atmosferuli naleqebi - wvima

 

წვიმა - (ინგ. Rain) (რუს. Дожд)

ატმოსფერული ნალექები, რომელიც ღრუბლიდან სცვივა 0,5-დან 6-7 სმ საშუალო დიამეტრის მქონე სითხის წვეთების სახით.
ნაკლები დიამეტრის წვეთების თხევად ნალექებს თქორს უწოდებენ. 6-7 მმ-ზე მეტი დიამეტრის წვეთები ღრუბლებიდან დაცემის პროცესში შედარებით მცირე წვეთებად იყოფა, ამიტომ თქეშის დროსაც კი წვეთების დიამეტრი არ აღემატება 6-7 მმ-ს. წვიმის ინტენსივობა მერყეობს 0,25 მმ/სთ-დან (თქორი) 100 მმ/სთ-მდე (დელგმა).

წარმოქმნის მექანიზმი

წვიმა, როგორც წესი, შერეული (უპირატესად ფენა-წვიმის და მაღალი ფენობრივი) ღრუბლებიდან მოდის, რომლებიც 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე გადამეტცივებულ წვეთებს და ყინულის კრისტალებს შეიცავს. წყლის ორთქლის გაჯერების დრეკადობა წვეთების ზევით მეტია, ვიდრე ყინულის კრისტალების ზევით იმავე ტემპერატურაზე; ამიტომ ღრუბელი, რომელიც არ არის წყლის ორთქლის გაჯერებული წყლის წვეთებთან მიმართებაში, გადაჯერებული იქნება ყინულის კრისტალებთან მიმართებაში. ეს იწვევს ერთდროულად კრისტალებისზრდას და წვეთების აორთქლებას. წვეთები მსხვილდება, მძიმდება და ღრუბლიდან ცვივა, ამ დროს ყინავს მასთან მიტმასნილ გადამეტცივებულ წვეთებს. ღრუბლის ქვედა ნაწილში და მის ქვემოთ, 0°C ტემპერატურის მქონე ფენებში შესვლისას ისინი დნება და წვიმის წვეთებად გარდაიქმნება. წვიმის წარმოქმნაში ნაკლებ როლს თამაშობს ღრუბლის წვეთების ერთმანეთთან შეერთება.

თუ მზე ანათებს მფრინავ წვიმის ღრუბლებს, გარკვეულ პირობებში შეიძლევა ცისარტყელას დანახვა.

დიდი ხნის უწვიმობა გვალვას იწვევს.

წარმოქმნის პირობები

წვიმა, როგორც მოვლენა, პლანეტებზე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ მათ ატმოსფეროებში გარკვეული ტემპერატურული პირობები არსებობს. პლანეტა დედამიწაზე და ტიტანზე (სატურნის თანამგზავრზე) ასეთი პირობები არის. ამ პირობების არსი ის არის, რომ აღნიშნული ციური სხეულების ატმოსფეროს ქვედა ფენებში არსებულ ტემპერატურულ პირობებში შესაძლებელია რომელიმე ნივთიერების ორ ან სამ აგრეგატულ მდგომარეობაში ყოფნა. დედამიწაზე ეს წყალია. დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ფენებში წყალი სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში შეიძლება იყოს. ტიტანის ტემპერატურული პირობები ხელს უწყობს მეთანის წვიმების მოსვლას, რადგან ამ პირობებში მეთანი შეიძლება იყოს როგორც თხევად, ასევე აიროვან მდგომარეობაში.

წვიმის ღრუბლების წარმოქმნა

წვიმის ღრუბლების წარმოქმნა ხდება ან გაჯერებასთან ახლოს მყოფი, მაგრამ სხვადასხვა ტემპერატურის ჰაერის ორი მასის შერევისა, ან ტენიანი ჰაერის დედამიწის, შედარებით ცივ ზედაპირთან შეხების გამო ან ჰაერის აღმავალ ნაკადებში. პირველ შემთხვევაში ნარევის ტენიანობა ყოველთვის აჭარბებს შერეული მასების ტენიანობას და ჰაერი შეიძლება გაჯერებული გახდეს. ამ მიზეზით მოსული წვიმები სუსტია, თუმცა მათი ხანგრძლივი მოქმედებით მიწაზე დიდი რაოდენობის წყალი შეიძლება მოვიდეს. ასეთი სახისაა ევროპული ქვეყნების წვრილი, მაგრამ ხანგრძლივი შემოდგომის წვიმები. მეორე მიზეზით წვიმები ხშირად მოდის სანაპირო ქვეყნებში წელიწადის ცივ დროს ზღვის ქარების არსებობისას. მაგრამ ყველაზე უხვი ნალექები მოდის ჰაერის აღმასვლის დროს, განსაკუთრებით თბილ ქვეყნებში, სადაც ჰაერში მნიშვნელოვნად დიდია წყლის ორთქლის შემცველობა: ატმოსფეროს შედარებით მაღალ, უფრო გაიშვიათებულ ფენებში გადასვლისას ჰაერი ფართოვდება, ამ დროს მისი ტემპერატურა იკლებს, ის უახლოვდება გაჯერების ზღვარს და კიდევაც გადადის მას და ხდება წყლის ორთქლის ნაწილის კონდენსირება. ასეთებს მიეკუთვნება ნალექები, რომელიც მოდის ტენიანი ჰაერის აღმასვლისას მთების ფერდობებზე, ასევე ნალექები ციკლონების ფორმირების არეებში (ბარომეტრულ მინიმუმებზე).

ნალექების განაწილება

წვიმებისა და ნალექების განაწილებას საერთოდ დედამიწის ზედაპირზე და წელიწადის დროების მიხედვით დიდი კლიმატური მნიშვნელობა აქვს.

რეგიონების მიხედვით

პასატებით მოტანილი თბილი და ორთქლით მდიდარი ჰაერის აღმასვლის შედეგად წლის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის წვიმები მოდის ოკეანეების თავზე შტილის ზოლში. ატლანტის ოკეანეზე შტილის ზოლი (ეკვატორული წვიმების არე) წლის განმავლობაში ხან ჩრდილოეთით, ხან სამხრეთით გადაადგილდება სამხრეთ განედის 5°-სა და ჩრდილოეთ განედის 12°-ს შორის. წვიმები აქ წლის უმეტეს დროს დღისით მოდის, ღამით კი ცა, ჩვეულებრივ, მოწმენდილია. თუმცა, ნალექების ყველაზე მეტი წლიური რაოდენობა მოდის არა აქ, არამედ იქ, სადაც ქარები ხვდება მათ პერპენდიკულარულ მთის ქედებს. შესანიშნავი მაგალითია ნალექები ჩერაპუნჯში, კხასის მთების სამხრეთ ფერდობზე, ბენგალის ყურიდან ჩრდილოეთით. ექვსი თვის განმავლობაში (აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით) აქ სამხრეთ-დასავლეთის მუსონი ქრის; მოემართება რა ინდოეთის ოკეანიდან, თუ ტემპერატურა მაღალია, ის მდიდარია წყლის ორთქლით, ხოლო როდესაც გადაუვლის ტენიან და ცხელ, ჭაობიან ვაკეს, რომელიც კხასის მთებსა და ბენგალის ყურეს შორის არის განლაგებული, ორთქლით კიდევ უფრო მდიდრდება. მთების ფერდობებზე ოდნავ ასვლისას უკვე აღწევს გაჯერების დონეს და ნალექების მასას გამოჰყოფს. ჩარაპუნჯში ყოველწლიურად (ან, უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ექვსი თვის განმავლობაში) საშუალოდ 11 777 მმ წვიმა მოდის. კხასის მთების სამხრეთი ფერდობის გარდა წვიმიან ადგილებს ეკუთვნის, ასევე: მალაბარის ნაპირი ინდოსტანის სამხრეთ-დასავლეთში (უშუალოდ ნაპირზე მოდის 3000 მმ, ხოლო მთის ფერდობზე 6000 მმ-ზე მეტი ნალექი), ამაზონის დაბლობი, ცენტრალური ამერიკის ნაწილი, ზონდისა და მოლუკის კუნძულები (1500 მმ-ზე მეტი).

საშუალო განედებში ძალიან წვიმიანი ქვეყნებია ჩინეთის დიდი ნაწილი და მთელი იაპონია. ნალექებით განსაკუთრებით ღარიბია: საჰარა, კალაჰარი, არაბეთი, ირანის დიდი ნაწილი, არალის-კასპიის ზღვების დაბლობი, მთიანი აზიის დიდი ნაწილი, შიდა ავსტრალია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ მთიანეთი, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაღალი განედები, პასატების რაიონები ოკეანეებში. ამის მიზეზები სხვადასხვაა. ასე მაგალითად, საჰარასა და არალი-კასპიის ზღვების დაბლობში წელიწადის უმეტეს დროს ქარები ჩრდილოეთიდან უბერავს. სამხრეთისკენ მოძრაობისას ისინი შორდება გაჯერების დონეს და ამიტომ მშრალია; ბარომეტრული მინიმუმები აქ იშვიათად გადის, ხოლო როდესაც გადის, ჰაერის მაღალი სიმშრალის გამო არ მოაქვს უხვი ნალექები. აზიის მთიანეთი მთების არის გარშემორტყმული, რომელიც ქარებით მოტანილი ტენის კონდენსირებას ახდენს თავის გარე ფერდობებზე, შიგნით კი უკვე მშრალი ქარები აღწევს. პასატები, შედარებით ცხელ ქვეყნებში მოძრაობის დროს თანდათან თბება და თუ ოკეანეების თავზე გადიან, ორთქლით მდიდრდება, თუმცა ვერ აღწევს გაჯერების ხარისხს და ამიტომ მშრალ ქარებს წარმოადგენს. მათში წვიმები მოდის მხოლოდ და მხოლოდ გრიგალების გავლის დროს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, დელგმა ახლავს თან.

ზომიერ განედებში ნალექების განაწილება, ძირითადად, ციკლონებისა და ანტიციკლონების მოძრაობის (ბარომეტრული მინიმუმებისა და მაქსიმუმების) მიმართულებით და განმეორებადობით არის განპირობებული. პირველი, როგორც უკვე იყო აღნიშნული, დიდი ღრუბლიანობითა და ნალექებით ხასიათდება, მეორე მშრალი და მზიანი ამინდით. გარდა ამისა, ისევე, როგორც საერთოდ, დიდ გავლენას ახდენს ხმელეთისა და წყლის განაწილება და მთის ქედები. ევროპაში წვიმის არეები, ჩვეულებრივ გარს ერტყმიან ციკლონს ყოველი მხრიდან, ხშირად კონცენტრული იზობარების ზონებად. ყველაზე უხვი ნალექებია არა ციკლონთან ახლოს, არამედ მისი არის საზღვრებთან, ვერცხლისწყლის სვეტის 745-760 მმ იზობარებს შორის, ასევე იზობარების მკვეთრად გამოწეული ზონებში, რაც მიუთითებს მთავარი ციკლონის არეში მეორეხარისხოვანი მინიმუმების არსებობაზე, უმეტესწილად ამ უკანასკნელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მეორეხარისხოვან მინიმუმებში აღინიშნება ჰაერის გრიგალისებური მოძრაობა, რომელსაც თან ახლავს თქეში დაჭექა-ქუხილი.

მათი ყველაზე დიდი წლიური რაოდენობაა შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში (2000 მმ-ზე მეტი). ნალექების ყველაზე მცირე რაოდენობაა კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე (200 მმ-მდე წელიწადში). ცოტა ნალექებია ასევე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ნაპირებსა და კუნძულებზე, რადგან აქ ჰაერი ცივია და ამიტომ მცირე რაოდენობით შეიცავს წყლის ორთქლს.

წელიწადის დროების მიხედვით

დედამიწაზე ნალექები წლის განმავლობაში საკმაოდ არათანაბრად არის განაწილებული. მუსონების რეგიონებში (სამხრეთ-აზიურში, აღმოსავლეთ-აზიურში, აფრიკულში და ავსტრალიურში) ცივ თვეებში მშრალი ქარები ქრის და არ არის ან ძალიან მცირეა ნალექები; თბილი თვეებში კი პირიქით უხვი ნალექები მოდის. საშუალო განედების სამხრეთ ნაწილებში (სუბტროპიკული ქვეყნებში) ზაფხული მშრალია, ხოლო ზამთარი, გაზაფხული და შემოდგომა წვიმიანი. ამის მიზეზია პასატების პოლარულ საზღვრებთან არსებული მაღალი ატმოსფერული წნევის არეების გადაადგილება ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ. ძველ სამყაროში ეს ზოლი მოიცავს მესოპოტამიას, ირანს, აღმოსავლეთ ამიერკავკასიას, ცენტრალური აზიის შედარებით დაბლობ ადგილებს.

ზომიერ განედებში საერთოდ არ აღინიშნება მკვეთრი განსხვავება ნალექების განაწილებაში  წელიწადის დროების მიხედვით. ევროპაში ყველაზე მეტი ნალექი მოდის: ნორვეგიაში – სექტემბერ-დეკემბერში, შოტლანდიასა და ფარერის კუნძულებზე – დეკემბერ-იანვარში, შვედეთში – აგვისტოში, დანიაში – აგვისტო-სექტემბერში, ნიდერლანდებსა და ჩრდილოეთ გერმანიაში – აგვისტოში, შუა და სამხრეთ გერმანიაში – ივნის-აგვისტოში, ბელგიაში – სექტემბერში, დასავლეთ და ჩრდილოეთ საფრანგეთში – ოქტომბერ-ნოემბერში, სამხრეთ საფრანგეთსა და იტალიის უმეტეს ნაწილში – ოქტომბერში, შუა და აღმოსავლეთ ევროპაში – ზაფხულში, ჩრდილოეთ შვეიცარიაში – აგვისტოში, ავსტრიაში, უნგრეთსა და ჩეხეთში – ივნისში, პირენეის ნახევარკუნძულის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში – ზამთარში, შიდა ზეგანზე – შემოდგომით და გაზაფხულზე, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ზამთარსა და შემოდგომაზე. რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ნალექი ზაფხულში მოდის; ყველაზე წვიმიანი თვეა ივნისი.

წვიმის წვეთები

წვეთების ცვენა ხდება მაშინ, როდესაც წყლის პატარა წვეთები უფრო დიდ წვეთებად ერთდება, ან როდესაც წყლის წვეთები იყინება ყინულის კრისტალებზე. ეს პროცესი ბერჟერონ-ფინდაიზენის პროცესის სახელით არის ცნობილი. ჩვეულებრივ, ჰაერის წინააღმდეგობა აიძულებს წყლის წვეთებს ღრუბელში ჩამოკიდებულად დარჩენას. როდესაც ჰაერის ტურბულენტობა იქმნება, წყლის პატარა წვეთები ერთმანეთს ეჯახება და წარმოქმნის დიდ წვეთებს. წყლის ეს მსხვილი წვეთები დაბლა ეშვება და შეერთება გრძელდება  მანამ, სანამ წვეთები საკმაოდ მძიმე არ გახდება იმისთვის, რომ დაძლიოს ჰაერის წინააღმდეგობა და წვიმის სახით წამოვიდეს. შერწყმა ყველაზე ხშირად იმ ღრუბლებში ხდება, რომლებშიც ტემპერატურა წყლის გაყინვის ტემპერატურაზე მეტია. ღრუბლებში, სადაც ტემპერატურა წყლის გაყინვის ტემპერატურაზე ნაკლებია, როდესაც ყინულის კრისტალები საკმარის მასას იძენს, ვარდნას იწყებს. როგორც წესი, ყინულის კრისტალებისგან ეს უფრო მეტ მასას მოითხოვს, ვიდრე წყლის წვეთებისგან, რომ მათი ვარდნა დაიწყოს. ეს პროცესი ტემპერატურაზეა დამოკიდებული, რადგან წყლის გადამეტცივებული წვეთები მხოლოდ იმ ღრუბლებში შეიძლება არსებობდეს, რომლებშიც ტემპერატურა წყლის გაყინვის წერტილზე ნაკლებია. გარდა ამისა, ღრუბლისა და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურებს შორის დიდი სხვაობის გამო ყინულის კრისტალები ჰაერშივე შეიძლება დადნეს და წვიმის სახით მოვიდეს.

წვიმის წვეთების ზომები 0,1-დან 6-7 მმ-მდე მერყეობს – საშუალო დიამეტრი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში წვეთები, როგორც წესი, უფრო წვრილ წვეთებად იშლება. წვრილ წვეთებს ღრუბლის წვეთებს უწოდებენ. მათ სფერული ფორმა აქვს. როდესაც წვეთის ზომები იზრდება, ჰაერის შემხვედრი ნაკადის ზემოქმედების წყალობით მისი ფორმა სულ უფრო მეტად შეჭყლეტილი ხდება. წვიმის დიდ წვეთებს უფრო ბრტყელი ძირი აქვს. ძალიან მსხვილ წვეთებს აქვს პარაშუტის ფორმა. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ფორმით ისინი სულაც არ ჰგავს ცრემლს. წვიმის ყველაზე დიდი წვეთები დედამიწაზე დაფიქსირებულია ბრაზილიასა და მარშალის კუნძულებზე 2004 წელს ზოგიერთი მათგანის დიამეტრი 10 მმ-ს აღწევდა. მათი დიდი ზომები აიხსნება კონდენსატის ფორმირებით ბოლის მსხვილ ნაწილაკებზე ან წვეთების ერთმანეთთან შეჯახებით ჰაერში მათი მაღალი კონცენტრაციის გამო.

წვიმის ინტენსივობა და ხანგრძლივობა, როგორც წესი, ერთმანეთის უკუპროპორციულია, ანუ მოსალოდნელია, რომ მაღალი ინტენსივობის უამინდობა ხანმოკლე იქნება, ხოლო სუსტი ნალექების ხანგრძლივობა შეიძლება მნიშვნელოვნად დიდი იყოს. წვიმის წვეთები, რომლებიც გამდნარი სეტყვისგან წარმოიქმნება, როგორც წესი, სხვებზე დიდია. 0.5 მმ დიამეტრის მქონე წვიმის წვეთების ვარდნის სიჩქარე ზღვის დონეზე და უქარო ამინდში შეადგენს წუთში 2-დან 6,6 მეტრამდე, მაშინ, როდესაც 5 მმ დიამეტრის წვეთების სიჩქარეა წამში 9-დამ 30 მეტრამდე. წვიმის წვეთების წყალზე დაცემის ხმას იწვევს წყლის ქვეშ არსებული ჰაერის ბუშტულები.

მჟავა წვიმები

ძირითადი სტატია: მჟავა წვიმა

ნორმალური წვიმის მჟავიანობაა pH 5,6. მჟავა წვიმის pH ნაკლებია. როდესაც წყლის pH 5,5-ის ტოლია, იღუპება წყალსატევების ფსკერის სასარგებლო ბაქტერიები, ხოლო pH 4,5-ზე მთლიანად ნადგურდება თევზი, და წყალხმელეთა მცენარეებისა და მწერების უმრავლესობა.

მჟავა წვიმები დიდი პრობლემაა მრავალი რეგიონისთვის, სადაც არის სამრეწველო საწარმოები. ისინი გარემოში აფრქვევენ გოგირდისა და აზოტის ოქსიდებს, რომლებიც სხვადასხვა მჟავებს წარმოქმნიან, მათ შორის აზოტმჟავას და გოგირდმჟავას.

წვიმების სახეები და სახელები

ასევე არსებობს წვიმის ეგზოტიკური სახეობები, როგორიცაა, მაგალითად ქვის, სისხლიანი, შავი, ყვითელი, რძის, შვრიის მარცვლების, ჭვავის მარცვლების, ფოთლების, ყვავილების, მწერებისგან, ბაყაყებისა და თევზებისგან.

წვიმა კულტურასა და მეურნეობაში

მსოფლიოში ადამიანების დამოკიდებულება წვიმის მიმართ სხვადასხვაგვარია. ზომიერი კლიმატის მქონე რეგიონებში, როგორიცაა, მაგალითად, ევროპა, წვიმას სევდის ელფერი აქვს „ის ტირის ჩემს გულში, როგორც წვიმა ქალაქში“, წერს პოლ ვერლენი. მზე კი ამ დროს სიხარულთან ასოცირდება. ამასთან ერთად, ტრადიციული პესიმისტური შეხედულება წვიმაზე ზოგჯერ დადებითი მნიშვნელობით იცვლება, რაც მიწათმოქმედებასთან (ნაყოფიერებასთან, სისუფთავესთან), ან ესთეტიკურ გრძნობებთან  არის დაკავშირებული.

გვალვიან რაიონებში, მაგალითად აფრიკის, ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში (რაც, კერძოდ, ბიბლიაშიც არის აღნიშნული), წვიმა ღვთის წყალობად ითვლება და აღმაფრენას იწვევს, რადგან დროულად მოსული ნალექებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმ რეგიონებისთვის, სადაც სასმელი და სარწყავი წყლის განაწილება წვიმის მოსვლით არის განპირობებული. ბოტსვანაში, სეტსვანის ენაზე სიტყვა „წვიმა“ – „პულა“ გამოიყენება, როგორც ეროვნული ვალუტის სახელი, ამ უდაბური ქვეყნისთვის ნალექების როლის საპატივცემულოდ.

ბევრ კულტურაში არის წვიმისგან თავდაცვის საშუალებები (ქურთუკები, საწვიმრები, ქოლგები) და შემუშავებულია დრენაჟის სისტემები (ღარები, წყალსადინარები, თხილები, არხები). იქ, სადაც ნალექი მთელი წლის განმავლობაში ან სეზონურად (მუსონები) უხვად მოდის, ადამიანები უპირატესად წყალგაუმტარ საცხოვრებლებს იშენებენ.

ბევრ ადამიანს სიამოვნებს წვიმის დროს ან მის შემდეგ დამდგარი დამახასიათებელი სუნი. მას საფუძვლად სამი მდგენელი აქვს. სუნის წყარო, სახელად პეტრიკორი არის მცენარეული ზეთი, რომელსაც ნიადაგი იწოვს და წვიმის დროს ჰაერში უშვებს. წვიმის არომატის სხვა ორი მდგენელია ნიადაგის ბაქტერიების ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლება და ჭექა-ქუხილის დროს გამოყოფილი ოზონი.

ბუნებრივია, რომ წვიმის წყალს ოდითგანვე სარგებლობა მოჰქონდა სოფლის მეურნეობისთვის და ხელს უწყობდა ბალახის ზრდას. ამიტომ მასზე იყო დამოკიდებული როგორც მიწათმოქმედი, ასევე მესაქონლე ხალხების კეთილდღეობა. ჩნდებოდნენ ღვთაებები და სულები, რომლებიც მართავდნენ წვიმას, შელოცვები, რომლებიც გამოიყენებოდა წვიმის მოსაწვევად ან მის შესაწყვეტად. ბევრ კულტურაში არსებობს წვიმის მოწვევის სპეციალური რიტუალი, რომელსაც გვალვის დროს ასრულებენ.

წვიმის წყალს აგროვებდნენ სასმელად და მეურნეობაში გამოსაყენებლად. ამჟამად, წვიმის მჟავიანობის ზრდამ და მასში მტვრის არსებობამ წვიმის წყალი სასმელად და კვების მიზნით გამოუსადეგარი და ჯანმრთელობისთვის საშიში გახადა მსოფლიოს საწარმოო რეგიონებში, თუმცა, ზოგან ამ წყალს დღემდე იყენებენ საკვებში.

ურბანიზაცია უცილობლად ითვალისწინებს წვიმის წყლის არინების ფაქტორს. ქალაქებში ნიადაგი ხელოვნური საფარის ქვეშ იმალება, რომელიც ხელს უშლის წვიმის წყლის შეწოვას. ამიტომ საჭიროა წყლის დრენაჟისა და არინების სისტემების შემუშავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუვითარებელი ინფრასტრუქტურის არსებობისას იზრდება ქალაქის შეტბორვის, სახლების საძირკვლების გამორეცხვის, სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელების დატბორვის რისკი. ასე მაგალითად, ზედაპირიდან მჟონავი გრუნტის წყლებით ნიუ-იორკის მეტროს დატბორვის თავიდან ასაცილებლად 2012 წელს ფუნქციონირებდა 753 ტუმბო, რომელიც წუთში დაახლოებით 2,5 ათას ლიტრ წყალს ამოტუმბავდა. ვაშინგტონში, ლონდონში და მოსკოვში მეტროს გვირაბები კიდევ უფრო ღრმად აარის გაყვანილი, რაც ზრდის დატვირთვას თქეშით გამოწვეული ჩადინებისგან.

სეტყვა
თოვლჭყაპი
კოკისპირული
თავსხმა
ირიბი წვიმა
ჟინჟღლი
გადაუღებელი წვიმა
ხანმოკლე წვიმა
ზოლისებრი წვიმა
თქორი (წვრილი წვიმა, ჟინჟღლი)