weliwadis Tveebi - aprili

 

აპრილი - (ლათ. April) (რუს. Апрель)

წელიწადის მეოთხე თვე იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებში. აპრილში 30 დღე-ღამეა.

ძველ რომაული წლის მეორე თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა. ერთ-ერთი იმ ოთხი თვიდან, რომლებშიც 30 დღეა. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის მეორე თვეა, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში – შემოდგომის მეორე თვე.

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 18 აპრილამდე მზე თევზების თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 18 აპრილიდან - ვერძის თანავარსკვლავედში.

სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის გამო: aperire - „გახსნა, გაშლა“. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელწოდებაა იგრიკა.

აპრილი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა - სამხრეთ ნახევარსფეროში.

აპრილი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ივლისი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც იანვარი - ნაკიან წელში.

სტატისტიკა და აღწერილობა

აპრილის საშუალო თვიური ტემპერატურა მოსკოვის შემოგარენში არის +3,7°С, მზის ნათების ნორმაა 164,5 საათი.

საშუალო დღეღამური ტემპერატურის ასვლა ნულს ზევით ხდება დაახლოებით 3 აპრილს, ყველაზე ადრეული ვადაა 13 მარტი (1933), ყველაზე გვიანი 24 აპრილი (1929). თოვლის საფარი დნება დაახლოებით 12 აპრილს, ყველაზე ადრეული ვადაა 17 მარტი (1921), ყველაზე გვიანი 21 აპრილი (1926). 20 აპრილისთვის ნიადაგი სრულად ლხვება, ყველაზე ადრე ეს მოხდა 8 აპრილს (1935), ხოლო ყველაზე გვიან 5 მაისს (1929). აპრილი წყალდიდობის თვეა.

ამ თვეში (მონაცემები მოტანილია მოსკოვის შემოგარენისთვის) იწყება წვენის მოძრაობა არყის ხეში. მას შემდეგ, რაც თოვლი გალღვება, ყვავილობს ვირისტერფა, თხილი, წითელი ტირიფი, მურყანი, ოლე, მაჯაღვერი, ჩაწყობილა-ბაია, ბაია და სხვ.

სამხრეთიდან მოფრინდებიან პრანწიები და წეროები. თვის ბოლოსკენ (24 რიცხვის შემდეგ) გუგული იწყებს გუგუს ძახილს.

სოფლის მეურნისთვის და მებოსტნისთვის აპრილი ერთ-ერთი ყველაზე საქმიანი თვეა. ამ თვეში შუა ევროპაში ხდება საგაზაფხულო ხორბლის, ბოსტნეულის, სამყურას და სხვათა თესვა. მაშინვე იწყება ხეების სხვლა და რგვა, მდელოების რწყვა, ბოსტნებში თესავენ და გადარგავენ სხვადასხვა ბოსტნეულს. ადრეული საგაზაფხულო ხორბლის თესვის დასაწყისი რუსეთის შუა ზოლში წარმოებს ნიადაგის სრულად გალღობისთანავე, თვის მეორე ნახევარში. აპრილშივე, მცენარეების ყვავილობის დაწყებასთან ერთად იწყებენ მუშაობას ფუტკრებიც. ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც თამაშობს აპრილი ხალხის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ასახულია მის შესახებ არსებულ მთელ რიგ ანდაზებსა და ხალხურ წესებში. ხშირი ცვლილებების გამო, რომელსაც ამ თვეში ამინდი განიცდის, სალაპარაკო ენაში დაუდგრომელ ამინდს აპრილის ამინდს უწოდებენ, ამავე მიზეზით უწოდებენ აპრილის ახირებულობას სწრაფად ცვალებად სურვილებსა და კაპრიზებს.

აპრილი კვირის იმავე დღეს იწყება, როდესაც იწყება ივლისი ყველა წელიწადს და იანვარი ნაკიან წლებში,  ხოლო ყოველწლიურად იმავე დღეს მთავრდება, როდესაც მთავრდება დეკემბერი.

ისტორია და ეტიმოლოგია

სახელი აპრილი, სავარაუდოდ, როგორც ჯერ კიდევ ძველ დროში აღიარებდნენ (მაგალითად, მაკრობიუსი „სატურნალიებში“, სადაც, თავის მხრივ, იყო მინიშნება უფრო ადრინდელ ავტორებზე), ლათინური ზმნიდან aperire (ან aperio) მომდინარეობს, რაც „გაღებას“ ნიშნავს, რადგან ამ თვეში იტალიაში „იღებოდა“, იწყებოდა გაზაფხული, ყვავილობდა ხეები და ყვავილები. ამ ეტიმოლოგიის მხარდამჭერია სიტყვის ἁνοιξις (anoixis) „გაღება“ გამოყენება თანამედროვე ბერძნულ ენაში გაზაფხულის აღსანიშნავად. სხვა ვერსიით, თვის სახელი წარმოებულია ლათინური სიტყვიდან apricus „მზით გამთბარი“.

რადგან რომაული თვეებიდან ზოგიერთს სახელი ეწოდა ღვთაებების საპატივცემულოდ, აპრილიც ქალღმერთ ვენერას ეძღვნებოდა (Festum Veneris). რამდენადაც დღესასწაული Fortunae Virilis ტარდება თვის პირველ დღეს, გამოთქმული იქნა ვარაუდი, რომ თავად თვის სახელწოდება Aprilis წარმოიშვა Aphrilis-გან, ანუ მიუთითებენ ბერძნულ ქალღმერთ აფროდიტეზე (ასევე Aphros), ის კი რომაელებისთვის ქაფიდან შობილ ვენერასთან ასოცირდება და აქედან მოდის თვის სახელი Aprilis, წარმოებული სიტყვიდან άφρός (ქაფი), რომელიც შეიძლება დაეწერათ, როგორც Aphrilis. ამ ქალღმერთის სახელის ეტრუსკული ვარიანტია Апру (Apru). იაკობ გრიმი ვარაუდობდა ჰიპოთეტური ღვთაების ან გმირის – Апера (Aper) ან Апруса (Aprus) არსებობას.

აპრილში 30 დღეა, მაგრამ იულიუს კეისრის რეფორმამდე მხოლოდ 29 დღე იყო. ამ დროს იწყებოდა ღმერთებისადმი მიძღვნილი ყველაზე ხანგრძლივი სეზონი (19 დღე), რომლის განმავლობაშიც ძველ რომში არ მუშაობდა არც ერთი სასამართლო დაწესებულება. 65 წლის აპრილში, პიზონის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ, რომელიც იმპერატორ ნერონის წინააღმდეგ იყო მოწყობილი, შეშინებულმა რომის სენატმა გამოაცხადა აპრილის თვის სახელის შეცვლა „ნერონიუსზე“, ეს სახელწოდება 68 წლიდან, ნერონის სიკვდილის შემდეგ არ იხმარებოდა.

აპრილის ისტორიული ევროპული სახელწოდებები შეიცავს მის ანგლო-საქსონურ აღნიშვნას Oster-monath ან Eostur-monath. ბედა ღირსი ამტკიცებდა, რომ თვის სახელწოდებას საფუძვლად ედო აღდგომის დღესასწაული (თანამედროვე ინგლისურში Easter). გარდა ამისა, ის უშვებდა, რომ თვისთვის, შესაძლოა, სახელი ეწოდებინათ წარმართული ქალღმერთის Eostre-ს საპატივცემულოდ, რომელსაც იმ დროს დიდ პატივს სცემდნენ. კარლოს დიდსაც სურდა ამ თვისთვის გერმანული სახელის Ostermonat >„აღდგომის თვის“ შენარჩუნება; ჰოლანდიელები აპრილს უწოდებდნენ Grasmonat („ბალახის თვეს“). უკვე თანამედროვე დროში გერმანულ კომუნა ეშენბურგში იყო მისი სახელის Wandelmonat-ად ან Wandelmond-ად(„ცვლილებების თვედ“) შეცვლის მცდელობები. ძველ რუსულ კალენდარში (ქრისტიანობის შემოღებამდე) თვეს ერქვა „ბერეზოზოლ“ (березозол), ხალხური სახელწოდებებია, ასევე „სნეგოგონ“ (снегогон), „რუჩეინიკ“ >(ручейник), „ვოდოლეი“ (водолей), „პერვოცვეტ“ (первоцвет)>.

სხვა ენებზე

ევროპული ენების უმრავლესობაში აპრილის სახელი შეესაბამება ლათინურ ტრადიციას. თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი.

ფინურ ენაზე თვეს ჰქვია huhtikuu, ანუ „ხეების დაწვის თვე“, რადგან ამ დროს ჩეხავდნენ და წვავდნენ ხეებს, რათა მიწა გაესუფთავებინათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის. ჩეხურ ენაში აპრილს ეწოდება duben, სიტყვიდან „მუხა“. უკრაინულ ენაში квітень, პოლონურში kwiecień, სიტყვიდან „ყვავილობა“. აზრობრივად ახლისაა აპრილის ბელორუსული სახელწოდება красавік „აყვავებული“. ხორვატულ ენაზე travanj >„ბალახისა“. თვის თურქული სახელი Nisan >გამომდინარეობს ახლოაღმოსავლური ტრადიციიდან და ფესვად შუმერული სიტყვა nisag „პირველი ნაყოფები“ აქვს. ლიტვურ ენაზე ჰქვია balandis, რაც სიტყვასიტყვით „მტრედს“ ნიშნავს.

თანამედროვე ჩინურ და იაპონურ ენებში აპრილი აღინიშნება, როგორც „მეოთხე თვე“.

დღესასწაულები

9 აპრილი 1991 წელი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე