კლიმატი

დედამიწის ზედაპირიდან თოვლის გადატანა ქარის მიერ. ოფიციალურ მეტეოროლოგიურ სადგურებში აღნიშნავენ:

მიწისპირა თოვლიან ქარს (ქარახვეტს);

ქვედა ქარბუქს;

საერთო ქარბუქს.

მიწისპირა თოვლიანი ქარი (ქარახვეტი) - თოვლის გადატანა ქარით თოვლის საფარიდან 0,5-2 მ სიმაღლის ფენაში, რომელიც არ იწვევს ხილვადობის შესამჩნევ გაუარესებას (თუ არ არის სხვა ატმოსფერული მოვლენები - თოვა, ფოშფოში - ჰორიზონტალური ხილვადობა 2 მ-ის დონეზე 10 კმ-ზე მეტს შეადგენს). შეინიშნება როგორც მცირე მოღრუბლულობის, ასევე თოვის დროს. ჩვეულებრივ, წარმოიქმნება მშრალი, გაუყინავი თოვლის საფარისა და ქარის 5-6 მ/წმ ან მეტი სიჩქარის პირობებში.

ქვედა ქარბუქი - თოვლის გადატანა ქარით თოვლის საფარიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლის ფენაში ჰორიზონტალური ხილვადობის შესამჩნევი გაუარესებით (ჩვეულებრივ, 2 მ-ის დონეზე ჰორიზონტალური ხილვადობა შეადგენს 1-დან 9 კმ-მდე, მაგრამ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, რამდენიმე ასეულ მეტრამდე დაქვეითდეს). ვერტიკალური ხილვადობა ამ დროს საკმაოდ კარგია, ასე რომ, შესაძლებელია ცის მდგომარეობის (ღრუბლების რაოდენობისა და ფორმის) განსაზღვრა. მიწისპირა თოვლიანი ქარის მსგავსად ის შეინიშნება როგორც მცირე მოღრუბლულობის, ასევე თოვის დროს. წარმოიქმნება მშრალი, გაუყინავი თოვლის საფარისა და ქარის 7-9 მ/წმ ან მეტი სიჩქარის პირობებში.

საერთო ქარბუქი – თოვლის ინტენსიური გადატანა ქარით ატმოსფეროს ფენაში, რომელიც უშუალოდ ეკვრის დედამიწის ზედაპირს, საკმაოდ განვითარებული ვერტიკალური მიმართულებით ისე, რომ შეუძლებელია ცის მდგომარეობის (ღრუბლების რაოდენობისა და ფორმის) განსაზღვრა და იმის დადგენა, თოვს თუ მხოლოდ ის თოვლი გადაიტანება, რომელიც თოვლის საფარის ზედაპირიდან არის ატაცებული. ჰორიზონტალური ხილვადობა 2 მ-ის დონეზე, ჩვეულებრივ, შეადგენს 1-2 კმ-დან რამდენიმე ასეულ და რამდენიმე ათეულ მეტრამდეც კი. ჩვეულებრივ, წარმოიქმნება მშრალი, გაუყინავი თოვლის საფარის და ქარის 10 მ/წმ ან მეტი სიჩქარის პირობებში.

ქარბუქამდე ან მის შემდეგ (ქარის შესუსტებისას), ასევე დაშორებული ქარბუქის დროს, როდესაც ჰაერში აწეული ფიფქები ქარს დიდ მანძილზე გადააქვს, შეიძლება შეინიშნებოდეს თოვლის ბურუსი.

ზოგიერთი ავტორი ქარბუქს მიაკუთვნებს იმ თოვლის გადატანასაც, რომელიც ღრუბლებიდან ცვივა, მაგრამ ჯერ არ შეხებია დედამიწის ზედაპირს. ისინი გამოარჩევენ ე.წ. ზედა ქარბუქს - თოვას ქარის დროს, როდესაც ფიფქები ჰაერის ნაკადთან ერთად მოძრაობს დედამიწის ზედაპირთან შეხებამდე, რომელზედაც უძრავად რჩებიან. ოფიციალურ მეტეოროლოგიურ სადგურებში ზედა ქარბუქი არ აღინიშნება.

ქვედა ქარბუქის ანალოგად შეიძლება ჩაითვალოს მტვრის ქარიშხალი. გარდა ამისა, მშრალ, მაგრამ ზამთარში ცივ რაიონებში შესაძლებელია თავისებური მიწისპირა თოვლიან-მტვრიანი ქარის და ქარიშხლების ფორმირებაც კი, რომელსაც მტვერი და ქვიშა თოვლთან ერთად გადააქვს.

ქარბუქის ინტენსივობა

ქარბუქის ინტენსივობა დამოკიდებულია თოვლიანი ქარის ნაკადის სიჩქარესა და ტურბულენტობაზე, თოვის ინტენსივობაზე, თოვლის ნაწილაკების ფორმებსა და ზომებზე, ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ქარბუქის საერთო მყარი ხარჯი იმ თოვლის მასის ტოლია, რომელიც გადაადგილდება თოვლიანი ქარის ფრონტის 1 მეტრზე დედამიწის ზედაპირის გასწვრივ 1 წამის განმავლობაში. გადატანილი თოვლის მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით გამოყოფენ ქარბუქის შემდეგ სახეებს.

ინტენსივობა
ქარის სიჩქარე, მ/წმ
გადატანილი თოვლის მაქსიმალური რაოდენობა, კგ/(მ·წმ)
სუსტი
6 - 10
0,2-მდე
ჩვეულებრივი
10 - 20
0,4-მდე
ძლიერი
20 - 30
1,2-მდე
ძალიან ძლიერი
30 - 40
2,0-მდე
ზეძლიერი
40 - 90
2,0-ზე მეტი


სამამულო სამეცნიერო ლიტერატურაში ძლიერი ყინვის პირობებში ინტენსიური ქვედა ქარბუქის აღნიშვნისთვის  ზოგჯერ იყენებენ ინგლისურ ტერმინს „ბლიზზარდ“. კანადაში ამ ტერმინში  გულისხმობენ ქვედა  ან საერთო  ქარბუქს, რომლის დროსაც ქარის სიჩქარე 40 კმ/სთ ან მეტია, ხილვადობა 1 კმ-ზე ნაკლებია, ტემპერატურა -25°C-ზე ნაკლებია და ხანგრძლივობა 4 საათს აჭარბებს. აშშ-ში ის ნიშნავს ქვედა ქარბუქს ქარის მდგრადი სიჩქარით - 56 კმ/სთ, ხილვადობით - 400 მ ან ნაკლები, მოქმედებს 3 საათის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად. დიდ ბრიტანეთში ამ ტერმინში იგულისხმება საშუალოდ და ძლიერ  ინტენსიური თოვა ქართან ერთად, რომლის საშუალო სიჩქარეა 48 კმ/სთ, და ხილვადობაა 200 მ.

გაჯერებული და გაუჯერებელი ქარბუქები

ქვედა ქარბუქი შეიძლება იყოს გაჯერებული და გაუჯერებელი, რაც დამოკიდებულია იმაზე, გადააქვს თუ არა ქარის ნაკადს თოვლის ის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება მის მაქსიმალური ტრანსპორტირების უნარს. გაჯერებული ქვედა ქარბუქის საერთო მყარი ხარჯი (Q, კგ/(მ·წმ)) 10-15 მ სიმაღლეზე ქარის სიჩქარიდან (Uf, მ/წმ) გამომდინარე, მიახლოებით შეგვიძლია გამოვხატოთ ფორმულით:

Q = 0,0077 (Uf – 5)3

კლიმატი