რცხილა, მუხა, იფანი). აღმოსავლეთ იმიერკავკასიაში აბზინდიანი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია ღია წაბლა ნიადაგით. თერგისა დასულაკის დელტაში - ლია-ლელიანების, ჭაობისა და მდელოს ლანდშაფტებია.

მტკვარ-არაქსის დაბლობზე და აფშერონის ნახევარკუნძულზე გავრცელებულია აბზინდიანი, ჭანგიანი და ეფემერული სუბტროპიკული ტიპის ნახევარუდაბნოს ლანდშაფტები. აქ რუხ, მდელოს რუხ, რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე მოჰყავთ ბამბა და სხვა სარწყავი კულტურები; უხნავი მიწები საზამთრო საძოვრადაა გამოყენებული. კოლხეთისა და ლენქორანის დაბლობებზე ნოტიო სუბტროპიკების ლანდშაფტებია. აქ ვაკის ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია და ადგილი გამოყენებულია სხვადასხვა სუბტროპიკული კულტურის პლანტაციებისა (კოლხეთში) და ბრინჯის (ლენქორანში) ნათესებისათვის. შემორჩენილია მურყნის დაჭაობებული ტყეების ფრაგმენტები, ჭაობის სუბტროპიკული ლანდშაფტები. ჭაობების დიდი ნაწილი ათვისებულია.

კავკასიის მთიან ლანდშაფტებში შემდეგი სიმაღლებრივი ტიპებია: კავკასიონზე მთა-ტყის, მთა-მდელოსი და გლაციანურ-ნივალური; მცირე კავკასიონზე მთა-ტყისა და მთა-მდელოსი; სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთზე - ვულკანური მთა-სტეპისა და მთა-მდელოსი; თალიშის მთებში მთა-ტყისა და და მთა-სტეპის. სუბტროპიკული ტყიანი ლანდშაფტები გავრცელებულია 500-600 მ სიმაღლემდე კავკასიონის, მცირე კავკასიონისა და თალიშის მთბის ძირას; დასავლეთ ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით აჭარა-გურიაში, ტიპობრივი სუბტროპიკული ტყეებია მრავალრიცხოვანი რელიქტებით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით, ქვეტყითა და ლეშამბოთი. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ქსეროფილური სუბტროპიკული ტყეებია; იზრდება მთის ყავისფერ ნიადაგზე. კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთებში გაბატონებულია მთა-ტყის ლანდშაფტები. ამიერკავკასიაში სუბტროპიკული ტყეების ზევით მთა-ტყის ქვედა სარტყელში (თალიშში შუა სარტყელშიც) მუხნარი და რცხილნარია., უფრო მაღლა (თალიშში შუა სარტყელშიც) წიფლნარ-რცხილნარი. კავკასიონისა და მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილების ამავე სარტყელში გავრცელებულია მუქწიწვოვანი ტყეები, კავკასიური ნაძვი და კავკასიური სოჭი („მთის ტაიგა“), ხოლო ცენტრალურ კავკასიონის ჩრდილოეთ კალტაზე და აღმოსავლეთ კავკასიონზე - ფიჭვნარი, ხშირად არყნარით.

კავკასიის მთის ტყეებში ჭარბობს მთის ტყის ყომრალი ნიადაგები. მთის ტყეები იძლევა ძვირფას მერქანს, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან და აწესრიგებს მდინარეთა ჩამოდენის რეჟიმს. მთის შავმიწებზე განვითარებული მთა-სტეპის ლანდშაფტი ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე (დაღესტანი), ააგრეთვე სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთის მაღალ ვაკეებზე, პლატოებსა და სერებზე. კავკასიონის, მცირე კავკასიონისა და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის მთა-მაღალი მთის მდელოს (სუბალპური და ალპური) ლანდშაფტებს უკავია. ყველაზე უფრო კონტინენტურ რეგიონებში მთა-მდელოს ცვლის მდელოსტეპი. სუბალპური სარტყლის ლიხს (მაღალბალახოვანი მდელო) იყენებენ სათიბებად და საძოვრებად, ხოლო მთის მდელოთა ტორფიან ნიადაგებზე განვითარებულ ალპური სარტყლის დაბალბალახიან მდელოებსა და ალპურ ხალებს - საზაფხულო საძოვრებად. ალპური სარტყლის ხედა, სუბნივალურ ქვესარტყელში ნიადაგ-მცენარეული საფარი წყვეტილია, ალაგ-ალაგ კლდეები და ლოდნარია გაშიშვლებული. კავკასიონისა და სამხრეთ კავკასიის მთიანეთის უმაღლეს მთებზე გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტია (მყინვარები, ფირნის ველები და ჭიუხები).

კავკასიაში გვხვდება ლანდშაფტის აზონალური ტიპებიც: კარსტული (კავკასიონის ჩრდილოეთი კალთა, სამხრეთი კალთის დასავლეთი ნაწილი), ვულკანური (იალბუზი, ხევ-მთიულეთის კავკასიონი, სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი), ტალახიანი ვულკანებისა (აფშერონისა და ტამანის ნახევარკუნძულები).

ბუნებრივი ლანდშაფტები დაცულია აჯამეთის, ბაბანეურის, ბაწარის, ბორჯომის, ვაშლოვნის, დილიჯანის, ზაქათალის, ლაგოდეხის, კავკასიის, თებერდის, რიწის, ბიჭვინთის, ყიზილ-აღაჯის და სხვა ნაკრძალებში.

კავკასია ერთ-ერთი საკურორტო რაიონი და ტურიზმისა და ალპინიზმის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. კავკასიის ტერიტორიაზეა კავკასიის მინერალური წყლები და შავიზღვისპირა კურორტების დიდი ჯგუფი ანაპიდან ბათუმამდე.

პოლიტიკური რუკა

ამჟამად კავკასიის ტერიტორია 4 სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს: საქართველო (69,7 კვ.კმ), სომხეთი (29,8), აზერბაიჯანი (86,6), რუსეთი (254,3). თვით რუსეთის ფედერაცია კავკასიაში წარმოდგენილია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებით: კრასნოდარის მხარე (76,0), სტავროპოლის მხარე (66,5), რესპუბლიკები ადიღე (7,6), ყარაჩაი-ჩერქეზეთი (14,1), ყაბარდო-ბალყარეთი (12,5), ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია (8,0), ინგუშეთი (4,6), ჩეჩნეთი (15,9), დაღესტანი (50,3).

მოსახლეობა

ანთროპოლოგიური შემადგენლობა

კავკასიის უძველეს მოსახლეობაში ძირითადად გამოიყოფა ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული, რასობრივი ტიპი. ერთი. რომელსაც ხმელთაშუაზღვისპირულ რასას აკუთვნებენ, მოიცავს იმიერკავკასიის ზოგიერთ დაბლობ რაიონსაც (მაგ. ყუბანის რეგიონი). მას ახასიათებს ვიწრო და გრძელი თავი, ძალზე ვიწრო, მაღალი და მკვეთრად პროფილირებული სახე, დახვეწილი ყვრიმალი, ვიწრო და მკვეთრად გამოხატული ცხვირი, გლუვი რელიეფი და სხვა. ამ ტიპის თანამედროულად ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობ რეგიონებში გავრცელებული იყო მისგან მკვეთრად განსხვავებული ტიპი, რომელსაც ახასიათებდა ზომიერი სიგრძისა და სიგანის თავი, ფართო და ნაკლებპროფილირებული სახე, ზომიერად გამოხატული ყვრიმალი და სხვა.

კავკასიის თანამედროვე მოსახლეობა ანთროპოლოგიურ შემადგენლობაში ძირითადად გამოყოფენ სამ დიდ რასობრივ ტიპს. კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე გავრცელებულია ადიღური ანთროპოლოგიური ტიპი, ამ ტიპისაგან მუქი პიგმენტაციითა და ზოგიერთი სხვა ნიშნით განსხვავდება კავკასიის კასპიისპირეთში გავრცელებული დასავლურ-კასპიური ტიპი. იგი გვხვდება აზერბაიჯანელებსა და დაღესტნელებში. ამ ტიპის ანალოგიური ფორმები შეინიშნება შუა აზიის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ ინდოეთის ევროპეოიდულ მოსახლეობაში. აქ იგი ცნობილია ინდოხმელთაშუაზღვისპირული რასის ინდოპამირული განშტოების სახელით. მესამეა ხენტრალურ კავკასიაში მცხოვრები წინააზიური ტიპი, რომელსაც ახასიათებს მკვეთრად ბრაქიკეფალური თავი, საკმაოდ ფართო, მაგრამ მკვეთრად პროფილირებული სახე, ვიწრო, მაღალი და მკვეთრად გამოხატული ცხვირი, უხვად განვითარებული თმოვანი საფარველი და სხვა. ეს ტიპი გავრცელებულია თანამედროვე ქართველებში, სომხებში, დასავლეთ აზერბაიჯანელებსა და დაღესტნელებში, კავკასიის მთიელთა ჯგუფებში და სხვა. მისი ანალოგიები წინა აზიის თანამედროვე მოსახლეობაში გვხვდება.

კავკასიის თანამედროვე მოსახლეობაში საკმაოდ გარკვევითაა გამოხატული ლოკალური ქვეტიპები, რომლებიც მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ეთნიკური შემადგენლობა

კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ეროვნების ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ), ინდოევროპულ და ალტაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე.

იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შედის ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და დაღესტნურ ენათა ჯგუფები. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია ქართველები, ისინი ცხოვრობენ კავკასიონის შუა ნაწილის სამხრეთ კალთაზე. ამ ოჯახის ენებზე მოლაპარაკე ყველა სხვა ხალხი, აფხაზების გარდა, განსახლებულია კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე.

კავკასიაში მცხოვრებ ხალხთაგან ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედიან რუსები, უკრაინელები, სომხები და ირანის ჯგუფის ხალხები. რუსები ცხოვრობენ სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში, აგრეთვე კავკასიის ყველა მოკავშირერესპუბლიკაში; უკრაინელები კრასნოდარის მხარეში. ჩრხილოეთ კავკასიის რუსი და უკრაინელი მოსახლეობა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ყუბანისა და თერგის კაზაკები.

ინდოევროპულ ოჯახის ცალკე ჯგუფია სომხები. შეადგენენ სომხეთის ძირითად მოსახლეობას, ცხოვრობენ აგრეთვე მთიან ყარაბაღში, საქართველოში (უმთავრესად ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებში) კავკასიის ქალაქებში. ამავე ოჯახის ირანულენოვან ჯგუფს განეკუთვნებიან ოსები (ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი), ქურთები (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი), თათები (აზერბაიჯანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი და დაღესტნის სამხრეთი ნაწილი), თატურ ენაზე მოლაპარაკე მთის ებრაელები (დაღესტანი და აზერბაიჯანი), თალიშები (აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი).

კავკასიაში მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ ბერძნები, ასურელები, მოლდაველები, ესტონელები, მორდველები, კორეელები, ბოშები. კავკასიის მორწმუნე მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებს. მართლმადიდებლები არიან: რუსები, უკრაინელები, ოსების ძირითადი ნაწილი, ქართველებისა და აფხაზების უმრავლესობა, მოზდოკის ყარაბდოელები; მონოფიზიტები - სომხები. დანარჩენი ხალხების დიდი ნაწილი მუსლიმანები იყვნენ, მ. შ. ლეკების მცირე ნაწილი - შიიტები; სხვები და ნაწილობრივ აფხაზები, ოსები და ქართველები (აჭარლები და ინგილოები) სუნიტები. ქართველი და მთიელი ებრაელები აღიარებდნენ იუდაიზმს.

ენობრივი კლასიფიკაციის შესაბამისად კავკასიელი ხალხები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან:

კავკასიური ოჯახის ხალხები:

ალთაური ოჯახის ხალხები:

ინდოევროპული ოჯახის ხალხები:

აფრაზიული ოჯახის ხალხები:

მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობისა, კავკასიელებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, აგრეთვე საერთო ისტორიული ბედი, კულტურებისა და ტრადიციების მსგავსება. კავკასიის ბუნების სილამაზეს, მის მცხოვრებთა ტრადიციებს ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები მიეძღვნა, მათ შორის აღნიშვნის ღირსია: “კავკასია” - ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოები, პუშკინის "კავკასიელი ტყვე", ლერმონტოვის რომანი “ჩვენი დროის გმირი”, ტოლსტოის რომანი “კაზაკები” და “ჰაჯი მურატი”.

ქალაქები

კავკასიელთა ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს. ქალაქელთა ყველაზე დიდი პროცენტია ჩრდილოეთ ოსეთში - 68% და სომხეთში - 66%, ყველაზე ნაკლები - დაღესტანში 39%. სამ კავკასიურ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს (ბაქო, თბილისი, ერევანი), 10 ქალაქში - 200 ათასზე მეტი, 8 ქალაქში - 100 ათასზე მეტი. მნიშვნელოვანი ქალაქებია:

ბაქო (1.757.000), თბილისი (1.264.000), ერევანი (1.215.000), კრასნოდარი (620.000), ჯოხარყალა (გროზნო, 401.000), სოჭი (337.000), ვლადიკავკაზი (320.000), სტავროპოლი (318.000), მაჰაჩყალა (315.000), განჯა (232.000), ნალჩიკი (207.000), გიუმრი (206.000), ქუთაისი (200.000).

კავკასიის ქალაქები გაჩნდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეპოქაში. არსებული ქალაქებიდან ყველაზე ძველია: ერევანი (ცნობილია ძვ.წ. 782 წლიდან როგორც ურარტული ციხესიმაგრე ერებუნი), ქუთაისი (ცნობილია ძვ.წ. მე-6 ს-დან როგორც ლეგენდარული კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი აიას სახელით), ვანი (მცირე ქალაქი დასავლეთ საქართველოში, დიოსკურია (ამჟამინდელი სოხუმი), ფაზისი (ახლა ფოთი), ბარდა (კავკასიის ალბანეთის დედაქალაქი) და სხვა. ჩრდილოკავკასიური ქალაქები საკმაოდ ახალგაზრდები არიან - წარმოიქმნენ მე-17-18 საუკუნეებში, გარდა რამდენიმე ქალაქისა, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობენ.

ეკონომიკა

კავკასია მდიდარია მინერალური რესურსებით: ნავთობი (ბაქო, გროზნო, მაიკოპი), გაზი (კრასნოდარი და სტავროპოლი), რკინა (დაშქესანი), ვოლფრამი და მოლიბდენი (ტირნიაუზი), თუთია და ტყვია (სადონი), მანგანუმი (ჭიათურა). 2005 წელს ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. უახლოეს მომავალში ამოქმედდება აგრეთვე გაზსადენი, რომელიც შუა აზიის რეგიონს კავკასიის გავლით დასავლეთთან დააკავშირებს.

კრასნოდარის და სტავროპოლის რეგიონები ხორბლისა და ბოსტნეულის ძირითადი მწარმოებლები, საქართველოს და აზერბაიჯანის სუბტროპიკული ზონები - ციტრუსების, ჩაის და ყურძნისა. სომხეთი სპეციალიზებულია სამშენებლო მასალების მოპოვებასა და მრეწველობის ზუსტ დარგებზე. რუსთავი და სუმგაითი ახალი ქალაქებია, სადაც საბჭოთა პერიოდში აიგო მეტალურგიული და ქიმიური პროფილის საწარმოები. მთიანი რეგიონები ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებულნი.

შავი ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი პორტებია ბათუმი, ფოთი, ნოვოროსიისკი, საიდანაც ხორციელდება ეკონომიკური ურთიერთობები საზღვარგარეთთან. კავკასიაში მდებარეობს ბევრი ბუნების ნაკრძალი, აგრეთვე საკურორტო ზონა - ჩრდილოკავკასიის მინერალური წყლები (პიატიგორსკი, კისლოვოდსკი), შავიზღვისპირეთი (ანაპასა და ბათუმს შორის) და სხვა. კავკასია ამასთან ერთად არის ტურიზმისა და ალპინიზმის ცენტრი

ისტორიული ცნობა

კავკასია ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი საბინადრო რაიონია. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა ყოფილ სსრკ ტერიტორიაზე პირველი მონათმფლობელური სახელმწიფო ურარტუ. მოგვიანებით შეიქმნა კოლხეთის (ძვ. წ. VI ს.), აირარატისა (ძვ. წ. IV ს.) და იბერიის (ძვ. წ. IV-III სს.) სამეფოები. ძვ. წ. II საუკუნეში წარმოიშვა კავკასიის ალბანეთისა და დიდი სომხეთის სახელმწიფოები.

კავკასია არაერთხელ გამხდარა მომთაბარეთა (სკვითები, სარმატები, ალანები და სხვა) თავდასხმის ობიექტი. ახ. წ. I ათასწლეულში კი იგი ბიზანტიასა და ირანს შორის ხანგრძლივი ომის ასპარეზად გადაიქცა. ამავე ათასწლეულის შუა ხანებში კავკასიაში დამკვიდრდა ფეოდალური ურთიერთობა, გავრცელდა ქრისტიანობა. VII-VIII საუკუნეებში ამიერკავკასია არაბებმა დაიპყრეს. არაბებთან, თურქ-სელჩუკებთან და ბიზანტიელებთან გამუდმებული თავდაცვითი ომების პირობებში ჩამოყალიბდა ორი მსხვილი სახელმწიფო სომხეთი და საქართველო. X საუკუნიდან დაწინაურდა საქართველო, რომელმაც XII-XIII საუკუნეებში კავკასიაში სრულ ჰეგემონობას მიაღწია. XIII საუკუნეში კავკასია დაიპყრეს და ააოხრეს მონღოლებმა.

კავკასია ხშირად ფიგურირებდა ძველ ბერძნულ ლეგენდებში; პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის მთას, იასონი და მისი არგონავტები კოლხებთან ეძებდნენ ოქროს საწმისს. სპარსელები, ხაზარები, არაბები, მონღოლები, თურქები ხშირად ესხმოდნენ თავს რეგიონს, რამაც განაპირობა მისი ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სიჭრელე. რუსეთი კავკასიაში გამოჩნდა მე-18-19 საუკუნეებში სპარსეთთან და თურქეთთან ომების შემდეგ. ქრისტიანმა მოსახლეობამ (საქართველო და სომხეთი) მიიღო რუსეთის ჰეგემონია როგორც თავდაცვის საშუალება თურქთა ძალმომრეობისაგან. აზერბაიჯანის, დაღესტნისა და ჩერქეზეთის მუსულმანური მოსახლეობა წინ აღუდგა რუსეთს და დამორჩილდნენ მხოლოდ შამილის დამარცხების შემდეგ.

კავკასიის ქვეყნები და რეგიონები
აზერბაიჯანი ნახიჩევანი
რუსეთის ფედერაცია ადიღე, დაღესტანი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი; კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეები
საქართველო აფხაზეთი, აჭარა
სომხეთი სომხეთს ავტონომიური სუბიექტები არ აქვს