უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ადამიანი მოიპოვებდა საკვებს ნადირობის, თევზაობის და სხვადასხვა მცენარეების ნაყოფის შეგროვების გზით ბუნებრივი რესურსების შემცირებასთან ერთად ადამიანმა მოიშინაურა მრავალი სახის ცხოველი, მოაკულტურა მრავალი მცენარე. ცივილიზებული ადამიანის ეპოქაქში კი სურსათით უზრუნველყოფა დამოკიდებულია მაღალგანვითარებულ, ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობაზე და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მცირე ტერიტორიებზე, მინიმალური დროისა და მატერიალური საშუალებების დანახარჯებით შექმნას დიდი რაოდენობის პროდუქცია. მიუხედავად ამისა ნადირობას, თევზაობას, შემგროვებლობას თავისი ფუნქცია არ დაუკარგავს და წარმოადგენს ერთის მხრივ სურსათისა და ნედლეულის მოპოვების მეთოდს, ხოლო მეორეს მხრივ სპორტის სახეობას.

მოგეხსენებათ ბუნებაში არსებობს მრავალი დაავადება რომელსაც იწვევენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები; ბაქტერიები და ვირუსები, პათოგენური სოკოები, ასევე პარაზიტული ორგანიზმები და მათი განვითარების ზოგიერთი ფორმები. საბედნიეროდ სახეობრივი იმუნიტეტისა და დაავადებათა აღმძვრელის ტროპიზმის წყალობით ყველა ინფექცია და ინვაზია საერთო არ არის მცენარის, ცხოველის და ადამიანისათვის, მაგრამ არსებობს რიგი დაავადებებისა რომლებიც საერთოა ცხოველისა და ადამიანისათვის. ასეთ დაავადებებს ზოოანთროპონოზებს უწოდებენ.

მონადირეებს, მეთევზეებს, შემგროვებლებს, თუ უბრალოდ ლაშქრობის მოყვარულებს ხშირად აქვთ შეხება ნიადაგთან, ცხოველებთან, თევზებთან რომლებიც რიგ შემთხვევებში გვევლინებიან ამა თუ იმ დაავადების ბუნებრივ რეზერვუარად, ამიტომაც სასურველია და საჭიროც, რომ სპორტის ამ სახეობით გატაცებულ ადამიანებს, მიუხედავად მათი პროფესიისა, წარმოდგენა ჰქონდეს ზოოანთროპონოზებზე რათა შეძლონ ასეთი დაავადებებისგან თავის დაცვა და რისკის არსებობისას მათზე თავის არიდება.

ძირითადი ზოოანთროპონოზები რომელიც სასურველია იცოდეს მონადირემ, მეთევზემ, შემგროვებელმა და მსგავსი გატაცების მქონე ადამიანებმა.

პირველ რიგიში მინდა შევეხო ისეთ მწვავე ინფექციურ დაავადებას როგორიცაა ცოფი. ეს დაავადება შესულია განსაკუთრებით საშიში ინფექციების ნუსხაში, რადგანაც ამ დაავადების გამოსავალი 100%-ით ლეტალურია და თანამედროვე მედიცინა მას ვერ კურნავს. არსებობს მხოლოდ პროფილაქტიკა; ცოფიანი ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენა დადორბვლის შემთხვევაში იმუნოგლობულინის, შრატის და ვაქცინის შეყვანა ორგანიზმში. ეს უკანასკნელი მიმართულია დაავადების განვითარების გზაზე ლიკვიდაციისათვის.

ბუნებაში ყველა თბილსისხლიანი ცხოველი ცოფის ამთვისებელია. დაავადების ძირითად წყაროს წარმოადგენს მელა, ტურა, მგელი, ენოტისებური ძაღლი, ძაღლი და ყველა ხორცისმჭამელი ცხოველი, ამიტომ მონადირე ასეთი ცხოველების მონადირებისას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს რათა არ დაუშვას დაკბენა, დადორბვლა და დაზიანებული ხელებით ცხოველის გატყავება. საშიშროებას წარმოადგენს ასევე დამხმარე მონადირე ძაღლები რომლებიც ცოფზე არ არიან იმუნიზირებული. ხშირად მონადირე თავის ოთხფეხა მეგობარს არ ცრის ერთი წლის ასაკამდე, რადგან დადის მითი თითქოს ადრე ასაკში აცრა ხელს უშლის ცხოველის ზრდა-განვითარებას, რაც სიცრუეა და დიდი შეცდომა. ძაღლი მეოთხე თვის ასაკიდან უნდა იცრებოდეს ცოფზე ყოველწლიურად. კარგი მონადირე ძაღლი ცნობის მოყვარე, მოუსვენარია და თავისი დაუოკებელი ინსტინქტის გამო ყველგან ყოფს ცხვირს, ამ დროს ხშირია გარეული ცხოველების მიერ დაკბენები და შედეგი სავასლალო. საშიშია ის გარემოება, რომ ცხოველის ნერწყვში ცოფის ვირუსი ჩნდება 10 დღით ადრე სანამ გამოვლინდება ცოფისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. ამიტომაც ამ დაავადების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო და ყველა საეჭვო შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მივმართოთ ექიმ რაბიოლოგს.

აქვე ორიოდე სიტყვით უნდა აღინიშნოს ტეტანუსი. ეს დაავადება ნიადაგოვანია, მისი აღმძვრელი გამოიყოფა რა გარემოში და მოხვდება ნიადაგში წარმოქმნის სპოროვან ფორმას, უხეშად რომ ვთქვათ იკრავს დამცავ გარსს რომელიც იცავს გარემო პირობების მომაკვდინებელი ზემოქმედებისგან და ნიადაგში ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს დიდი ხნის მანძილზე. ამიტომ ნიადაგში არსებული მახვილი საგნებისგან ჭრილობის მიღებისას ან ღია ჭრილობებში ნიადაგის მოხვედრისას აუცილებელია ანტიტეტანური პროფილაქტიკა რათა თავიდან ავიცილოთ საშიში ინფექცია და მისგან გამოწვეული შედეგები.

რომელი მონადირისთვის არ წარმოადგენს წარმატებას ესა თუ ის ნადავლი? განსაკუთრებით ისეთი მსხვილი ცხოველების მონადირება როგორიც დათვი და ღორია. ასეთი ნადავლის მომპოვებელი მონადირეები საჭიროა ინფორმირებული იყვნენ ტრიქინელოზზე. ამ დაავადებას ახასიათებს მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა. ამთვისებელია ყველა ხორცისმჭამელი და ლეშიჭამია ცხოველი, ავადდება ადამიანიც. დაავადების აღმძვრელია ნემატოდა. არსებობს ამ პარაზიტის ორი ფორმა: ნაწლავის (ზრდასრული) და კუნთების (ლარვა). დაავადება გადადის დაინვაზირებული ხორცის ჭამით, ხორცთან ერთად მოხვედრილი ტრიქინელები კუჭის წვენის მოქმედებით თავისუფლდებიან კაფსულისგან, გადადიან წვრილი ნაწლავის ლორწოვან შრეში და 30-40 საათის შემდეგ აღწევენ სქესმწიფე (ზრდასრულ) სტადიას. განაყოფიერების შემდეგ მამალი ტრიქინელა მალე კვდება, ხოლო დედალი 5-7 დღის შემდეგ თავისი სიცოცხლის მანძილზე (80 დღემდე) ცოცხლად შობს 1500-დან 10000-მდე წვრილ ჭიებს (ლარვებს) რომლებიც ნაწლავიდან ლიმფის საშუალებით ხვდებიან ლიმფურ სადინრებში, შემდეგ სისხლში საიდანაც მიმოიფანტებიან მთელს ორგანიზმში და იბუდებენ განივზოლიანი კუნთების ბოჭკოებში 3-6 კვირის შემდეგ კი იკეთებენ კაფსულას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში რჩება 30 წლამდე. ადამიანში იწვევს მტანჯველ ტკივილებს და დაავადება მიმდინარეობს მწვავედ ან ქრონიკულად.

ხორცში არსებული ტრიქინელები თერმული დამუშავებისას ბოლომდე ვერ ისპობა და საკვებად საშიშია, ამიტომ ტრიქინელოზის ამთვისებელი ცხოველების ხორცის გამოყენებისგან მონადირეებმა თავი უნდა შეიკაონ მანამ, სანამ ხორცი არ იქნება შემოწმებული ტრიქინელოზზე. ამის განხორციელება კი შესაძლებელია ნებისმიერი აგრარული ბაზრის ვეტ. სან. ექსპერტიზის ლაბორატორიაში, სადაც მიკროსკოპის ქვეშ ამოწმებენ ცხოველის დიაფრაგმის ხერხემალთან მიმაგრების ადგილებს ტრიქინელების აღმოჩენის მიზნით. მონადირეებმა უნდა გაითვალესწინონ აგრეთვე ის, რომ დათვის და ღორის გარდა ამ დაავადებით ავადდება აგრეთვე მაჩვი, ნუტრია და ზღვის ძუძუმწოვრებიც.

ნანადირევ და სასოფლო სამეურნეო ცხოველების შინაგან ორგანოებზე ხშირად შევხვედრივართ ექინოკოკის ბუშტუკებს, რომელიც სავსეა მღვრიე სითხით. ამ დაავადებას ექინოკოკოზი ქვია, იწვევს ნაწლავის ლენტისებური ჭიის Ecinococcus granulosus ბუშტუკოვანი ფორმა. ექინოკოკის შუალედურ მასპინძლად ითვლება ცხვარი, თხა, მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ირემი, დათვი და ხსვა. ავადდება ცხენი და ადამიანიც. ექინოკოკოზის დროს დაზიანებული ორგანოები ექვემდებარება განადგურებას და მათი საკვებად გამოყენება დაუშვებელია, ხოლო დაუზიანებელი ხორცი და ორგანოები გამოიყენება შეუზღუდავად.

ამ დაავადებას მონადირეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ დაავადების საბოლოო მასპინძელი ხორცისმჭამელი ცხოველებია და მათ შორის ძაღლი. ზემოაღნიშნული ბუშტუკებში მოთავსებულია ეგრეთ წოდებული სკოლექსები, რომლის მიღების შემდეგაც საბოლოო მასპინძელში ვითარდება ჰელმინთოზი ანუ ექინოკოკის ზრდასრული ფორმა, აღწევს სქესმწიფე ასაკს და 45-90 დღის შემდეგ იწყებს წილების გამოყოფას რომელიც ფეკალთან ერთად გამოიყოფიან გარემოში. გამოყოფილი წილები მოძრავია და ისინი გარემოში თავის მხრივ გამოყოფენ კვერცხებს რომლითაც ბინძურდება ბალახი, წყალი, ბეწვი, ნიადაგი და სხვა. შუალედურ მასპინძელში (ცხვარი, თხა, მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ირემი, დათვი და ხსვა) მოხვედრისას კვერცხიდან გამოყოფილი ონკოსფეროები აღწევენ ნაწლავის კედელში და სისხლის გზით სხვადასხვა ორგანოებში მოხვედრის შემდეგ წარმოიქმნება ლარვები ანუ ზემოთაღნიშნული ბუშტუკები. ექინოკოკის განვითარების ეს ციკლი ჩვენს მიერ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და არ უნდა დავუშვათ ძაღლების გამოკვება დაავადებული შინაგანი ორგანოებით, ძაღლები სისტემატიურად უნდა მუშავდებოდნენ ჰელმინთებზე და ამით თავს ავარიდებთ შემდგომში ამ დაავადების გავრცელებას და ჩვენი ექინოკოკოზით დაავადების რიკს.

მონადირემ ამ საშიში დაავადებების გარდა კიდევ ყურადღება უნდა მიაქციოს მრავალ გარემოებას რათა შეძლოს თავის დაცვა ზოოანთროპონოზული დაავადებებისგან, მაგალითად თავი უნდა დაიცვას მოსკიტების თავდასხმისგან რომელთაც შეუძლიათ გადაიტანონ ისეთი დაავადება როგორიც ლეიშმანიოზია, სხვდასხვა საშიში ეპიზოოტიის და პანზოოტიის დროს (მაგ. ფრინველის გრიპი) არ დაუშვას იმ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულ ცხოველსა თუ ფრინველზე ნადირობა.

ინფექციებისა და ინვაზიების გარდა კიდევ არსებობს სხვადასხვა გარემოება რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითისთვის მოვიყვან მწყერის ხორცით ადამიანების მოწამვლის შემთხვევებს, რომელიც ახსნილი იქნა როგორც მწყრის ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინით. გვალვიან პერიოდში ზოგიერთი მცენარე თავის გადარჩენის მიზნით იყენებს თავისივე უჯრედებში არსებულ სითხეებს და საზრდო ნივთიერებებს, ამ დროს კი მცენარეებში გროვდება ტოქსინი რომელსაც ახასიათებს ცხოველურ ორგანიზმში კუმულაციის უნარი. მწყრის ორგანიზმში მოხვედრილი ეს ტოქსინი ნელნელა გროვდება და ასეთი ფრინველის ხორცის გამოყენება იწვევს ადამიანის ინტოქსიკაციას მოცემული ტოქსინით.