tropikebi - tropikli sartyelebis naxevarudabnos zonebi

 

ტროპიკული სარტყელების ნახევარუდაბნოს ზონები - (ლათ. ) (რუს. )

ნახევარუდაბნო, ანუ გაუდაბნოებული ტრამალი ლანდშაფტის ტიპია, რომელიც არიდული კლიმატის პირობებში ჩამოყალიბდა. ნახევარუდაბნო ხასიათდება ტყეების არარსებობით, სპეციფიკური მცენარეულობითა და ნიადაგის საფარით. ნახევარუდაბნოებში ერთმანეთს ეხამება ტრამალებისა და უდაბნოების ლანდშაფტების ელემენტები.

ნახევარუდაბნოები გვხვდება დედამიწის ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში და ქმნის ბუნებრივ ზონას, რომელიც განლაგებულია ჩრდილოეთიდან – ტრამალების ზონასა და სამხრეთიდან – უდაბნოების ზონას შორის. ზომიერ სარტყელში ნახევარუდაბნოები განლაგებულია უწყვეტ ზოლად აზიის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, კასპიისპირა დაბლობიდან ჩინეთის აღმოსავლეთ საზღვრამდე. სუბტროპიკებში ნახევარუდაბნოები ფართოდ არის გავრცელებული პლატოების, ზეგნებისა და მთების ფერდობებზე (ანატოლიის ზეგანი, სომხეთის ზეგანი, ირანის ზეგანი, კარუ, ფლინდერსი, ანდების მთისწინეთი, კლდოვანი მთების ველები და სხვ.) ტროპიკებში ნახევარუდაბნოები დიდ სივრცეებზეა გადაჭიმული. ეს განსაკუთრებულად ითქმის აფრიკაზე: საჰარის სამხრეთით არის საჰელის ზონა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გაუდაბნოებული სავანის ლანდშაფტები.

ნახევარუდაბნოების ნიადაგები

მშრალ და ნახევრად მშრალ კლიმატში წარმოქმნილი ნიადაგები მდიდარია მარილებით, რადგან აქ მცირეა ატმოსფერული ნალექები და ამიტომ, ნიადაგი მარილებს აკავებს. ნიადაგის აქტიურად ფორმირება მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც ნიადაგი დამატებით ტენს იღებს მდინარეებიდან ად მიწისქვეშა წყლებიდან. ატმოსფერულ ნალექებთან შედარებით მიწისქვეშა და მდინარეების წყლები უფრო მარილიანია. მაღალი ტემპერატურის გამო დიდია აორთქლება, რომლის დროსაც ნიადაგი შრება და მიმდინარეობს წყალში გახსნილი მარილების კრისტალიზაცია.

მარილების მაღალი შემცველობა განაპირობებს ნიადაგის ტუტე რეაქციას და მცენარეებს უხდება მასთან შეგუება. კულტურულ მცენარეთა უმრავლესობა ვერ იტანს ასეთ პირობებს. განსაკუთრებით საზიანოა ნატრიუმის მარილები, რადგან ნატრიუმი აფერხებს ნიადაგის მარცვლოვანი სტრუქტურის ფორმირებას. ამის შედეგად ნიადაგი გარდაიქმნება მკვრივ, უსტრუქტურო მასად. გარდა ამისა, ნატრიუმის სიჭარბე ნიადაგში ხელს უშლის ფიზიოლოგიურ პროცესებს და მცენარეების კვებას.

მცენარეულობა

ნახევარუდაბნოების ძლიერ გაიშვიათებული მცენარეული საფარი ხშირად წარმოგვიდგება მოზაიკის სახით, რომელიც შედგება მრავალწლიანი ქსეროფიტული ბალახებისგან, კორდის მარცვლოვანი კულტურებისგან, ჩარანებისა და აბზინდებისგან, ასევე ეფემერებისა და ეფემეროიდებისგან. ამერიკაში, ჩვეულებრივ წარმოდგენილია სუკულენტებით, უმთავრესად კაქტუსებით. აფრიკისა და ავსტრალიისთვის ტიპიურია ქსეროფიტული ბუჩქების ბარდები (იხ. სკრები) და მეჩხერად მზარდი დაბალი ხეები (აკაცია, დუმ-პალმა, ბაობაბი და სხვ.). მიწათმოქმედება ნახევარუდაბნოებში შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური რწყვის პირობებში. მზის სიუხვის წყალობით აქ ზრდიან ძვირფას ტექნიკურ კულტურებს, განსაკუთრებით ბამბას. ნახევარუდაბნოების მცენარეულობა გამოიყენება საქონლის საძოვრად, განსაკუთრებით გაზაფხულზე.

ცხოველთა სამყარო

ნახევარუდაბნოების ცხოველებს შორის განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია კურდღლები, მღრღნელები (თრია, მიწის კურდღელი, მექვიშია, მემინდვრია, ზაზუნა) და ქვეწარმავლები; ჩლიქოსნებიდან – ანტილოპები, ნიამორები, მუფლონები, კულანები დ სხვები. წვრილი მტაცებლებიდან ყველგან არის გავრცელებული ტურა, ზოლებიანი აფთარი, კარაკალი, ველის კატა, მელია ფენეკი და სხვ. საკმაოდ მრავალფეროვანია ფრინველები. ბევრია მწერი და ობობასნაირი (ყარაყურთები, მორიელები, ფალნგები).

მოსახლეობის საქმიანობა

მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობაა საძოვრული მეცხოველეობა. ოაზისური მიწათმოქმედება გავრცელებულია მხოლოდ სარწყავ მიწებზე (წყალსატევების მახლობლად).

ნახევარუდაბნოების დაცვა

მსოფლიოს ნახევარუდაბნოების ბუნებრივი ლანდშაფტების დაცვისა და შესწავლისთვის შექმნილია რიგი ეროვნული პარკებისა და ნაკრძალებისა, მათ შორის არის უსტიურტის ნაკრძალი, ტიგროვაია ბალკა, არალ-პაიგამბარი.