tropikebi - tropikuli tyeebi

 

ტროპიკული ტყეები - (ლათ. Tropical rainforest) (რუს. Влажные тропические леса)

ნოტიო ტროპიკული ტყეები გავრცელებულია ეკვატორულ სარტყელში, ხასიათდება უხვი ნალექებით (2000-7000 მმ, ზოგჯერ 12 000 მმ-მდეც კი) და მათი შედარებით თანაბარი განაწილებით წლის განმავლობაში, ჰაერის პრაქტიკულად უცვლელი საშუალო ტემპერატურის პირობებში (24-28°C). გავრცელების ძირითადი რეგიონებია: სამხრეთი ამერიკა, ცენტრალური აფრიკა, სამხრეთ აღმოსავლეთი აზია და ავსტრალია. ნოტიო ტროპიკული ტყე ითვლება ევოლუციური აქტივობის ცენტრად, ახალი სახეობების ფორმირების ადგილად, საიდანაც ისინი სხვა რეგიონებში ვრცელდება. ის მცენარეულობის უძველესი ტიპია, პრაქტიკულად არ შეცვლილა მესამეული პერიოდიდან. ნოტიო ტროპიკული ტყეების ძირითადი ჯგუფებია მთის ნოტიო მარადმწვანე ტყეები, ჭაობის ტროპიკული ტყეები, ვაკეების ტროპიკული წვიმის ტყეები, მანგრები.

მანგრები გავრცელებულია ტროპიკული სანაპიროების მოქცევა-მიქცევის ზონაში და, თუ ამას თბილი დინებები უწყობს ხელს, ზომიერი კლიმატური ზონების ნაპირების გასწვრივაც. ის იზრდება ადგილებში, რომლებიც წყლისგან თავისუფალია მიქცევის დროს და დატბორილია მოქცევის დროს.

მთის მარადმწვანე ტროპიკული ტყეები იზრდება, როგორც წესი 1500-1800 მ სიმაღლეზე მაღლა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 10-12°-დე და უფრო დაბლა ეშვება, რაც ბევრ ორგანიზმს არ აძლევს განვითარების საშუალებას. ამ ტყეების შედარებით დაცულობას, რომელსაც საკმაო მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი პირობების სტაბილიზაციისთვის (წყლის დაცვის, ეროზიის საწინააღმდეგო და სხვ.) ხელს უწყობს მათი დაბალი სამეურნეო მნიშვნელობა, რაც რელიეფის პირობებთან შეგუების სირთულით არის განპირობებული.

ჭაობის ტყეებს ბევრად ნაკლები ადგილი უჭირავს, ვიდრე ვაკის დაუტბორავ ტყეებს. მათ შორის ბევრია, როგორც მსგავსება, ასევე განსხვავება. ისინი ერთსა და იმავე ვაკეებზეა გავრცელებული და ტროპიკული ტყეების ლანდშაფტურ მოზაიკას ქმნიან.

სეზონური ტროპიკული ტყეები იზრდება იმ ოლქებში, სადაც, კარგი დატენიანების მიუხედავად (2500-3000 მმ) არის მშრალი პერიოდები. ნალექების რაოდენობა და მშრალი პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვა ტყეებში არ არის ერთნაირი. ერთმანეთისგან განასხვავებენ მარადმწვანე სეზონურ ტყეებს (მაგალითად ავსტრალიის ევკალიპტების), ნახევრად მარადმწვანე (შერეულ) ტყეებს (ფოთოლმცვივანი სახეობები წარმოდგენილია ზედა იარუსში, ქვედაში კი – მარადმწვანე), ნათელ მეჩხერ ტყეებს (ფლორისტული შემადგენლობა ღარიბია, ზოგჯერ მხოლოდ ერთი სახეობით არის წარმოდგენილი). ფოთოლმცვივანი სეზონური ტროპიკული ტყეები იყოფა მუსონურ და სავანის ტყეებად.

მუსონური ტყეები იზრდება მუსონების მოქმედების არეში, მშრალი სეზონი დაახლოებით 4-5 თვე გრძელდება. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, ინდოჩინეთში, მალაკას ნახევარკუნძულზე, კუნძულ იავას ჩრდილო-აღმოსავლეთში. ამ ტიპის ტყეები იზრდება, ასევე, ვესტ-ინდოეთში, ცენტრალურ ამერიკაში (კუნძულ ტრინიდადზე, კოსტა-რიკაში) და დასავლეთ აფრიკაში.

სავანის ტყეები გავრცელებულია იმ ტროპიკულ რაიონებში, სადაც მკვეთრად არის გამოხატული მშრალი სეზონი და ნალექების წლიური რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე მიჯრილი ტყეების სარტყელში. უმეტესად გავრცელებულია კუბაზე და კარიბის ზღვის სხვა კუნძულებზე, სამხრეთ ამერიკის ბევრ რაიონში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, ზოგან – ინდოეთში, ჩინეთსა და ავსტრალიაში.

ეკლიანი ქსეროფილური ტყეები და ბუჩქნარი იზრდება ისეთ ადგილებში, სადაც ნალექების რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლებია. მისი მაგალითია კაატინგა, სადაც მშრალი სეზონის ხანგრძლივობა 6 თვეს აღემატება.

ტროპიკული წვიმის ტყე შესაძლოა ორი სიტყვით დახასიათდეს: სითბო და სინოტივე. მთელი წლის განმავლობაში საშუალო თვიური ტემპერატურა არ აღემატება 10°C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 1680 მმ-ს, ზოგ რაიონში შესაძლოა 10000 მმ-საც კი გადააჭარბოს, თუმცა ტერიტორიების უმეტესობისთვის 1750-2000 მმ[14] ფარგლებში იმყოფება. წვიმის ტყეების მცენარეები ძალიან მრავალფეროვანია, ერთ ჰექტარზე მხოლოდ ხეების 70 და მეტი სახეობაა. მათ ჭორის ჭარბობს ორლებნიანები, რომლებიც იმტვერება მწერებით, ფრინველებითა და ღამურებით. ბევრი ტროპიკული ტყის აღმოცენებაა დაკავშირებულია მუსონური ღარდაფების განლაგებასთან, რომლების ასევე კონვერგენციის შიდა ტროპიკულ ზონებად იწოდება.

ტროპიკული წვიმის ტყეები – ეს არის წვიმის ტყეები, რომლებიც მდებარეობს ეკვატორულ ზონაში კირჩხიბისა და თხის რქის ტროპიკებს შორის. ტროპიკული წვიმის ტყეები განლაგებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (მაიანმარში, ფილიპინებზე, მალაიზიაში, ინდონეზიაში, პაპუა-ახალ გვინეაში), შრი-ლანკაზე, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, აფრიკაში საჰარის სამხრეთით (კამერუნიდან კონგომდე), სამხრეთ ამერიკაში (ამაზონის წვიმის ტყეები), ცენტრალურ ამერიკაში (მაგალითად, ბოსავასი, ნახევარკუნძული იუკატანის სამხრეთ ნაწილში – ელ პეტენი – ბელიზი – კალაკმული) და წყნარი ოკეანის მრავალ კუნძულზე.

ტროპიკული ზღვის სანაპიროების მიქცევა-მოქცევის ზოლში – იმ ადგილებში, რომლებიც წყლისგან თავისუფალია მიქცევის დროს და დატბორილია მოქცევისას მანგროს ტყეები იზრდება. მანგროსთვის დამახასიათებელია მაღალი პროდუქტიულობა  და სახეობათა სიმწირე.

ტროპიკული წვიმის ტყეების თავისებურებები

ეკოსისტემის რთული სივრცითი სტრუქტურა;
ქვეტყე ბევრ ადგილას ცუდად არის განვითარებული, რადგან მზის სინათლე ნაკლებად აღწევს მიწის ზედაპირამდე; ამიტომ ადვილია ტყეში გადაადგილება. იმ ადგილებში, სადაც ტყის საბურველის ერთიანობა დარღვეულია, ან საბურველი თხელია, მიწა იფარება ერთმანეთში გადახლართული ლერწების, ბუჩქებისა და პატარა ხეების უწყვეტი საფარით. ტროპიკული ნოტიო ტყეების ასეთ ბარდებს და გაუვალ უბნებს ჯუნგლები ეწოდება;
ბიომრავალფეროვნების ძალიან მაღალი დონე (1 ჰა-ზე ხეების 40-დან 170-დე სახეობა გვხვდება);
ორგანული ნარჩენების სწრაფი ხრწნა;
ნიადაგის საფარის დაბალი სიმძლავრე – 5-10 სმ, ნახშირბადისა და აზოტის უმეტესობა ტყის ცოცხალ ნაწილშია[18];
რკინისა და ალუმინის ოქსიდების კონცენტრირება ნიადაგის ლატერიზაციის მეშვეობით (მასში კაჟმიწის შემცველობის შემცირებით და რკინისა და ალუმინის ოქსიდების შემცველობის ზრდით), ამიტომ მას კაშკაშა წითელი ან წითურა ფერი აქვს.
ბევრი ხისთვის დამახასიათებელია კაულიფლორია – ყვავილებისა და ყვავილედები წარმოქმნა ხის ტანზე და ღეროების უფოთლო უბნებზე.

ნიადაგი

მცენარეთა საფარის მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად ტროპიკულ წვიმის ტყეებში ნიადაგის ხარისხი ხშირად სასურველზე უარესია. ბაქტერიებით გამოწვეული სწრაფი ლპობა ხელს უშლის ჰუმუსის დაგროვებას. ლატერიზაციის პროცესის გამო რკინისა და ალუმინის ოქსიდების მაღალი კონცენტრაცია ნიადაგს კაშკაშა წითელ შეფერილობას აძლევს და ზოგჯერ მინერალების (მაგალითად, ბოქსიტების) საბადოებს ქმნის. ხეთა უმრავლესობის ფესვები ზედაპირთან ახლოს არის განლაგებული, რადგან სიღრმეში ცოტაა საკვები ნივთიერებები და მინერალურ ნივთიერებათა უმეტესობას ხეები ზედა ფენიდან იღებენ, რომელიც ფოთლებისა და ცხოველების ლპობის პროდუქტებს შეიცავს. ახალგაზრდა, განსაკუთრებით ვულკანური წარმოშობის წარმონაქმნებზე, ნიადაგები, შესაძლოა, საკმაოდ ნაყოფიერი იყოს. ხეების არარსებობის შემთხვევაში ნიადაგის გაშიშვლებულ ზედაპირზე, შესაძლოა, წვიმის წყალი დაგროვდეს, გამორეცხოს ნიადაგი და სათავე დაუდოს ეროზიის პროცესს.

რესურსული მნიშვნელობა

ტროპიკული წვიმის ტყეები წარმოადგენს ხე-ტყის, საკვები, გენეტიკური, სამედიცინო მასალების, სასარგებლო წიაღისეულის წყაროს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონული კლიმატის რეგულირებაში, რადგან 50%-დე უზრუნველყოფს წყლის წრებრუნვას ტრანსპირაციის გზით, რაც იწვევს ღრუბელთა აქტიურ წარმოქმნას მათი ზრდის ტერიტორიის ზედაპირის თავზე და წყლის დაბრუნებას ნალექების სახით.

ტროპიკული ტყეები, ასევე, პასუხისმგებელია მსოფლიოში ჟანგბადის 28%-ის წრებრუნვაზე. ხშირად წრებრუნვის პროცესი ერევათ ჟანგბადის წარმოებაში და ამიტომ, ტროპიკულ ტყეებს ხშირად „დედამიწის ფილტვებსაც“ უწოდებენ. თუმცა ეს არ სავსებით სწორი არ არის, რადგან ტროპიკული ტყეები შედარებით ნაკლები რაოდენობის ჟანგბადს აწარმოებენ, ხოლო ჟანგბადის დიდ უმრავლესობას აწარმოებენ ზღვის პლანქტონში მცხოვრები ციანობაქტერიები. ყველა ზრდასრული ტყის მსგავსად წვიმის ტყეც შთანთქავს და გამოყოფს დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის ჟანგბადსა და ნახშირბადს – ხეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი იხარჯება ფოთლებისა და მერქნის ლპობის დროს, გამოიყენება იქ მცხოვრები ცხოველების სუნთქვისთვის და ა. შ. მრავალ შემთხვევაში ტროპიკული წვიმის ტყეები ისეთი რაოდენობით გამოყოფენ ნახშირორჟანგს, რომელიც აჭარბებს ჟანგბადის პროდუქციას. თუმცა ტროპიკული ტყეები მთავარ როლს თამაშობს ნახშირბადის გლობალურ ციკლში, როგორც ნახშირბადის მდგრადი დამგროვებელი და ასეთი ტყეების განადგურება იწვევს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდას.

ტროპიკული წვიმის ტყეების სტრუქტურა

ტროპიკული წვიმის ტყეები, როგორც წესი, შედგება 3-4 ძირითადი იარუსისაგან (კორომი, ტყის საბურველი, ქვეტყე და ნიადაგის ჰორიზონტი), ყოველი მათგანი განსხვავებულ მცენარეებს და ცხოველებს შეიცავს, რომლებიც შეგუებულია გარკვეულ პირობებში ცხოვრებას. ძალიან ბევრია იარუსის გარე მცენარეები – ლიანები და ეპიფიტიები.

კორომი

კორომი შეიცავს მცირე რაოდენობით ძალიან მაღალ ხეებს, რომლებიც ამოიზარდნენ ტყის საერთო საბურველზე მაღლა და 45-55 მ სიმაღლეს მიაღწიეს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში ზოგიერთი სახეობა 70-80 მ სიმაღლესაც აღწევს. ამ იარუსზე ხშირად ახდენს ძლიერ ზემოქმედებას მაღალი ტემპერატურები და ძლიერი ქარები. აღნიშნული იარუსზე სახლობენ არწივები, პეპლები, ღამურები და ზოგიერთი სახეობის მაიმუნები.

ტყის საბურველი

ტყის საბურველს ქმნის ტროპიკული წვიმის ტყის ხეების უმრავლესობა და მისი სიმაღლე, როგორც წესი, 30-45 მეტრია. დედამიწაზე სწორედ აქ არის ყველაზე დიდი ბიომრავალფეროვნება – ფოთლების ერთიან საბურველში, რომელიც მომიჯნავე ხეების კენწეროებისგან იქმნება. ზოგიერთი შეფასებით, ტყის საბურველი დედამიწაზე არსებული მცენარეების დაახლოებით 50%-ის საცხოვრებელი ადგილია. ძირითადი ნაწილია ეპიფიტები, რომლებიც მაგრდებიან ხეების ტანს და ტოტებზე და წყალსა და მინერალურ ნივთიერებებს იღებენ წვიმისა და ორგანული ნარჩენებისგან. აუნა, თავისი შემადგენლობით, ახლოს არის კორომის იარუსის ფაუნასთან, მაგრამ უფრო მრავალფეროვანია. ასევე ვარაუდობენ, რომ წვიმის ტყის საბურველში ცხოვრობს მწერების არსებული სახეობების მეოთხედი.

მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ ივარაუდეს, რომ ტყის საბურველი უდიდესი რაოდენობის სახეობათა საცხოვრებელი ადგილი იყო, მაგრამ მხოლოდ ახლახან იქნა შემუშავებული შესწავლის პრაქტიკული მეთოდები. ჯერ კიდევ 1917 წელს ნატურალისტი უილიამ ბიბი ამბობდა: ცხოვრების კიდევ ერთი კონტინენტი რჩება შეუსწავლელი, მაგრამ არა დედამიწაზე, არამედ მისი ზედაპირიდან 200 ფუტის სიმაღლეზე, კონტინენტი, რომელიც ათასობით კვადრატულ მილზე ვრცელდება“. ტყის საბურველის სრულფასოვანი შესწავლა მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც მეცნიერებმა შეიმუშავეს ამ იარუსის მიღწევის მეთოდები (მაგალითად, არბალეტების გამოყენება თოკების სასროლად). ტყის საბურველის შესწავლა ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ მუშავდება შესწავლის სხვა მეთოდებიც: აეროსტატებისა და დირიჟაბლების გამოყენება, ამწეებისა და სპეციალური, ხეების ვარჯებზე დაგებული საქვეითო ბილიკების შენება. მეცნიერებას, რომელიც დაკავებულია ხეების კენწეროებზე წვდომით, დენდრონავტიკა ეწოდება (ინგლისური სიტყვიდან Dendronautics).

ქვეტყე

ქვეტყის იარუსი ტყის საბურველს და ნიადაგის ჰორიზონტს შორის იმყოფება. ამ იარუსში მრავალი სახეობის ფრინველი, გველი, ხვლიკი და მწერი ცხოვრობს, აქვე არიან მტაცებლებიც (იაგუარი, მახრჩობელა გველი, ჯიქი). ამ იარუსის ხეებისა და ბუჩქების ფოთლები ტყის საბურველის ხეების ფოთლებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა. ქვეტყეს განეკუთვნება, ასევე, ახალგაზრდა ხეები, რომლებიც შემდგომ ტყის საბურველის სიმაღლისა გაიზრდება. ქვეტყის იარუსამდე აღწევს ტყის საბურველის მიერ მიღებული მზის სხივების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 5%. ამ იარუსს ბუჩქნარის იარუსიც შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა ეს უკანასკნელი ცალკე იარუსადაც შეგვიძლია განვიხილოთ.

ნიადაგის ჰორიზონტი

ნიადაგის ჰორიზონტი ყველაზე დაბალი იარუსია და მზის სინათლის მხოლოდ 2%-ს იღებს, ამიტომ ამ იარუსზე მხოლოდ ის მცენარეები იზრდება, რომლებიც შეგუებულია სუსტ განათებას. მდინარეების ნაპირებისგან, ჭაობებისგან და ღია სივრცეებისგან მოშორებით, სადაც ხშირი ქვეტყე იზრდება, ნიადაგის ჰორიზონტი შედარებით თავისუფალია მცენარეებისგან. ის შეიცავს მცენარეებისა და ცხოველების ლპობის პროდუქტებს, რომლებიც სწრაფად იხრწნება თბილი და ნოტიო კლიმატის წყალობით, რომელიც ხელს უწყობს სწრაფ ხრწნას. ამას ასევე ხელს უწყობს მრავალი სახეობის სოკო.

მცენარეული სამყარო, ნოტიო ტროპიკული მცენარეულობა

ნოტიო ტროპიკული ტყეები ხასიათდება ყველაზე მდიდარი ფლორით დედამიწაზე (მცენარეთა ყველა სახეობის 4/5-ზე მეტი), რომელშიც ჭარბობს ხის ჯიშები (უმაღლესი მცენარეების სახეობათა 70%-ზე მეტი) და გამოირჩევა მათი მრავალფეროვნებით (1 ჰა ფართობზე 40-დან 100-დე სახეობა). ზომიერი ტყეებისგან განსხვავებით ტროპიკულ ტყეებში იშვიათად შეგხვდება ერთმანეთის გვერდით ერთი სახეობის ორი ხე. ჭაობის ტყეებში მეტია დაბალი ხეები, განსაკუთრებით პალმები, უფრო განვითარებულია ფესვების ზედაპირული სისტემა. ნალექების ჭარბი რაოდენობა, მაგალითად ინდონეზიის ჭაობიან ადგილებში, ართულებს ნიადაგის აერაციას, რაც აღარიბებს ფლორისტულ შემადგენლობას. ნოტიო ტროპიკულ ტყეებში ჭარბობს დიპტეროკარპუსების, პარკოსანთა, მირტისებრთა, პალმების ოჯახების სახეობები, გავრცელებულია ხეგვიმრები. ხის ტანიდან გამოდის მძლავრი ბადროსებრი ფესვები, რომელთა სიმაღლე ზოგჯერ 8 მ-ს აღწევს. ჭაობის ტყის ხეებს ხშირად ოჩოფეხა ფესვები აქვს.

ტროპიკული წვიმის ტყის სტრუქტურაში, ჩვეულებრივ, ხეების 3 იარუსს გამოყოფენ. ზედა იარუსი შედგება 50-55 მ, იშვიათად – 60 მ სიმაღლის ცალკეული გიგანტური ხეებისგან, რომელთა ვარჯები ერთმანეთს არ ეკვრის. საშუალო იარუსის, 20-30 მ სიმაღლის ხეები ქმნიან შეკრულ საბურველს. ამ იარუსში თავმოყრილია ლიანებისა და ეპიფიტების ძირითადი მასა. ქვედა იარუსის ხეების სიმაღლე არ აღემატება 20 მ-ს. ამ იარუსის განვითარება განათებაზე არის დამოკიდებული, ამიტომ ზრდასრულ ტყეებში ის მეჩხერია და არ უშლის ხელს ადამიანების მოძრაობას. რთულია ბუჩქნარისა და ბალახის იარუსების მკვეთრად გამიჯვნა. ზოგიერთი ბალახი, მაგალითად ბანანი, სიმაღლეში, შესაძლოა, 6 მ-ს აღწევდეს. მომწიფებულ ტყეში ბალახის იარუსის ფლორისტული შემადგენლობა, ჩვეულებრივ, 1-2 სახეობით შემოიფარგლება. უფრო ბნელ ადგილებში ბალახის საფარი და ბუჩქნარი საერთოდ არ არის, ხოლო შედარებით ნათელ ადგილებში, ტყისპირებზე, მდინარეების ნაპირებზე ისინი ბრწყინვალებას აღწევენ. დიდია სპოროვანი მცენარეების: გვიმრებისა და ლიკოპოდიუმების როლი. სახეობათა და სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნების წყალობით იარუსებს არა აქვთ მკვეთრი საზღვრები, მითუმეტეს, რომ კარგად არის განვითარებული იარუსის გარე მცენარეულობა: ლიანები და ეპიფიტები. მთის ნოტიო ტროპიკულ ტყეებში ორიარუსიანი კორომის პირველი იარუსის ხეების სიმაღლე არ აღემატება 20 მ-ს. აქ გავრცელებულია გვიმრები, ბამბუკი, ეპიფიტები.

ტროპიკულ ტყეში ყვავილობის ხანა შედარებით თანაბრად არის განაწილებული წელიწადის განმავლობაში. ზოგიერთი სახეობა მთელი წელი ყვავილობს, ამასთან ზოგიერთ ტოტზე ყვავილია, ზოგზე კი – მწიფე ნაყოფი. ბევრ ხეზე ყვავილები და ყვავილედები წარმოიქმნება უშუალოდ ხის ტანზე ან ტოტების უფოთლო უბნებზე. ამას ეწოდება კაულიფლორია. არის პალმების, ბამბუკებისა და სხვა მცენარეების ისეთი სახეობები, რომლებშიც მოცემული სახეობის ყველა ეგზემპლარი ერთდროულად და მცირე პერიოდში ყვავილობს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ზრდისთვის ხელსაყრელი პირობებია, ხეებს აქვთ მოსვენების პერიოდებიც.

მართალია, მარადმწვანე ტყეები და უფრო მეტიც, თითოეული ხე ამ ტყეებში, არასდროს დგას ფოთლების გარეშე, ხეებს მაინც სცვივა ფოთლები, ოღონდ, არა ერთდროულად (ზოგიერთი სახეობის გარდა), არამედ ულუფებად. გაშლილი ფოთლები შესაძლოა სხვადასხვა ნათელი ფერისა იყოს: წითელი, მურა-წითელი, თეთრი და სხვ. ზედა იარუსების ხეების ფოთლები ქსეროფილურია: დიდი, ხეშეში, ბზინვარე, რადგან დღის ცხელ პერიოდში ძალიან ძლიერია ტრანსპირაცია (აორთქლება). ტყის სიღრმეში ფოთლები მათგან სრულიად განსხვავებულია. სხვადასხვაგვარ ბუჩქებს და ბალახებს აქვს არა ქსეროფილური, არამედ ჭარბი ტენის მოსაშორებელი სამარჯვები, რადგან ტყის საფარქვეშ ტრანსპირაცია სუსტია.

მანგრების მცენარეები შეგუებულია მლაშე წყალში, ისეთ ნიადაგებზე ცხოვრებას, რომლებსაც არ მიეწოდება ჟანგბადი. სახეობრივი შემადგენლობა ღარიბია: ზღვის ბალახისა და ჰალოფილური სუკულენტების ჩათვლით 8 ოჯახის 12 გვარის დაახლოებით 50 სახეობას ითვლის. უმეტესობა რიზოფორების, ავიცენიების, ბრუგუიერების გვარის წარმომადგენელია. ცოტაა ლიანები და ეპიფიტები. გავრცელებულია ოჩოფეხა და სასუნთქი ფესვები. მანგრების მრავალი მცენარის თესლი დედა-მცენარეში ღვივდება ჯერ კიდევ უმწიფარ ნაყოფში. 8-15 მ სიმაღლის ხეები შეკრულ საბურველს ქმნის.

სეზონური ტროპიკული ტყეების მცენარეულობა

მუსონურ ტყეებში შეიძლება გამოვყოთ მცენარეული თანასაზოგადოებების სამი ძირითადი ჯგუფი:

1.   შერეულ ტყეებში დომინირებენ ტერმინალიები, დალბერგიები, ალბიციები და სხვ., ქვეტყე შედგება ბამბუკებისა და პატარა პალმებისგან.
2.   ტექის ტყეებშია ტექის ხე (დიდი ტექტონა), ფოთოლმცვივანი Acacia lencophloea და Albizzia procera და მარადმწვანე Butea frondosa, Scheichera trijuda და სხვ.
3.   გიგანტური შორეას ხეების ტყე, ქვეტყეში ტერმინალიები, ხემაგარები და სხვ.

ინდოეთში ხარობს ეკალმუხა, ინდური დაფნა. თუმცა ლიანები და ეპიფიტები არ არის ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც მარადმწვანე ტყეებში, მაგრამ მაინც მეტია, ვიდრე სავანის ტყეებში. მუსონურ ტყეებში ტყის საბურველი, ნოტიო ტროპიკულ ტყეებთან შედარებით, გაიშვიათებულია, ამიტომ ბალახის საფარველი მასში შეკრულია. ბალახი, ძირითადად, ერთწლიანია, განსაკუთრებით მშრალ ადგილებში ჭარბობს ველური შაქრის ლერწამი.

დასავლეთ აფრიკაში ამ ტიპის ტყის ზედა იარუსისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ტრიპლოქიტონი (Triplochiton scleroxylon).

სავანის ტყეებისთვის ტიპიურია ფოთოლმცვივანი ხეები პარკოსანთა ოჯახიდან, რომელთაც, როგორც წესი, აქვთ ბრტყელი, ქოლგის ფორმის ვარჯი. ხეების სიმაღლე 18 მეტრამდე აღწევს. იმ ადგილებში, სადაც ხეების სიმაღლე 3-4,5 მეტრია, წვიმების სეზონზე, შესაძლოა, ბალახი ხეებზე მაღალი იყოს. ბალახის საფარის საფუძველს მარცვლოვნები შეადგენს.

ეკლიან ქსეროფილურ ტყეებში გვხვდება ხეები ქერცლის მსგავსი ფოთლებით და ბუჩქები უფოთლო მწვანე ღეროებით. მცენარეები ხშირად ეკლებით არის დაფარული, ღეროებისა და ფესვების ქსოვილებს წყლის მომარაგების უნარის აქვს.

ცხოველთა სამყარო

სახეობათა რაოდენობით ტროპიკული ტყეები მნიშვნელოვნად აჭარბებს ზომიერი და ცივი ქვეყნების ტყეებს. ტროპიკული წვიმის ტყეების ფაუნა უმდიდრესია მაგრამ, ამის მიუხედავად, აქ მცირეა ნებისმიერი, ცალკე აღებული სახეობის წარმომადგენელთა რაოდენობა.

ტროპიკული ტყეების ცხოველები, როგორც წესი, ხეებზე ცხოვრობენ, უპირატესად მათ ვარჯებში. ძუძუმწოვრების წარმომადგენლებია მაიმუნები, ციყვები, მფრინავები (ციყვისებრთა ოჯახიდან), ზარმაცასებრნი, Zenkerella insignis, Erethizontidae, ზოგიერთი მწერიჭამია, მტაცებელი და სხვ. ფრინველებიდან წარმოდგენილია თუთიყუშები, კოდალები, ტუკანები, ჰოაცინები და სხვები; ქვეწარმავლების მაგალითებია ქამელეონები, ხის გველები, ზოგიერთი გეკონი, იგუანა, ჯოჯო; ამფიბიების – ზოგიერთი ბაყაყი.

ნოტიო ტროპიკულ ტყეებში სინათლის უკმარისობის გამო ქვეტყე და ბალახეული საფარი ღარიბია, ამიტომ მათში ცოტაა მიწისზედა სახეობები. მათ წარმოადგენენ ტაპირები, მარტორქები, პეკარები, ბეჰემოთები. მსხვილი ძუძუმწოვრების, მათ შორის სპილოების, ჟირაფების, კამეჩების არეალია სეზონური ტროპიკული ტყეები.

ძალიან მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი უხერხემლოები. ისინი, შესაძლოა, იყოს საკმაოდ დიდი, გამოირჩეოდეს ფორმებისა და შეფერილობის სიმდიდრით, მათ შორის არის ჭიანჭველები, ტერმიტები, მრავალფეხიანები, პეპლები და სხვ.

იხ. ასევე, ტყის ფაუნა.

ეკოლოგია

ტროპიკული ტყეები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პლანეტის ბიოსფეროსთვის. ისინი დედამიწაზე არსებული ყველა ბიოლოგიური სახეობის თითქმის ნახევრის, ხოლო მცენარეების სახეობათა 4/5-ზე მეტის საცხოვრებელი გარემოა. ტროპიკული ტყეების ფართობი დედამიწის ტყეების ერთიანი ფართობის ნახევარს შეადგენს და აწარმოებს მსოფლიოს ტყეების ერთიანი პირველადი სუფთა პროდუქციის 69%-ს. ტროპიკული ტყეებიდან წელიწადში დაახლოებით 55,5 გიგატონა ჟანგბადი გამოთავისუფლდება. ნოტიო ტროპიკული ტყეების ბიომასაში თავმოყრილია კონტინენტებზე არსებული ორგანული ნივთიერებების მარაგის ნახევარზე მეტი, მათ მიერ შებოჭილია დაახლოებით 4,6 გიგატონა ნახშირორჟანგი. ტროპიკული ტყეები აორთქლებენ ატმოსფეროში გადასული წყლის დაახლოებით 9%-ს. მაღალი ბიოლოგიური პროდუქტიულობისა (წელიწადში 3500 გ/მ2-დე) და დიდი ფოთოლცვენის მიუხედავად, მათში ნიადაგის ჰორიზონტის მარაგი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზომიერ ტყეებში. ეს გამოწვეულია როგორც ინტენსიურ გამორეცხვასთან, ასევე ზოგადად ხრწნის ინტენსიურობასთან წვიმის ტყეებში, ამასთან, სოკოები და ტერმიტები ახდენენ მცენარეული ნივთიერებების ყოველწლიური ნამატის 90%-ზე მეტის გადამუშავებას. დანარჩენს ჭამენ მცენარეების მჭამელები, რომლებიც, თავის მხრივ, მტაცებლების კვების წყაროს წარმოადგენენ.

პირველადი ტროპიკული ტყეების ნახევარი გადაშენდა მათ ადგილას ან მეორადი ტყეები აღმოცენდა, ან მხოლოდ ბალახეული თანასაზოგადოებები დარჩა, რომლებიც, შესაძლოა, უდაბნოდ გადაიქცეს. ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ტროპიკული წვიმის ტყეების შემცირება. სეზონურად ნოტიო ტროპიკების ეკოლოგიური სისტემები ადაპტირებულია როგორც სეზონური ცვლილებებთან, ასევე მშრალი და ნოტიო პერიოდების ხანგრძლივობებს შორის განსხვავებებთან წლების მიხედვით, ამიტომ ისინი უფრო მდგრადია ანთროპოგენური ზემოქმედებისადმი. პროცესს ამძაფრებს ის, რომ ტყის ჭრის დროს, სულ რაღაც 1-2 წელიწადში ხდება საკვები ნივთიერებების გამორეცხვა ნიადაგიდან ნიადაგქვეშა გრუნტში. ტროპიკული ტყეების ფართობის შემცირების ძირითადი მიზეზებია:

ახოიან-ცეცხლოვანი მიწათმოქმედება,
ტყეების დაწვა საძოვრებისთვის,
ტყის დამუშავება.

მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციამ, მაგალითად ბუნების და ბუნებრივი რესურსების დაცვის საეთაშორისო ორგანიზაციამ (IUCN), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამამ (UNEP) კარგად იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტროპიკული ტყეები პლანეტის ბიოსფეროსთვის და ხელს უწყობს მის შენარჩუნებას. შექმნილია დაახლოებით 40 მილიონ ჰექტარზეა შექმნილი დაცული ტერიტორიები, მათ შორის არის: სალონგისა და მაიკოს ეროვნული პარკები (ზაირში), ჟაუ, ამაზონის (ბრაზილიაში), მანუ (პერუში), კანაიმა (ვენესუელაში). არსებობს მოსაზრება, რომ ტროპიკული ტყეების ეკოსისტემების შესანარჩუნებლად დაცული ტერიტორიები უნდა მოიცავდეს ტყეების საერთო ფართობის 10%-ს.