atmosferuli naleqebi - setyva

 

სეტყვა - (ინგ. Hail) (რუს. Град)

ნიაღვრული ნალექების სახეობა უპირატესად მომრგვალო ფორმის ყინულის ნაწილაკების (სეტყვის კაკლების) სახით. უფრო ხშირია ზაფხულსა და შემოდგომაზე. ზამთარშიც შესაძლებელია, მაგრამ შედარებით მცირე ზომებისა. გაზაფხულზე ძალიან იშვიათია.

სხვა ნალექების მსგავსად, წვიმის ღრუბლებში სეტყვა იწყება წყლის წვეთების სახით. როგორც კი წვეთები იზრდება და ტემპერატურა ქვემოთ, გაყინვის ტემპერატურამდე ვარდება, წვეთები იქცევიან ზედმეტად გაცივებულ წყლად და იყინებიან კონდენსატის ბირთვის კონტაქტისას. დიდი სეტყვის განივი კვეთის საშუალებით შეგვიძლია დავინახოთ ხახვის მსგავსი სტრუქტურა. ეს ნიშნავს იმას, რომ სეტყვის გუნდა შედგება სქელი და გამჭვირვალე ფენებისაგან, რომელის წყობაც თეთრი და გაუმჭვირვალე ფენების მონაცვლეობაა. თეორიული ვარაუდის მიხედვით სეტყვის გუნდები განიცდიდნენ მრავალჯერად აღმავალ და დაღმავალ მოძრაობს, ნოტიო ზონიდან გამყინვარების ზონაში გადასვლას. ეს ზედა-ქვედა მოძრაობა ივარაუდებოდა სეტყვის გუნდის შიდა ფენების წარმოქნის მიზეზად. ახალმა კვლევებმა (რომლებიც ეფუძნება თეორიასა და საველე სწავლებას) აჩვენეს რომ ეს ყოველთვის ასე არ არის.

ქარიშხლის აღმავალი მოძრაობა ზემოთ მიმართული ქარის მოძრაობის 180 კმ/სთ (110 ლილი/სთ) სიჩქარე წარმოქმნის სეტყვას ღრუბლებში. როდესაც სეტყვა ზემოთ მიიწევს, იგი გაივლის ღრუბლის ისეთ მონაკვეთს, სადაც მონაცვლეობენ ტენის კონცენტრაცია და გაყინული წყლის წვეთები. სეტყვის ზრდის ცვლილება დამოკიდებულია ტენიანობასა და გაყინული წყლის წვეთების მონაცვლეობაზე, რომელსაც იგი ეხება. ამ წყლის წვეთების ურთიერთშერწყმა სეტყვის გუნდების ზრდის სულ სხვა ფაქტორია. როდესაც სეტყვა შედის იმ გარემოში სადაც წყლის წვეთების მაღალი კონცენტრაციაა, სეტყვა იჭერს ამ უკანასკნელს (წყლის წვეთს) და წარმოიქმნება გამჭვირვალე ფენა. როდესაც სეტყვა მოხვდება ისეთ გარემოში, სადაც ძირითადად წყლის ორთქლია, ამ შემთხვევაში წარმოიქმნება თეთრი გაუმჭვირვალე ყინულის ფენა.

უფრო მეტიც, სეტყვის სიჩქარე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიცია აქვს ღრუბელს და რა მასა აქვს მას. ეს განსაზღვრავს სეტყვის ფენების სხვადასხვა სისქეებს. სეტყვაზე ზედაპირული წყლის წვეთებიდან მიღწეული ზრდა დამოკიდებულია შესაბამის სიჩქარეზე ამ წყლის წვეთებსა და სეტყვას შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად უფრო დიდი სეტყვა ჩამოყალიბდება მეტად ძლიერი აღმასვლისაგან, სადაც მათ ზრდისათვის უფრო მეტი დრო აქვთ. ამავდროულად როდესაც სეტყვა იზრდება, იგი ათავისუფლებს სითბოს, რაც მის გარსს თხევად ფაზაში ინახავს. "სველი ზრდის" პროცესის გავლისას მისი გარე ფენა ბლანტია (წებოვანია), ან უფრო მეტად წებოვანი, ასე რომ ერთი სეტყვა შეიძლება გაიზარდოს სხვა მეტად მცირე სეტყვებთან შეჯახებით, წარმოქმნიან რა უფრო დიდ უფორმო ერთეულებს.

სეტყვა ჭექა-ქუხილში აგრძელებს გზას, სანამ მისი მასა ვეღარ გაუძლებს აღმავალ დინებას. ამას, შეიძლება მინიმუმ 30 წუთი დასჭირდეს, რაც დამოკიდებულია სეტყვის წარმომქმნელი გარემოს აღმავალ დინებაზე, რომლის მაქსიმუმიც 10 კმ (6,2 მილი) სიმაღლეს აღემატება. შემდგომ ის ვარდება მიწის მიმართულებით და იგი განაგრძობს ზრდას სანამ არ გასცდება ღრუბელს. მოგვიანებით ის იწყებს დნობას რადგანაც ჰაერში ტემპერატურა ყინვის ტემპერატურაზე მაღალია.

ამდენად, უნიკალური ტრაექტორია ჭექა-ქუხილში საკმარისია იმისთვის, რომ ავხსნათ სეტყვის ფენების მსგავსი სტრუქტურა. ერთადერთი შემთხვევა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მრავალჯერადი ტრაექტორია, არის მრავალუჯრედოვანი ელჭექი, საიდანაც სეტყვა შეიძლება გამოიტყორცნოს (გამოვარდეს) ყველაზე ზემოთ არსებული "დედა" უჯრედიდან და დაჭერილ იქნას აღმავალ დინებაში მყოფი მეტად ინტენსიური (ძლიერი) "შვილი უჯრედის" მიერ. თუმცა ეს გამონაკლისი შემთხვევაა.

ჰაერის დაღმავალი დინება

დაღმავალი დინება წარმოიქმნება ჩამძირავი ჰაერის სვეტით, რომელიც მიწის ზედაპირთან დაჯახების შემდეგ ვრცელდება ყველა მიმართულებით და მას შეუძლია წარმოქმნას დამანგრეველი ქარების ზოლი რომელიც ვრცელდება 240 კმ/სთ (150 მილი/სთ) სიჩქარით. მას ხშირად ტორნადოს მსგავსი, თუმცა მაინც განსხვავებული ზიანის მოტანა შეუძლია, იმიტომ რო, დაღმავალი დინების ფიზიკური მახასიათებლები სრულიად განსხვავდება ტორნადოსაგან. დაღმავალი ნაკადის ზიანი ვრცელდება ცენტრის გარშემო, რადგანაც დაღმავალი სვეტი ვრცელდება სიბრტყეზე მისი მიწის ზედაპირთან შეჯახებით, მაშინ როცა ტორნადოს მიერ მიყენებული ზიანი მიმართულია წრეზე მოძრავი ქარების გასწვრივ. იმისათვის, რომ გავასხვაოთ ტორნადოსა და დაღმავალი ნაკადის მიერ მიყენებული ზიანი, გამოიყენება ტერმინი - სწორხაზოვანი ქარები - მიკრონაკადებისგან მიყენებული ზიანის დასახასიათებლად.

დაღმავალი ნაკადები ძირითადად წარმოადგენს ელჭექიდან ქვემოთ მიმართულ ჭავლებს. თუ დაღმავალ ნაკადებში არ არის ატმოსფერული ნალექი ან მასში მხოლოდ ვირგაა (წვიმა, რომელიც ჰაერშივე ორთქლდება), მას მშრალ დაღმავალ ნაკადს უწოდებენ. თუ დაღმავალ ნაკადს ნალექიც მოჰყვება, მაშინ ეს სველი დაღმავალი ნაკადის სახელითაა ცნობილი. უმეტესი დაღმავალი ნაკადები 4 კმ (2,5 მილი) სიგრძისაა. მსგავს დაღმავალ ნაკადებს მიკრონაკადებს უწოდებენ. თუ დაღმავალი ნაკადის სიგრძე 4 კმ-ს (2,5 მილი) აღემატება, მაშინ ასეთ ნაკადებს მაკრონაკადებს უწოდებენ). დაღმავალი ნაკადები ვრცელ ფართობს ფარავს. განსაკუთრებულ შემთხვევაში დერეჩოს შეუძლია დაფაროს 320 კმ (200 მილი) სიგანისა და 1600 კმ (990 მილი) სიგრძის ფართობი და მისი ხანგრძლივობა ხშირად 12 საათს აღემატება. დერეჩო ხშირად ასოცირდება ყველაზე ძლიერ სწორხაზოვან ქარებთან, მაგრამ მისი წარმოქმნის პროცესი განსხვავდება დაღმავალი ნაკადების უმრავლესობათაგან.

აღწერილობა

სეტყვის კაკლების სახე, აგებულება და ზომები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სეტყვა არის სფეროსებრი ან არასწორი ფორმის ყინულის ნაწილაკები (სეტყვის კაკლები), რომელთა ზომები მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდეა. გვხვდება 130 მმ ზომისა და 1 კგ წონის სეტყვის კაკლებიც. სეტყვის კაკალი შედგება გამჭვირვალე ყინულის არანაკლებ 1 მმ სისქის ფენებისგან, რომლებიც ნახევრად გამჭვირვალე ფენებთან მონაცვლეობს. მეტეოროლოგიაში სეტყვას განასხვავებენ თოვლის ხორხოშელასგან ყინულის გაუმჭვირვალე, თეთრი ფერის, 2-დან 5 მმ-მდე ზომის მყიფე და ადვილად დასაქუცმაცებელი ნამცეცებისგან. ასევე ცნობილია ისეთი ატმოსფერული ნალექები, როგორიცაა ყინულოვანი წვიმა, რომელიც არ უნდა ავურიოთ სეტყვაში. სეტყვა, როგორს წესი, მოდის წელიწადის თბილ დროს, სიმაღლეში კარგად განვითარებული, მძლავრი გროვა-წვიმის ღრუბლებიდან, ჩვეულებრივ, თქეშთან და ჭექა-ქუხილთან ერთად. მოსული სეტყვის ფენა რამდენიმე სანტიმეტრია. სეტყვის ხანგრძლივობა იცვლება რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე, უფრო ხშირად 5-10 წუთია და ძალიან იშვიათად 1 საათი და მეტი. სეტყვა უმეტესად ზაფხულში მოდის, დღისით. ღამით სეტყვა უიშვიათესი მოვლენაა.

სეტყვის კაკლების პარამეტრების ვარიაციები

ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი ფორმაა კონუსური ან პირამიდული, წაწვეტებული ან ოდნავ წამახული წვეროთი და მომრგვალებული ფუძით; ასეთი სეტყვის კაკლის ზედა ნაწილი, ჩვეულებრივ, უფრო რბილი და მქრქალია, თოვლის მსგავსია; საშუალო ნახევრად გამჭვირვალეა, შედგება კონცენტრული, ერთმანეთის მონაცვლე გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე ფენებისგან; ქვედა, ყველაზე ფართო ნაწილი გამჭვირვალეა (კიევის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დაკვირვებები, 1892 წლის აპრილი, „წმ. ვლადიმერის უნივერსიტეტის მაცნე“). ასევე ხშირია ბურთისებრი ფორმა, რომელიც შედგება თოვლის შიდა ბირთვისგან (ზოგჯერ, თუმცა უფრო იშვიათად, ცენტრალური ნაწილი გამჭვირვალე ყინულისგან შედგება), რომელსაც გარს აკრავს ერთი ან რამდენიმე გამჭვირვალე გარსი. გვხვდება, ასევე, სფეროიდალური კაკლები, ჩაღრმავებებით მცირე ღერძის ბოლოსთან, სხვადასხვაგვარი, ზოგჯერ კრისტალური შვერილებით, როგორც ამას აკვირდებოდნენ: აბიხი კავკასიაში (ყინულის ბურთები მათზე დაზრდილი სკალენოედრებით (რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ჩანაწერები“, 1873 წელი), ბლანფორდი ოსტ-ინდოეთში (“Proceedings of the Asiatic Soc.”, 1880 წლის ივნისი), ლანგერი პეშტის მახლობლად (“Met. Zeitschr.” 1888, გვ.40) და სხვები. ზოგჯერ სეტყვის კაკლებს ძალიან რთული სახე აქვს, მაგალითად, მრავალფურცლიან ყვავილს ჰგავს. მსგავსი ფორმაა წარმოდგენილი მარჯვენა ნახატზე. და ბოლოს, ძალიან მარტივი ფორმებიც არსებობს პარალელეპიპედის მსგავსი, ფირფიტოვანი და სხვა.

სეტყვაზე მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორია

სეტყვის მარცვლების საკმაოდ მრავალფეროვან და საინტერესო ფორმებს და ფერებს აღწერს პროფესორი ა.ვ. კლოსოვსკი რუსულ ჟურნალში „მეტეოროლოგიური მიმოხილვა“ (სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის მეტეოროლოგიური ქსელის შრომები“, 1889, 1890, 1891). ცხრილში ისინი ნატურალურ ზომებშია წარმოდგენილი. შედარებით დაჩრდილული ადგილები შეესაბამება სეტყვის კაკლების ნაკლებად გამჭვირვალე ნაწილებს. სეტყვის კაკლები დაცვივდა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში: ნახ. I – ჩერნიგოვის გუბერნიაში 1876 წელს; ნახ. II – ხერსონის გუბერნიაში იმავე წელს; ნახატები III, V, VI, VII, VIII, IX [ცხრილში „სეტყვა“ სეტყვის ექვსი მარცვლისგან შემდგარი ჯგუფი (ცხრილის ქვედა ნახევარში) შეცდომით არის აღნიშნული რომაული ციფრით XI, მის მაგივრად უნდა იყოს IX], X, XI – ხერსონის გუბერნიაში 1887 წელს; ნახ. IV – თავრიზის გუბერნიაში 1887 წელს; ნახ. XII – პოდოლსკის გუბერნიაში; ნახ. XIII – თავრიზის გუბერნიაში 1889 წელს; ნახ. XV – მინსკის გუბერნიაში 1880 წელს; ნახ. XVI – ოდესაში 1881 წელს. განსაკუთრებით შესანიშნავია IX (a, b, c, d, e, f, g, h, i) ნახატებზე გამოსახული ფორმები, რომლებიც ჰქონდა ხერსონის გუბერნიის ელიზავეტგრადის მაზრის სოფელ ზელენოვკაში მოსული სეტყვის კაკლებს. ეს მოხდა 1887 წლის 19 აგვისტოს, მზის სრული დაბნელების დღეს, დაბნელების დასრულებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ძლიერი SW გრიგალის დროს(ნახატი ტექსტში); შუაგული შედგენა ჩაღრმავებების მქონე მუქი-ლურჯი ყინულისგან; მის გარშემო ქაშანურის მსგავსი თეთრი წრეა, ადგილ-ადგილ ჭუჭყიანი, ეტყობა, მტვრის შემცველობის გამო; მას მოსდევს ყინულის ფურცლები, რომელთაგან შიგა ორი რიგი თეთრი ქაშანურის, ბოლო რიგი კი ჩვეულებრივი ყინულის ფერია. მსგავსი ფორმები აქვთ სეტყვის კაკლებს, რომლებიც გამოსახულია ნახატებზე IXb და IXc. ნახატზე IXd გამოსახულია ბურთისებრი ფორმა, გამჭვირვალე, ზედაპირზე თხელი თეთრი ზოლებით. ნახატი IXe – ბრტყელი, ოდნავ ჩაღუნული, თეთრი ფერის. ნახატები IXh და IXi – პარალელეპიპედის ფორმის, გამჭვირვალე ან რძისფერი, ან თეთრი ქაშანურის ფერი.

სეტყვის ამ კაკლებში არსებული წყლის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის შეიცავდა ორგანულ ნივთიერებებს, ასევე თიხოვან ნაწილაკებს და კვარცის მარცვლებს. სეტყვის კაკლებში მსგავსი გარეშე ჩანართები არ არის იშვიათი. ყველაზე ხშირად ისინი კაკლის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული და ან ქვიშის მარცვალია, ან ფერფლის ნაწილაკი, ან ორგანული სხეული, ზოგჯერ კი მეტეორის მტვერი. ზოგჯერ სეტყვის კაკლის ცენტრში არსებული მტვერი წითელი ფერისაა, რაც სეტყვას მოწითალო ელფერს სძენს.

სეტყვის ჩვეულებრივ ზომები ბარდის მარცვლიდან მტრედის კვერცხამდეა, მაგრამ უდრო დიდიც შეიძლება იყოს, როგორც ეს ჩანს, მაგალითად, ცხრილის ნახაზებიდან, რომელშიც წარმოდგენილია სეტყვის მარცვლები ნატურალურ ზომებში. 1846 წლის 11 აგვისტოს ლიფლანდიის გუბერნიაში მოვიდა მუშტის ზომა სეტყვა (კ. ვესელოვსკი. „რუსეთის კლიმატის შესახებ“, 1857). 1863 წელს კუნძულ ზელანდიაზე მოსული სეტყვა იმდენად დიდი იყო, რომ სახლის სახურავები და ჭერიც კი ჩატეხა. სახლში შეღწეული სეტყვის ერთი კაკლის წონა 15 ფუნტი აღმოჩნდა. 1850 წელს კავკასიაში მოვიდა სეტყვა, რომლის ერთი კაკალი 25 ფუნტს იწონიდა. (კ. ვესელოვსკი. „რუსეთის კლიმატის შესახებ“, გვ. 363). დონის კაზაკების მიწაზე ერთხელ მოვიდა ყინულის ხორგები, რომელთა გარშემოწერილობა ორი არშინი იყო. კიდევ უფრო დიდი სეტყვის შესახებ ის. პროფესორ შვედოვის სტატია: „რა არის სეტყვა“ („რუსეთის ფიზიკო-ქიმიური საზოგადოების ჟურნალი“, 1881). როგორი დიდი რაოდენობით მოდის ზოგჯერ სეტყვა, ჩანს მისიონერ ბერლინის (Berlyn) წერილიდან, რომელიც დასავლეთ მონღოლეთიდან არის გაგზავნილი (“Ciel et Terre”, т. X). მისი სიტყვებით, 1889 წელს აქ მოვიდა სეტყვა, რომელმაც მეოთხედი საათის განმავლობაში დაფარა დედამიწა სამი ფუტის სისქის ფენით; სეტყვის შემდეგ წამოვიდა თქეში, რომელსაც წერილის ავტორი დილუვიალურს უწოდებს. სეტყვის ტემპერატურა უმეტესად 0°-ია, მაგრამ ზოგჯერ -2, -4. -9°-იც შეიძლება იყოს. ბუსენგოს მიხედვით, 1875 წელს ლუარის დეპარტამენტში მოსული სეტყვის ტემპერატურა იყო -13° ჰაერის +26° ტემპერატურის დროს (“Compt. Rend.” T. LXXXIX).

ყურადსაღები ფაქტები

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სეტყვასთან ერთად ციდან ცვივა ჰაერის ძლიერი აღმავალი ნაკადით ცაში ატანილი საგნები, მაგალითად ქვები, ხის ნატეხები და ა.შ. ასე მაგალითად, 1883 წლის 4 ივნისს ვესტმონლანდში (შვედეთი) სეტყვასთან ერთად ჩამოვარდა კაკლისტოლა ქვები, რომლებიც შედგებოდა სკანდინავიის ნახევარკუნძულის მთის ქანებისგან (Nordenskjold, изд. Vetenskaps Akademien 1884, № 6); 1892 წლის ივლისში ბოსნიაში წვიმასთან და ქართან ერთად ციდან თეთრულას ჯიშის წვრილი თევზი ცვიოდა („მეტეოროლოგიური მაცნე“, 1892, გვ. 488). სეტყვას თან ახლავს სეტყვის კაკლების დარტყმებით გამოწვეული განსაკუთრებული, დამახასიათებელი ხმაური, რომელიც გავს კაკლების გადმოყრის ჩხრიალს.

გეოგრაფიული განაწილება

დედამიწაზე სეტყვის განაწილება დამოკიდებულია განედზე, მაგრამ უმთავრესად მაინც ადგილობრივ პირობებზე. ტროპიკულ ქვეყნებში სეტყვა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, თანაც მხოლოდ ზეგნებზე და მთებში. ასე მაგალითად, კუმანში, ანტილიის ზღვის სანაპიროზე სეტყვა გაუგონარი ამბავია, ხოლო მის მახლობლად, კარაკასში, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე ის მოდის, მაგრამ არაუმეტეს, ვიდრე ოთხ წელიწადში ერთხელ. თუმცა, გამონაკლისია ტროპიკული ქვეყნების ზოგიერთი დაბლობი. მათ რიცხვშია, მაგალითად, სენეგალი, სადაც სეტყვა ყოველ წელს მოდის, თანაც ისეთი რაოდენობით, რომ ნიადაგს რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ფენით ფარავს (Raffenel, “Nouveau voyage au pays des nègres”, 1856).

სეტყვა პოლარულ ქვეყნებშიც იშვიათი მოვლენაა. ის უფრო ხშირად ზომიერ განედებზე მოდის. აქ მისი განაწილება განპირობებულია ზღვისგან დაშორებით, ხმელეთის ზედაპირის სახით და სხვა ფაქტორებით. ზღვაზე სეტყვა უფრო ნაკლებად მოდის, ვიდრე ხმელეთზე, რადგან მის წარმოსაქმნელად საჭიროა ჰაერის აღმავალი ნაკადები, რომლების ხმელეთზე უფრო ხშირი და ძლიერია, ვიდრე ზღვაში. ხმელეთზე, ნაპირთან ახლოს ის უფრო ხშირია, ვიდრე ნაპირიდან მოშორებით; საშუალოდ, საფრანგეთში ყოველწლიურად 10-ჯერ და მეტჯერ მოდის, გერმანიაში – 5-ჯერ, რუსეთის ევროპულ ნაწილში – 2-ჯერ , დასავლეთ ციმბირში ერთხელ. ზომიერი ქვეყნების დაბლობებში სეტყვა უფრო ხშირია, ვიდრე მთიანეთში, თანაც უსწორმასწორო დაბლობებზე უფრო ხშირად მოდის, ვიდრე სწორზე; ასე მაგალითად, ვარშავის მახლობლად, სადაც სწორი რელიეფია, სეტყვა უფრო იშვიათია, ვიდრე კარპატებთან უფრო ახლოს მდებარე ადგილებში; ველებზე უფრო ხშირად მოდის, ვიდრე მთის ფერდობებზე. სეტყვაზე ტყის გავლენის შესახებ იხ. „დასეტყვა“. სეტყვაზე ადგილობრივი პირობების გავლენის შესახებ იხ.: აბიხი, „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ჩანაწერები: (1873); Lespiault, «Etude sur les orages dans le depart. de la Gironde» (1881); Riniker, «Die Hagelschläge etc. im Canton Aargau» (ბერლინი, 1881). სეტყვა მოდის ვიწრო და გრძელ ზოლებად. 1788 წლის 13 ივლისს საფრანგეთში მოსული სეტყვა ორ ზოლად გადაადგილდებოდა სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ: ერთი ზოლის სიგანე იყო 16 და სიგრძე 730 ვერსი, მეორის სიგანე – 8 და სიგრძე – 820 ვერსი; მათ შორის იყო დაახლოებით 20 კილომეტრის სიგანის ზოლი, სადაც სეტყვა თითქმის არ მოდიოდა. ამ სეტყვას თან ახლდა ჭექა-ქუხილი და 70 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.

სეტყვისწარმოქმნადათანმხლებიმოვლენები

სეტყვის კაკლების ჩანასახები წარმოიქმნება გადამეტცივებულ ღრუბელში ცალკეული წვეთების შემთხვევით გაყინვის ხარჯზე. შემდგომში ასეთი ჩანასახები, შესაძლოა, საკმაოდ დიდ ზომებამდე გაიზარდოს მათთან შეჯახებული გადამეტცივებული წვეთების გაყინვის, ასევე სეტყვის კაკლების ერთმანეთთან შეზრდის წყალობით. სეტყვის მსხვილი კაკლები შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღრუბელში არსებობს ძლიერი აღმავალი ნაკადები, რომელთაც უნარი შესწევს დიდხანს გააჩეროს ისინი ცაში და არ მისცეს მიწაზე დაცემის საშუალება.

სეტყვას, ჩვეულებრივ (ზოგიერთს მიაჩნია, რომ ყოველთვის), თან ახლავს ჭექა-ქუხილი და განთავსებულია ჭექა-ქუხილის მცირე, ჰაერის ძლიერი აღმავალი დინების მქონე გრიგალებში (სმერჩებში, ტორნადოებში), რომლებიც წარმოიქმნება და მოძრაობს ჩვეულებრივ ციკლონებში (იხ. ჭექა-ქუხილი და ციკლონები) ზოგადად სმერჩი, ტორნადო და ჭექა-ქუხილი ერთმანეთთან და ციკლონების მოქმედებასთან საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებული ოვლენებია. სეტყვა, თითქმის ყოველთვის, თქეშამდე ან მასთან ერთად მოდის და არასდროს მის შემდეგ. სეტყვიანი გრიგალი ზოგჯერ წარმოუდგენლად ძლიერია. ღრუბლებს, საიდანაც სეტყვა ცვივა, ახასიათებს მუქი-რუხი ფერფლის ფერი და თეთრი, ნაფლეთის მაგვარი მწვერვალი. ყოველი ღრუბელი შედგება რამდენიმე, ერთმანეთზე დაზვინული ღრუბლისგან: ქვედა, ჩვეულებრივ, დედამიწასთან ახლოს არის, ზედა კი დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 5, 6 ათასი მეტრის სიმაღლეზეა ან კიდევ უფრო მაღლა. ქვედა ღრუბელი, ზოგჯერ ძაბრის მაგვარად იწელება, როგორც ეს სმერჩისთვის არის დამახასიათებელი.

მიყენებული ზარალი და სეტყვასთან ბრძოლა

ძირითადი სტატია: დასეტყვა

დასეტყვამ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანს და მის ქონებას: მსხვილი სეტყვა ძლიერ აზიანებს სახურავებს, ასევე მანქანების ძარებს, ამსხვრევს ფანჯრებს, ანადგურებს ცხოველებს და მოსავალს.

სეტყვა დიდ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას, ანადგურებს ნათესებს და ვენახს. სეტყვასთან ბრძოლა დამყარებულია სეტყვის საფრთხის მომტან ღრუბელში სპეციალური რეაგენტის შეყვანაზე (ჩვეულებრივ, ეს არის ტყვიისა და ვერცხლის იოდიდები), რომლებიც ხელს უწყობს გადამეტცივებული წვეთების გაყინვას. რეაგენტი შეჰყავთ ღრუბლის გადამეტცივებულ ნაწილში რაკეტების ან ჭურვების დახმარებით. ამის შედეგად დიდი რაოდენობით წარმოიქმნება კრისტალიზაციის ხელოვნური ცენტრები, რომლებზედაც იწყება ყინულის კრისტალების ზრდა და ღრუბლებში არსებული გადამეტცივებული წყალი, რომელიც სეტყვის კაკლების ზრდის ძირითადი წყაროა, გადანაწილდება მათ ბევრად უფრო დიდ რაოდენობაზე. ამიტომ სეტყვის კაკლები უფრო მცირე ზომის გამოდის და ასწრებს სრულად ან ნაწილობრივ მაინც დნება ჰაერის თბილ ფენებში ჯერ კიდევ მიწაზე დაცემამდე (იხ. სტატია „აქტიური ზემოქმედება ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე“).

ისტორიული მონაცემები

ჯერ კიდევ უძველეს დროს (ყველაზე ნაკლები, შუა საუკუნეებში) ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ ძლიერი ხმაური ხელს უშლის სეტყვის წარმოშობას და იწვევს ნაკლები ზომის სეტყვის კაკლების წარმოქმნას. ამიტომ, ნათესების გადასარჩენად ზარებს რეკდნენ ან/და ქვემეხებიდან ისვროდნენ.