tropikebi - mSrali sezoni

 

მშრალი სეზონი - (ლათ. Dry season) (რუს. Сухой сезон)

რამდენიმე თვის განმავლობაში, ანტიციკლონების წანაცვლების შედეგად, ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური, განმეორებადი შემცირება და შეწყვეტაც კი, რასაც იწვევს მზის მიერ ეკვატორის სიბრტყის გადაკვეთა.

ტიპიური მშრალი სეზონი გვხვდება სუბეკვატორულ და ტროპიკულ გეოგრაფიულ სარტყლებში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მზის მოძრაობის პროცესში ტროპიკულ დეპრესიას ნალექების არაპროპორციულად მაღალი რაოდენობა მოაქვს. მზის უკანდახევის შემდეგ დგება ანტიციკლონი და ნალექები საერთოდ არ მოდის, ან მოდის ძალიან ცოტა და იშვიათად.

სუბტროპიკულ სარტყელში ასევე არის ხოლმე მშრალი სეზონი, მას ადგილი აქვს ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატში და მსგავსი მიზეზებით არის გამოწვეული ზაფხულში მზე, რომელიც თითქმის, მაგრამ არა ზუსტად, ზენიტშია, აყალიბებს მდგრად ანტიციკლონს, ხოლო ზამთარში ინტენსიურად ყალიბდება ციკლონები.

ზომიერ განედებში მშრალი სეზონი მუსონური კლიმატის პირობებში არსებობს, როდესაც მონაცვლეობით ქრის მშრალი და ნოტიო ქარი (უფრო ხშირად ზამთარი მშრალია, ხოლო ზაფხული – ნოტიო).

სუბარქტიკულ და არქტიკულ კლიმატში ყოველთვის ცოტა ნალექი მოდის, თუმცა აორთქლებაც დაბალია. ამიტომ ამ სარტყლებისთვის არ ხდება მშრალ და ნოტიო სეზონებად დაყოფა. ამიტომაც ცნებას „მშრალი სეზონი“, ძირითადად, სუბეკვატორული და ტროპიკული კლიმატისთვის იყენებენ.

დედამიწის ნახევარსფეროებში, რომლებიც ეკვატორით არის გამოყოფილი, სხვადასხვა სეზონებია მონაცვლეობით. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ სარტყელში მშრალი სეზონი ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით გრძელდება. ამ დროს წვიმა იშვიათად მოდის, ხოლო ამინდი უფრო ცხელი და მზიანია. აპრილში სეზონი იცვლება წვიმების სეზონით, რომელიც სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. სამხრეთ ტროპიკებში კი პირიქით, მშრალი სეზონი დგება.

გვალვა წყლის ძებნაში მიგრირებას აიძულებს ცხოველთა ისეთ სახეობებს, როგორებიცაა ზებრა, ანტილოპა გნუ, სპილო. დაბალი ტენიანობა აზევე ზელს უწყობს ხანძრების გავრცელებას ტყეებსა და სავანებში. გარდა ამისა, მშრალი სეზონი გავლენას ახდენს დაავადებების ზრდაზე, რაც, სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასრულება იწვევს ადამიანების კონცენტრაციის ზრდას დასახლებულ პუნქტებში. ასე, მაგალითად, 2008 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წითელათი დაავადების მაჩვენებელი მდინარე ნიგერის ველზე მნიშვნელოვანი სეზონური ცვალებადობით ხასიათდება, რამდენჯერმე უფრო მეტად, ვიდრე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ეს მაჩვენებელი სტაბილურია.

მკვლევართა სხვა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ამაზონის აუზის ატმოსფერო მშრალ სეზონში უფრო მეტად არის გაჯერებული ოზონით, ვიდრე წვიმების სეზონში.