tropikebi - tropikuli fauna

 

ტროპიკული ფაუნა - (ლათ. Tropical fauna) (რუს. тропической фауны)

ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში მცხოვრები ცხოველების სახეობების ერთობლიობა. ხმელეთის ტროპიკული ფაუნა წარმოდგენილია ნოტიო ტროპიკული და ეკვატორული ტყეების, მარადმწვანე ხეშეშფოთლოვანი და ფოთოლმცვივანი ტროპიკული ტყეების, სავანების, უდაბნოებისა და სხვა მცენარეულ თანასაზოგადოებებში მობინადრე ცხოველებით. არსებობის პირობების მრავალფეროვნების მიუხედავად ტროპიკული ფაუნის წარმომადგენლებს რიგი საერთო თვისებები აქვთ: სითბოს მოყვარულობა, ნაკლები ნაყოფიერება (ნაკლები კვერცხები ფრინველებში და ნაკლები ნაშიერები ძუძუმწოვრებში). სახეობების რაოდენობით ტროპიკული ფაუნა მნიშვნელოვნად აჭარბებს საშუალო და მაღალი განედების ფაუნას. სახეობების სიუხვისა და სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნების გამო ტროპიკებისთვის ერთობ დამახასიათებელია ის, რომ ცხოველებში კარგად არის განვითარებული მფარველობითი ფერები და ფორმები, კერძოდ კი მიმიკრია (იხ. მიმიკრია).

ზოგიერთი ჯგუფი დიდი მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა, ანტილოპები (სავანებში), ჭიანჭველები (ნოტიო ტროპიკულ ტყეებში), ტერმიტები (მთელს რეგიონში). ბევრი სისტემური ჯგუფი მთლიანად ან უპირატესად ტროპიკულია, სხვა სისტემურ ჯგუფებში სახეობათა რაოდენობა ტროპიკებში უფრო მეტია, ვიდრე მის საზღვრებს გარეთ. ძუძუმწოვრებიდან ტროპიკებს გარეთ თითქმის არ გვხვდება მაიმუნები; ტროპიკების მხოლოდ ზოგიერთი რაიონებით შემოიფარგლება ნახევრად მაიმუნების, სპილოების, მარტორქების, ტაპირების, ხვლიკების, ჭიანჭველაჭამიების, ზარმაცების გავრცელება; ღამურებისგან, რომლებიც ტროპიკებში სახეობათა მნიშვნელოვანი რაოდენობით არის წარმოდგენილი, მხოლოდ ტროპიკებში გვხვდება ახალი სამყაროს მტაცებელი ღამურები და ამერიკული ცხვირფოთოლასებრნი. ტროპიკული ფაუნისთვის ფრინველებიდან განსაკუთრებულად დამახასიათებელია თუთიყუშები, მტრედები, გუგულები, ტროგონები, წვეროსანასებრნი, რქაცხვირასებრნი, ტუკანები, მენექტრიები, თაფლიწოვიები, კოლიბრები და ზოგიერთი სხვა; ქვეწარმავლებიდან იგუანები (ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა, მადაგასკარი, ფიჯი), გეკონები, სცინკები, ქამელეონები (უპირატესად აფრიკაში), გველები, ნიანგები; ამფიბიებიდან ბაყაყები, ვასაკები (მეხეური ბაყაყები), გომბეშოები, უფეხო ამფიბიები (ცეცილიები). უხერხემლოებიდან მრავალფეროვანი მორიელები, ობობები, ასევე სხვადასხვა მწერები, ხოჭოები, პეპლები, სწორფრთიანები, მოსკიტები, ჭიანჭველები, ტერმიტები, ასევე ხმელეთის წურბელები და სხვ. ტროპიკული აფრიკისთვის დამახასიათებელია ბუზი ცეცე, ადამიანის საღათას ძილისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაგანას დაავადების გამომწვევების გადამტანები. ოკეანის ტროპიკული ფაუნა გამოირჩევა ფორმების დიდი მრავალფეროვნებით, ოდნავ ნაკლებით, ვიდრე სხვა სარტყლებში, ლიტორალის ბინადართა გამოკლებით, რომლებიც გარს ერტყმის ტროპიკულ კუნძულებს. ზოგიერთი თევზი (ზვიგენები, სკაროსები, მფრინავი თევზები, შეზრდილყბიანები, შიმშერები და აფროსნები), ზღვის კუები და ზღვის გველები, უხერხემლოებიდან ფრთაფეხიანი მოლუსკები, მარგალიტოვანები, ნაუტილუსები, პირფეხიანი კიბოები, ლანგუსტები, რიფების წარმომქმნელი მარჯნები მხოლოდ (ან უმთავრესად) ტროპიკებში გვხვდება. ტროპიკულ ზღვებთან არის ასევე დაკავშირებული ფრინველები ფაეტონები და ფრეგატები, რომლებიც სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ზღვის თავზე საკვების ძებნაში ატარებენ. ტროპიკულ ზღვებში ზღვის ძუძუმწოვრებიდან ბინადრობენ სირენები (დიუგონები და ლამანტინები), მრავლდება კაშალოტები. იხ. ასევე ტროპიკული რეგიონი.

ხმელეთისა და ოკეანის ტროპიკული ფაუნა წარმოდგენილია უძველესი ფორმებით, რადგან მისი განვითარება უწყვეტი იყო, რადგან აქ არ მომხდარა ზომიერი და ცივი სარტყლებისთვის დამახასიათებელი მატერიკული გამყინვარებები, და წყლის ტემპერატურის შემცირება, რომელიც მათთან არის დაკავშირებული. ადამიანის ზეგავლენით ხმელეთის ტროპიკულმა ფაუნამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, მრავალი სახეობა გადაშენდა ან გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდა. განსაკუთრებულად დაზიანდა ტროპიკული კუნძულების ფაუნა. ტროპიკებში ფართოდ გავრცელდა სინანტროპული ცხოველები (თაგვები, ვირთხები და სხვ.). ტროპიკული ფაუნის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გენოფონდის შესანარჩუნებლად, რომელსაც დიდი როლი შეუძლია ითამაშოს ცხოველების მოშინაურებასა და აკლიმატიზაციაში.