თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი - საქართველოს კავკასიონის მონაკვეთი, მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე და მოიცავს მდინარეების ანდის ყოისუს (თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის), არღუნისა, ასისა და არხოტისწყლის ზემო დინებათა აუზებს. სამხრეთი საზღვარი გასდევს მთავარი ქედის თხემს მწვერვალიშავკლდის და უღელტეხილი არხოტისთავისღელეს შორის. დასავლეთი კიდეგანის ქედს, აღმოსავლეთი შავგალავნის ქედსა და საბაკუნისხევისა და ვესტმოვაკისხევის (ანდის ყოისუს მარჯვენა შენაკადები) წყალგამგამყოფს, ჩრდილოეთი პირიქითი ქედის თხემს მწვერვალი დიკლოსმთიდან მწვერვალ ტებულოსმთამდე, შემდეგ კვეთს მდინარე არღუნის ხეობას და ადის ხევსურეთის ქედზე მწვერვალ თბილწყალმაღლის ჩრდილოეთით, აქედან კი კვეთს ასის ხეობას და აიმართება კიდეგანის ქედზე.

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი აგებულია ქვედა- და შუაიურული ასაკის თიხაფიქლოვანი წყენებით, რომელიც აჩენს ძლიერ შეკუმშულ, ზოგან დიაბაზებით გარღვეულ, ნაოჭების სისტემის, გვხვდება აგრეთვე მორენული და ალუვიური ნაფენები. ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: მთავარი წყალგამყოფი ქედი (მწვერვალები არხოტი 3172 მ, დიდი ბორბალო 3294 მ, ბულანჩოსწვერი 3256 მ და სხვა), რომლის უღელტეხილები ზღვის დონიდან 3000 მ-ზე დაბლა მდებარეობს (არხოტი - 2935 მ, აბანო - 2950 მ და სხვა); მარად თოვლიან-მყინვარებიანი კიდეგანის, ხევსურეთისა და პირიქითის ქედები მრავალი განშტოებებით; თუშეთის ქვებული და მდინარეთა ხეობები (ასის, არღუნის, ანდაქის).

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთა-ხეობათა რელიეფის მორფოლოგიური ხასიათი ჩამოყალიბებულია ეროზიის მოქმედებით, თხემურ ზოლში შექმნილია რელიეფის გლაციალური ფორმები. თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი მდებარეობს ზომიერ ნოტიო ჰავის ოლქში და ახასიათებს ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა. დაწყებული ცივზამთრიანი და ხანგრძლივ გრილზაფხულიანი ჰავიდან (დაბალ მთებში) დამთავრებული მაღალმთის მუდმივთოვლიან-მყინვარებიანი ჰავით (ქედების თხემებზე). იანვრის საშუალო ტემპერატურა - 5-იდან - 10°C-მდეა, ივლისი 12-16°C. წელიწადში 600-დან 1500 მმ-მდე ნალექი მოდის. ხეობებსა და ქვაბულებში ჰავა შედარებით მშრალი, კონტინენტურია.

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მდინარეები ასა, არხოტისწყალი, არღუნი, ანდაქი, პირიქითი ალაზანი და თუშეთის ალაზანი მრავალრიცხოვანი შენაკადებით კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნება და საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა ზამთარში. თავისებურია თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ნიადაგ-მცენარეულობა; ქვედა ზონაში მცირე და საშუალო სისქის ყომრალ და ღია ყომრალ ნიადაგებზე, ზღვის დონიდან 2300-2500 მ-მდე, გავრცელებულია არყნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარი. 2500-2700 მ ზემოთ მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე - სუბალპური მდელოები და ბუჩქნარები, ხოლო უფრო ზემოთ, 3300-3500 მ-მდე, მთის მდელოს მცირე სისქის კორდიან ნიადაგებზე ალპური მდელოებია.

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე 3 ტიპის ლანდშაფტია: მთა-ხეობათა რელიეფის ყომრალ და ღია ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული ფიჭვნარი და არყნარ-ფიჭვნარი ტყის ლანდშაფტი; მთა-ხეობათა რელიეფის მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე განვითარებული მთა-მდელოს ლანდშაფტი (სუბალპური და ალპური ქვეტიპებით) და გლოციალურ-ნოვალური ლადშაფტი (მაღალი ქედების თხემებზე).