ვრცელი ბუნებრივი რეგიონია შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს შორის. იგი შემოსაზღვრულია კუმა-მანიჩის ღრმულით (ჩრდილოეთი), ირანით და თურქეთით (სამხრეთი), ყუბანის შესართავით (დასავლეთი) და აფშერონის ნახევარკუნძულით (აღმოსავლეთი).

ტერიტორია

კავკასიის ფართობი დაახლოებით 440 ათასი კვ. კმ-ია, სადაც 30 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი კავკასიონს ჩრდილოეთ კავკასიად (იმიერკავკასიად; ფართობი 250 ათ. კმ2) და ამიერკავკასიად (ფართობი 190 ათ. კმ2). ბუნებრივი პირობების მიხედვით განასხვავებენ აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონს, რომელთაგან პირველი მოიცავს აზოვისა და შავი ზღვის აუზს, მეორე - კასპიის ზღვის აუზს. ქედი ამასთანავე წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისა. გეოგრაფიულად კავკასიას ეკუთვნის ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, როსტოვის ოლქისა და ყალმუხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილი.

ბუნება

კავკასიის რეგიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან. თბილი ზღვებისა და ყინულოვანი მთების ასეთ სიახლოვეს სხვაგან იშვიათად ნახავთ.

რელიეფი

კავკასიის ზედაპირის აბსოლუტურისიმაღლე ცვალებადობს 28 მ-დან 5642მ-მდე. კავკასიის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უჭირავს მაღალ მთებსა და ზეგნებს. ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: ამიერკავკასიის ვაკე, კავკასიონი, ამიერკავკასიის ბარი, მცირე კავკასიონი, თალიშის მთები, სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი.

  • ამიერკავკასიის ვაკეში გამოიყოფა 3 ნაწილი: დასავლეთ ამიერკავკასიის დაბლობი, სტავროპოლის მაღლობი და აღმოსავლეთ იმიერკავკასიის დაბლობი.
    კავკასიონი გადაჭიმულია ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე. მასაც 3 ნაწილად ყოფენ: დასავლეთ კავკასიონი (იალბუზამდე), ცენტრალური კავკასიონი (იალბუზსა და მყინვარწვერს შორის) და აღმოსავლეთი კავკასიონი (მყინვარწვერის აღმოსავლეთით). კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია იალბუზი (5642 მ). მთიანეთის ოროგრაფიული ღერძია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომლის ჩრდილოეთით და სამხრეთით გადაჭიმულია გვერდითი, გასწვრივი და გარდი-გარდმო ქედები.
    ამიერკავკასიის ბარი ვრცელდება შავი ძრვიდან კასპიის ზღვამდე. მისი სიგანე აზერბაიჯანში 160 კმ აღწევს, დასავლეთ საქართველოში - 90კმ. იგი შემდეგ ნაწილებად იყოფა: კოლხეთის დაბლობი ირგვლივ მდებარე გორაკ-ბორცვებით, იმერეთის მაღლობი (ძირულის მასივი), შიდა ქართლის ვაკე, იორ-აჯინოურის ზეგანი, ალაზან-აგრიჩაის ვაკე, მტკვარ-არაქსის დაბლობი და მისი მომიჯნავე გორაკ-ბორცვიანი რეგიონები.
    მცირე კავკასიონი გადაჭიმულია შავი ზღვიდან არაქსის ხეობამდე. აღმოსავლეთით მისი გაგრძელებაა თალიშის მთები. მცირე კავკასიონი იყოფა აჭარა-თრიალეთის, ლოქ-ყარაბაღისა და ჩრდილოეთ სომხეთის მთათა სისტემად. მცირე კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია მთა გიამიში (3724 მ) მუროვდაღის ქედზე, თალიშის მთებისა - მთა გომურგოი (2744 მ).
    სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი წარმოადგენს მაღალი ვულკანური პლატოების, ქვაბულების, მასივებისა და ქედების ერთობლიობას. უმაღლესი მწვერვალი არაგაწი (4090 მ). მთიანეთის სამხრეთითმდებარეობს არაქსის შუა დინების ტექტონიკური ქვაბული, რომელიც ვრცელდება მდინარე არაქსის გასწვრივ დაახლოებით 300 კმ-ზე.

გეოლოგიური აგებულება

კავკასია შედის ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყელში და იყოფა 4 ძირითად ტექტონიკურ ზონად: იმიერკავკასიის ახალგაზრდა ბაქანი, კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი, რიონ-მტკვრის მთათაშუა როფი და მცირე კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი.

იმიერკავკასიის ბაქანს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში საფუძვლად უდევს უკრაინის კამბრიულისწინა კრისტალური მასივის შვერილი, დანარჩენ უდიდეს ნაწილში - შუაოალეოზოური ნაოჭა ფილაქანი. ბაქანზე დანალექი საფრის დაგროვება შუაიურული ეპოქიდან მიოცენის ბოლომდე გრძელდებოდა. მიოცენის ბოლოს (სარმატულ საუკუნეში) აზევდა სტავროპოლის მაღლობი, რის შედეგადაც იმიერკავკასია ყუბან-აზოვისა და თერგ-კუმის დაბლობებად გაიყო.

კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთი კალთა წარმოადგენს ახალგაზრდა აზევებებში ჩართულ იმიერკავკასიის ბაქნის კიდეს. გვერდითი ქედი ჰერვინული დანაოჭების ინტენსიური გამოვლინების ზონაა. მთავარ ქედზე გაშიშვლებულია ბაიკალურ-ადრეულჰერცინული მეტამორფული კომპლექსი ჰერცინული ასაკი გრანიტის ინტრუზივებით. ძველი გრანიტულ-მეტამორფული წარმონაქმნები შეცოცებულია კავკასიონის სამხრეთ კალთის მეზოზოურ წყებებზე. მდინარე ფშეხის სათავეებს დასავლეთით და მდინარე თერგის აღმოსავლეთით ძველი კრისტლური კომპლექსი დაძირულია ლიას-დოგერის თიხოვან-ფიქლოვანი სქელი ფორმაციის ქვეშ, რომელიც კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში ღერძულ ანტიკლინორიუმს ქმნის. ლიას-დოგერის წყება დაფარულია იზოკლინურად დანაოჭებული ზედაიურულ-ეოცენური ფლიშით. ჩრდილოეთ კალთაზე და სამხრეთ კალთის დასავლეთ ნაწილში ფლიშს ენაცვლება კირქვები.

რიონ-მტკვრის მთათაშუა როფის და მცირე კავკასიონის მეგანტიკლინორიუმის საფუძველია ჰერცინული გრანიტოიდებით გარღვეული ზედაკამბრიულისწინა ქვედაკამბრიული მეტამორფული კომპლექსი. იგი გაშიშვლებულია ძირულის, ხრამის, ლოქის, არზაქანისა და მეღრის მასივებზე. მთათაშუა როფს ძირულის მასივი (ლიხის ქედი) ზედაპალეოგენურ-ანთროპოგენური მოლასური ნალექებით ამოვსებულ რიონისა (დასავლეთი) და მტკვრის (აღმოსავლეთი) ღრმულებად ყოფა.

მცირე კავკასიონი და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი ჰეტეროგენული აგებულებისაა. ცარცულ-პალეოგენური ნალექებით აგებულ მესხეთ-თრიალეთის სისტემას სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ცვლის იერული და ცარცული ვულკანოგენურ-კარბონატული ნალექებით აგებული ლოქ-ყარაბაღის ზონა. სევან-ჰაქერის ღერძულ ზონაში ფართოდ არის განვითარებული ულტრაფუძე ინტრუზივები, სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთზე - ახალგაზრდა ლავები (ახალქალაქის პლატო, გერამის, ვარდენისის ქედები და სხვა).

კავკასია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. ტყვია-თუთიის საბადოებია ჩრდილოეთ ოსეთსა და საქართველოში, სპილენძისა და მოლიბდენის - ყაბარდო-ბალყარეთსა და სომხეთსი, რკინისა - აზერბაიჯანში, იქვეა ალუნიტებუიც, მანგანუმისა და ქვანახშირისა - საქართველოში, ნავთობ-აირისა - აზერბაიჯანში, ჩაჩნეთ-ინგუშეთში, დაღესტანში, კრსნოდარისა და სტავროპოლის მხარეებსა და აღმოსავლეთ საქართველოში. კავკასია მდიდარია აგრეთვე მინერალური წყლებით, საშენი მასალითა და სხვა.

ჰავა

კავკასია მდებარეობს ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის სარტყლების საზღვარზე. კავკასიონი  მნიშვნელოვანი კლამატგამყოფია. იგი აბრკოლებს ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების გავრცელებას სამხრეთისკენ, ხოლო სამხრეთის თბილი ჰაერისას - ჩრდილოეთისკენ და მკვეთრ კლიმატურ კონტრასტს ქმნის ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიას შორის. იანვრის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთ კავკასიაში - 2,-5 °C, დასავლეთ ამიერკავკასიაში (კოლხეთის დაბლობი) 4,5-6 °C, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (მტკვარ-არაქსისა და ლენქორანის დაბლობები) 1-3,3 °C. ზაფხულობით ტემპერატურული კონტრასტი ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიას შორის მცირდება, დასავლეთ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიას შორის კი შესამჩნევია. ივლისის საშუალო ტემპერატურა კავკასიის დასავლეთ ნაწილში 23-24 °C, აღმოსავლეთ ნაწილში 25-29 °C. დასავლეთ იმიერკავკასიის ჰავა ზომიერი კონტინენტურია (სტეპური), აღმოსავლეთ იმიერკავკასიისა  უფრო კონტინენტური და მშრალი (ნახევარუდაბნოსი). კოლხეთში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის რბილი ზამთარი და უხვი ნალექი (1200-1800 მმ და მეტი წელიწადში). ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა ლენქორანის დაბლობზეც (ნალექები დაახლოებით 1200 მმ-მდე წელიწადში), თუმცა ზაფხულის დასაწყისი აქ მშრალი იცის. მტკვარ-არაქსის დაბლობის ჰავა მშრალი სუბტროპიკულია (ნალექები 200-400 მმ წელიწადში, აღმოსავლეთ ნაწილში 200 მმ-ზე ნაკლებიც), ზამთარი რბილია, ზაფხული ცხელი, მსგავსი ჰავაა არაქსის შუა დინების ქვაბულსა და სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთშიც.

მთიანი რელიეფის გამო კავკასიას სიმაღლებრივი კლიმატის ზონალურიბა ახასიათებს. ნალექები დიდი რაოდენობით (2500 მმ-მდე, ზოგან 4000 მმ-მდე) მოდის დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ნალექების მაქსიმალური 4519 მმ მოდის მთა მტირალაზე (მესხეთის ქედი). კავკასიონის კალთებზე 2000მ სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურაა - 8 °C, აგვისტო 13 °C. უფრო მაღლა სუბალპური, ალპური და ნივალური სარტყლებია. შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე (ნოვოროსის - გელენჯიკის რაიონში) ხმელთაშუა ზღვის ჰავაა, იცის ნოტიო ზამთარი და მშრალი ზაფხული.

მცირე კავკასიონის შიგა კალთების ჰავა ჰგავს კავკასიონის მოპირდაპირე კალთების შესაბამისი სარტყლების ჰავას. ტენიანობა აქაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კლებულობს. თალიშის ქედის კალთებზე ნოტიო ჰავაა. წელიწადში 1700 მმ ნალექი მოდის. სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის შიგა ნაწილში (სომხეთი) ჰავა უფრო კონტინენტურია, ვიდრე კავკასიონის ამავე სიმაღლის კალთებზე. აქ 2000 მ სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურა - 12 °C, ივლისის 18 °C; თოვლის საფარი 4-5 თვეს დევს. ნალექები 450-550 მმ წელიწადში, ჩრდილოეთ ნაწილში 600-700 მმ. 2200-2300 მ ზევით გაბატონებულია მაღალი მთის ნოტიო ჰავა გრილი ზაფხულით და ხანგრძლივი ცივი ზამთრით.

გამყინვარება

მყინვარები ძირითადად თავმოყრილია კავკასიონზე, განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში. კავკასიონზე 2200-მდე მყინვარია (ჩრდილოეთ კალტაზეა დაახლოებით 70%), რომელთა ფართობი 1430კმ2. ჩრდილოეთი კალთის ძლიერი გამყინვარება განაპირობა ექსპოზიციამ, ოროგრაფიულმა პირობებმა და სამხრეთ კალთიდან ჩრდილოეთ კალტაზე თოვლის გადახვეტამ ქარბუქის დროს. ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიონზე გამყინვარება უფრო მძლავრია, ვიდრე აღმოსავლეთ კავკასიონზე, რაც გამოწვეულია აღმოსავლეთისკენ ჰავის კონტინენტურობის ზრდით. უდიდესი მყინვარები თავმოყრილია ცენტრალურ კავკასიონზე (ჩრდილოეთ კალთაზე დიხსუ, ბეზენგი, ყარაუგომი; სამხრეთისაზე ლეხზირი, ტვიბერი, წანერი). გამყინვარების მძლავრი კერებია: იალბუზი და მყინვარწვერი. პატარა მდინარეებია მცირე კავკასიონზე არაგაწის მთაზე და ზანგეზურის ქედზე.

  • მთები. ბევრი კავკასიური მწვერვალი დაფარულია მუდმივი თოვლით და ყინულით. ზოგიერთი მათგანი - იალბუზი (5642 მ), დიხთაუ (5205 მ), შხარა (5068 მ), მყინვარწვერი (5033 მ), სიმაღლით აჭარბებს დასავლეთევროპულ მონბლანს.

    შიდა წყლები

    მდინარეები. კავკასიის მდინარეები მიეკუთვნებიან ატლანტის ოკეანის (მდინარეები ყუბანი, ენგური, რიონი, ჭოროხი  და სხვა) და კასპიის ზღვის (მდინარეები მტკვარ-არაქსი, სულაკი, თერგი და სხვა) აუზებს. მდინარეებმა, რომლებსაც მყინვარებში აქვთ სათავე, იციან ხანგრძლივი (დაახლოებით 6 თვე) წყალდიდობა წლის თბილ პერიოდში; კავკასიონის, მცირე კავკასიონისა და სამხრეთ კავკასიონის ვულკანური მთიანეთის არამყინვარულმა მდინარეებმა კი  უმთავრესად გაზაფხულზე. კავკასიონის სამხრეთი კალთის მდინარეებზე ხშირია ზაფხულის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. იმიერკავკასიის არამყინვარული მდინარეების წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა (ზოგჯერ დაშრობაც კი) - ზაფხულში, იყინება ზამთარში. სტავროპოლის მაღლობს რწყავს მდ. ყუბანიდან გაყვანილი არხები. აღმოსავლეთ კავკასიისთვის ნიშანდობლივია ღვარცოფები. კავკასიის კარსტულსა და ვულკანურ რაიონებში მდინარეები საზრდოობენ ძირითადად მიწისქვეშა წყლით, ზედაპირული ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული და მდინარეთა მეტი წილი მიწისქვეშ მიედინება. სანაოსნოა მდინარეების მტკვრის, ყუბანისა და რიონის ქვემო დინებები. კავკასიის მდინარეები მდიდარია ჰიდროენერგიით, იყენებენ სარწყავად, ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის. მდინარეებზე აგებულია ჰესები, წყალსაცავები.

მთავარი მდინარეებია: მტკვარი (1364 კმ), ყუბანი (906), კუმა (802), თერგი (623), რიონი (327).

  • ტბები. კავკასიის ტბები გენეტურად მრავალგვარია. კავკასიის ტბები მცირე ზომის არიან, მაგრამ დიდ მნიშვნელობა აქვთ, როგორც ბუნებრივ წყალსაცავებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან მდინარეებში წყლის დონის რეგულირებისა და მეთევზეობის განვითარებისათვის. უდიდესია სევანის ტბა, რომელიც ამუშავებს ჰესების კასკადს (6 ჰესი). აღმოსავლეთ კავკასიის ბარში ბევრია მლაშე ტბა. ზღაპრული ბუნების წყალობით, ბევრი ტბა ტურიზმისა და დასვენების კერებადაა ქცეული. 

მცენარეულობა

კავკასიის მცენარეული სამყაროს მრავალფეროვნებას განაპირობებსმის ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორთა სხვადასხვაგვარობა და გეოლოგიური წარსული. კავკასიის მცენარეულობა თავისი შემადგენლობით ჰგავს ევრაზიისა და აფრიკის რეგიონთა მცენარეულობას. გვხვდება სხვადასხვა გეოლოგიური ასაკის მცენარეული ფორმაციაც, მათ შორის მესამეული ხანის რელიქტური ტყეების, უძველეს ხმელთაშუაზღვისპირეთის მთის ქსეროფიტებისა და სხვა მცენარეულობის ტიპები, რომლებიც ზონალურად შემდეგნაირადაა განლაგებული: აღმოსავლეთ იმიერკავკასიაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიის დაბლობებსა და მთისწინეთში, ნაწილობრივ, 1000-1400 მ სიმაღლის ქვესარტყელში, უდაბნო და ნახევარუდაბნოა.

უდაბნოში ძირითადად იზრდება აბზინდა ანუ ავშანი, მლაშობურები და სხვა. სამხრეთ ამიერკავკასიაში თავისებური ღორღიანი უდაბნოა (ე. წ. ჰამადა) ვიწროფოთოლა ფარსმანდუკითა და სხვა. ნახევარუდაბნოში აბზინდასთან ერთად ხარობს წივანა, კაპუეტა, ვაციწვერა, ურო და სხვა. ველი (სტეპი) გავრცელებულია დასავლეთ იმიერკავკასიის ბარში, კავკასიონზე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთისწინეთსა და მცირე კავკასიონზე 2600 მ სიმაღლემდე. აქ ხარობს ვაციწვერა, წივანა, კეწეწურა, ქსეროფილური ისლები, ნაირბალახები და პარკოსნები. უფრო ხშირია ნაირბალახოვან-ვაციწვერიანი, წივანიან-ვაციწვერიანი და წივანიანი ველები. ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინეთში, სტეპისა და ფოთლოვანი ტყის სასაზღვრო ზოლში ლანდშაფტურად გამოსახულია ტყე-სტეპი. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთისწინეთში თავისებურია უროიანები, უროიან-ვაციწვერიანები და სხვა. მთის სტეპი (1800-2600 მ სიმაღლემდე) მეტწილად წივანიან-წურწუმიანი და ვიწროფოთოლა ვაციწვერიანია. შედარებით უფრო ტენიან პირობებში ვითარდება ნაირბალახოვანი სტეპი - მდელოსტეპი. ზოგან (3000 მ სიმაღლემდე) ზონალურად მთის სტეპებთან შეთავსებულია ნარეკლიანები (ფრიგანა) - მთის ქსეროფილური მცენარეულობა: გლერძიანები, ზღარბიანები, ესპარცეტიანები, ურციანები, ბეგქონდარიანები და სხვა. ამავე სარტყელშია ქსეროფილური მეჩხერი ტყეები (ნათლი ტყეები, არიდული მეჩხერი ტყეები) ღვიითა და ფოთლოვანი ჯიშებით (ბერყენა, აკაკი, სარკმლის ხე და სხვა), აგრეთვე ჯაგელიანი ბუჩქნარი (შიბლიაკი). კავკასიის დიდი ნაწილი (მთიანეთი ტყიანია. ტყეები გავრცელებულია დაბლობიდან 2700 მ სიმაღლემდე. დაბლობის ტყეების მთავარი მასივები, უმეტესად მუხნარები, გავრცელებულია კოლხეთში (იმერული მუხის მუხნარები); აქ ხშირია დაჭაობებული მურყნარები ლიანებითა და ხშირად მარადმწვანე ქვეტყით; მდინარეთა ნაპირებზე - ლაფნიან-მურყნარები, რომლებშიც სხვა ფოთლოვანი ჯიშებიცაა შერეული.

თალიშის დაბლობის ტყეებისთვის დამახასიათებელია ლენქორანული ხერკინა, წაბლფოთოლა მუხა, ჰირკანული ძელქვა, პირკანული ვერხვი და სხვა; მდინარისპირა ტყეებისათვის - ჰირკანული მურყანი, ლაფანო, ჰირკანული ბოკვი და სხვა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ბარის სხვა დაბლობ ტყეებში გაბატონებულია ჭალის მუხა, რომლის თანადომინანტებია:ალაზან-აგრიჩაის ვაკეზე - ჩვეულებრივი მურყანი, ლაფანი, ჩვეულებრივი და თუთუბოფოთოლა იფანი, ზოგან ჰირკანული ბოკვი, თელა და სხვა, კასპიისპირა კავკასიონზე (ჩრდილოეთი აზერბაიჯანი, სამხრეთი დაღესტანი) - შებუსვილი მუხა. მდინარისპირა ტყეებში (ჭალის ტყე, ტუგაი), რომლებიც ინტრაზონალურად მოქცეულია ამიერკავკასიის უდაბნოს სარტყელში, ჭალის მუხის გარდა ხარობს ხვალო, თელა, ტირიფი, სოსნოვსკის ოფი და სხვა. იმიერკავკასიის ჭალის ტყეებს კი ქმნიან ყუნწიანი მუხა, თეთრი ხვალო, ოფი და სხვა.

კავკასიისთვის უნიკალურია სამხრეთ ამიერკავკასიის აღმოსავლური ჭადრის ჭალის ტყე. ჭალის ტყეებს თან ახლავს ლიანები (ეკალღიჭი, ღვედკეცი, კატაბარდა და სხვა). დასავლეთ ამიერკავკასიის მთის ქვესარტყელში, ნაწილობრივ მთისწინეთისა და შუა სარტყელში, 200-დან 1200 მ სიმაღლემდე გავრცელებულია რელიქტური კოლხური ტყე - მრავალდომინანტური შერეულფოთლოვანი ტყე, სადაც ხარობს წაბლი, აღმოსავლური წიფელი, კოლხური და ქართული (უფრო ნაკლებად) მუხა, კავკასიური რცხილა, ჩვეულებრივი მურყანი და სხვა. ა, ტყის თავისებურებაა აგრეთვე მარადმწვა ქვეტყე (შქერი, წყავი, ბაძგი) და ლიანები (კოლხური და ჩვეულებრივი სურო და სხვა). წაბლნარები გვხვდება უმთავრესად მთის ქვესარტყელში, ზოგან უფრო დაბლაც, ხოლო ამავე მთისწინეთში კოლხური მუხნარები (იმერული, კოლხური და, ნაწილობრივ, ქართული მუხა); კირქვებზე ჯაგრცხილნარ-მუხნარებია; აფხაზეთში განსაკუთრებულია მანანიანი მუხნარები. ასეთივე რელიქტური შერეულფოთლოვანი ჰირკანული ტყეებია თალიშის მთების ქვესარტყელშიც, 600 მ სიმაღლემდე. ამ ტყეებში ხარობს წაბლფოთოლა მუხა, ლენქორანული ხერკინა, ძელქვა, რცხილა, წიფელი, კასპიური ტყემალი და სხვა. სამხრეთ ნაწილის ტყეებში - ლენქორანული ალბიცია და კასპიური გლედიჩია. მარადმწვაბე ქვეტყეში ჰირკანული თაგვისარა, იშვიათად, ჰირკანული ბაძგი და სხვა. შუა სარტყელში, 1300 მ სიმაღლემდე, გაბატონებულია წაბლფოთოლა მუხის მუხნარები, რომელსაც სარტყლის ზედა ზოლში განსხვავებული ექსპოზიციის ფერდობებზე ენაცვლება წიფლნარები, უფრო მაღლა - ქართული მუხის მუხნარები.

აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა მხარეში და კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ქვედა, ზოგან