atmosferuli naleqebi - myinvaruli safari

 

მყინვარული საფარი - (ინგ. Ice sheet) (რუს. Ледяной щит, ледниковый щит)

ყინულის საფარი, მყინვარული საფარი სქელი და ვრცელი ფარისებრი ხმელეთის მყინვარი, რომლის ფართობი 50 000 კმ2-ს, ხოლო სისქე 1000 მ-ს აღემატება. ოდნავ მცირე ზომის ვრცელი მყინვარები ყინულის ქუდებად კლასიფიცირდება.

ჩვენს დროში არსებობს მხოლოდ ორი მყინვარული საფარი: ანტარქტიკული და გრენლანდიური. გრენლანდიური საფარის ყინულის სისქე 3,4 კმ-ს აღწევს, ხოლო ანტარქტიკული საფარისა 4,7 კმ-ს.

ბოლო გამყინვარების პერიოდში ლავრენტიული მყინვარული საფარი ფარავდა ჩრდილოეთ ამერიკის უმეტეს ნაწილს, პატაგონიის მყინვარული საფარი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილს, ხოლო სკანდინავიის მყინვარული საფარი ევროპის ჩრდილოეთს. საფარი მყინვარი, რომელიც წარმოიქმნა გამყინვარების რამდენიმე ცენტრიდან წამოსული ყინულების შერწყმით, შეიძლება განიხილებოდეს არა როგორც ყინულის საფარი, არამედ როგორც მყინვარული საფარის ცალკე ფორმა (ანტარქტიდის მყინვარული საფარი). ბოლო გამყინვარების მაქსიმუმის დროს (20 ათასი წლის წინ) გრენლანდიის, ლავრენტიული და ევრაზიული მყინვარული საფრები გაერთიანდა გიგანტურ პანარქტიკულ უძველეს მყინვარულ საფარად, რომლის მოცულობა 50 მლნ კმ3 იყო.

მყინვარული საფარის ფორმა არ არის დამოკიდებული ადგილის რელიეფზე, მისი მაქსიმალური სიმაღლე არ არის დამოკიდებული ქვეგებული ხმელეთის სიმაღლეზე, ის გამყინვარების ცენტრში მდებარეობს. მყინვარულ საფარს აქვს მიწისზედა ნაწილები, რომლებიც ზღვის დონეზე მაღლა განლაგებულ ქვის კალაპოტს ეყრდნობა და ზღვის ნაწილები, რომლებიც კონტინენტურ შელფებს ეყრდნობა.

განასხვავებენ ორი ტიპის მყინვარულ საფარს. საკუთრივ მატერიკული ტიპის მყინვარულ საფარს, როგორიც იყო სკანდინავური და ლავრენტიული მყინვარული საფარები, საფარის წინა კიდე ხმელეთზე უდევს და არა აქვს ზღვის ნაწილები. მატერიკულ-კუნძულის ტიპის მყინვარულ საფარს, როგორიცაა თანამედროვე ანტარქტიკული და გრენლანდიური, კიდეები ზღვაში უტყდებათ და ზღვასთან კონტაქტით გამოწვეული შედარებით ინტენსიური დნობა ზღუდავს საფარის ზრდას.

მყინვარული საფარი თავისი უზარმაზარი მასის ხარჯზე აწვება და ამსხვრევს ლითოსფეროს მის ქვევით განლაგებულ რაიონებს ასეულობით მეტრის სიღრმეში; მყინვარული საფარის სიმძიმის ქვეშ გრენლანდიის ზოგიერთი ნაწილი ზღვის დონიდან 300 მ-ით დაბლა იმყოფება, ხოლო ანტარქტიდისა 2500 მ-ით დაბლა.

ყინულის საფრების დინამიკა ხასიათდება ცალკეული მყინვარების დინამიკით, რომელიც ისევე, როგორც მყინვარული საფრების შემთხვევაში, თითქმის არ არის დამოკიდებული ადგილის რელიეფზე და წარმოადგენს საათობრივიდან საუკუნეობრივამდე დროებით შკალებზე ციკლური აქტივობის შედეგს. ყინულის საფარში ყინულის მოძრაობა მიმართულია ცენტრიდან პერიფერიისკენ. საფარის მასის დაგროვება ცენტრში ხდება, მყინვარის ზედაპირზე თოვლისა და წყლის ორთქლის სუბლიმაციის ხარჯზე. საფარის მასის ხარჯვა განაპირა მხარეებში მიმდინარეობს. ამასთან, ყინულის მოძრაობამ შეიძლება არ წაიყოლოს საფარის მთელი სისქე; ასე მაგალითად, გრენლანდიის საფარი მიყინულია თავის კალაპოტზე და მისი ქვედა ნაწილი არ მონაწილეობს ყინულის საერთო მოძრაობაში, რადგან ყინულის მიყინვა ქვეგებულ გრუნტებთან აღემატება თავად ყინულის სიმტკიცეს., ხოლო ფსკერული დნობა ამ საფარში არ ხდება. საფარის კიდეებზე, სადაც ყინულის სისქე კლებულობს, მყინვარის დინამიკა უკვე ყინულის ქვეშ გებულ რელიეფზეა დამოკიდებული. ყინულის დინებები შედარებით სწრაფად მოძრაობს რელიეფის დადაბლებისას; კლდოვან დაბლობებზე სწრაფად მოძრავ გამსვლელ მყინვარებს შეუძლია მყინვარის საფარიდან გასვლა, კვებავს შელფურ მყინვარებს ან აისბერგებად იყოფა.

მყინვარის დნობის შემთხვევაში მისი კალაპოტი გლაციოიზოსტატიკურ აწევას განიცდის. ლითოსფეროს ფილები დატვირთვის მოხსნის შედეგად იწყებს ნახევრად თხევადი ათენოსფეროდან ამოტივტივებას. ასე მაგალითად, კანადა და სკანდინავიის ნახევარკუნძული დაახლოებით 10 ათასი წლის წინ მყინვარის საფარის დაშლიდან დღემდე განაგრძობს ამოწევას წელიწადში 11 მმ სიჩქარით. ვარაუდობენ, რომ თუ გრენლანდიის მყინვარული საფარი დადნება, გრენლანდია დაახლოებით 600 მეტრით ამოიწევს.

დათბობის დროს მყინვარული საფარის ნაწილები კარგავს კავშირს კვების ცენტრთან და იწყება მყინვარული საფარის უბნების გამკვდარება ე.წ. მკვდარი ყინულის წარმოქმნით. ამასთან ერთად, მყინვარის ზღვისა და ხმელეთ ზედა ნაწილების დაშლის სიჩქარე შეიძლება კარდინალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან წყალსა და ჰაერში ყინულის დნობის სხვადასხვა სიჩქარის გამო, როგორც ეს მოხდა ლავრენტიული საფარის დაშლის დროს.