amindi - atmosferuli naleqebi

 

ატმოსფერული ნალექები - (ინგ. Precipitation) (რუს. Атмосферные осадки)

წყალი თხევად ან მყარ მდგომარეობაში, რომელიც ღრუბლებიდან ეცემა ან ჰაერიდან ილექება დედამიწის ზედაპირზე ან რაიმე საგანზე.

განასხვავებენ:

გადაუღებელ ნალექებს, რომლებიც, უპირატესად, თბილ ფრონტებთან არის დაკავშირებული;
ნიაღვრულ ნალექებს, რომლებიც, უპირატესად, ცივ ფრონტებთან არის დაკავშირებული.

ნალექები იზომება მოსული ნალექების ფენის სისქით მილიმეტრებში. დედამიწაზე საშუალოდ, წელიწადში დაახლოებით 1000 მმ ნალექი მოდის, ხოლო უდაბნოებსა და მაღალ განედებზე – წელიწადში 250 მმ. მეტეოროლოგიურ სადგურებში ნალექების რაოდენობა იზომება ნალექების საზომით (1950-იან წლებამდე იყენებდნენ წვიმის საზომს), ხოლო თხევადი ნალექების ინტენსივობა  იზომება პლუვიოგრაფებით. ნალექების ინტენსივობა დიდი ფართობებისთვის მიახლოებით ფასდება მეტეოროლოგიური რადიოლოკატორების გამოყენებით.

ნალექები დედამიწაზე ტენბრუნვის ერთ-ერთი რგოლია.

ნალექების მრავალწლიანი, საშუალო თვიური, სეზონური, წლიური რაოდენობა, მათი განაწილება დედამიწის ზედაპირზე, წლიური და დღეღამური მიმდინარეობა, განმეორებადობა, ინტენსივობა კლიმატის განმსაზღვრელი მახასიათებლებია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობისთვის და სახალხო მეურნეობის ბევრი სხვა დარგისთვის.

ნალექების კლასიფიკაცია, დედამიწის ზედაპირზე მოსული ნალექები, გადაუღებელი ნალექები

ხასიათდება მოსვლის მონოტონურობით ინტენსივობის მნიშვნელოვანი ცვალებადობის გარეშე. თანდათანობით იწყება და მთავრდება. უწყვეტი სვლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ რამდენიმე საათია (ზოგჯერ 1-2 დღე-ღამე), მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში სუსტი ნალექები შეიძლება ნახევარი საათიდან ერთი საათამდე გაგრძელდეს. ჩვეულებრივ ნალექები მოდის ფენა-წვიმის ან მაღალ-ფენობრივი ღრუბლებიდან; ამ დროს უმეტეს შემთხვევაში ღრუბლიანობა უწყვეტია (10 ბალი) და მხოლოდ იშვიათად არის მნიშვნელოვანი (7-9 ბალი ჩვეულებრივ, ნალექების მოსვლის პერიოდის დაწყებისას ან დასრულებისას). ზოგჯერ სუსტი ხანმოკლე (ნახევარი საათიდან ერთ საათამდე) გადაუღებელი ნალექები აღინიშნება ფენა, ფენა-გროვა და მაღალ-გროვა ღრუბლებიდან და ამ დროს ღრუბელთა რაოდენობა 7-10 ბალს შეადგენს. ყინვიან ამინდში (როდესაც ჰაერის ტემპერატურაა -10...-15°) სუსტი თოვლი შესაძლოა მცირედ მოღრუბლული ციდანაც მოდიოდეს.

წვიმა – თხევადი ნალექები 0,5-დან 5 მმ-მდე დიამეტრის წვეთების სახით. ცალკეული წვეთები ტოვებს კვალს წყლის ზედაპირზე განშლადი წრეების სახით, ხოლო მშრალი საგნების ზედაპირზე – სველი ლაქის სახით.

გადამეტცივებული წვიმა– თხევადი ნალექები 0,5-დამ 5 მმ-მდე დიამეტრის წვეთების სახით, რომელიც მოდის ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის დროს (ყველაზე ხშირად 0..-10°, ზოგჯერ -15°-მდე). საგნებზე დაცემისას წვეთები იყინება და ლიპყინულს წარმოქმნის.

ყინულოვანიწვიმა– მყარი ნალექები, რომელიც მოდის ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის დროს (ყველაზე ხშირად 0..-10°, ზოგჯერ -15°-მდე) ყინულის მყარი გამჭვირვალე, 1-3 მმ დიამეტრის ბურთულების სახით. ბურთულებში გაუყინავი წყალია საგნებზე დაცემისას ბურთულები ტყდება ნაჭუჭებად, წყალი იღვრება და წარმოიქმნება ლიპყინული.

თოვლი მყარი ნალექები, რომელიც თოვლის კრისტალების (ფიფქების) ან ფანტელების სახით მოდის (უმეტესად ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის დროს). სუსტი თოვის დროს ჰორიზონტალური ხილვადობაა (თუ არ არის სხვა მოვლენები – ფოშფოში, ნისლი და ა. ს.) 4-10 კმ, ზომიერი თოვის დროს 1-3 კმ, ხოლო ძლიერი თოვის დროს 1000 მ-ზე ნაკლები (რადგან თოვის გაძლიერება თანდათანობით ხდება, ხილვადობა 1-2 კმ-მდე და მეტად მცირდება თოვის დაწყებიდან არაუადრეს ერთი საათის შემდეგ). ყინვიან ამინდში (როდესაც ჰაერის ტემპერატურა არ არის -10...-15°-ზე დაბალი) სუსტი თოვლი შესაძლოა მცირედ მოღრუბლული ციდანაც მოდიოდეს. ცალკე აღსანიშნავი მოვლენაა სველი თოვლი შერეული ნალექები, რომელიც მოდის ჰაერის დადებითი ტემპერატურის დროს მდნობი თოვლის ფანტელების სახით.

წვიმიანი თოვლი (თოვლიანი წვიმა, თოვლჭყაპი) – შერეული ნალექები, რომელიც წვეტებისა და ფიფქების ნარევის სახით მოდის (უმეტესად ჰაერის დადებითი ტემპერატურის დროს). თუ წვიმიანი თოვლი მოდის ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის დროს, ნალექების ნაწილაკები საგნებზე იყინება და ლიპყინულს წარმოქმნის.

ჟინჟღლი ნალექები

ხასიათდება მცირე ინტენსივობით, მოსვლის მონოტონურობით ინტენსივობის ცვლილების გარეშე; იწყება და მთავრდება თანდათანობით. უწყვეტი სვლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ რამდენიმე საათია (ზოგჯერ – 1-2 დღე-ღამე), მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში სუსტი ნალექები შეიძლება ნახევარი საათიდან ერთი საათამდე გაგრძელდეს. მოდის ფენა ღრუბლებიდან ან ნისლიდან; ამ დროს უმეტეს შემთხვევაში ღრუბლიანობა უწყვეტია (10 ბალი) და მხოლოდ იშვიათად არის მნიშვნელოვანი (7-9 ბალი – ჩვეულებრივ, ნალექების მოსვლის პერიოდის დაწყებისას ან დასრულებისას). ხშირად თან ახლავს ხილვადობის გაუარესება (ფოშფოში, ნისლი).

თქორი – თხევადი ნალექები ძალიან წვრილი წვეთების სახით (0,5 მმ-ზე ნაკლები დიამეტრით), რომლებიც, თითქოსდა ფარფატებს ჰაერში. მშრალი ზედაპირი ნელა და თანაბრად სველდება. წყლის ზედაპირზე დალექვისას მასზე არ წარმოქმნის განშლად წრეებს.

გადამეტცივებულითქორი– ხევადი ნალექები ძალიან წვრილი წვეთების სახით (0,5 მმ-ზე ნაკლები დიამეტრით), რომლებიც, თითქოსდა ფარფატებს ჰაერში და მოდის ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის დროს (ყველაზე ხშირად 0..-10°, ზოგჯერ -15°-მდე). საგნებზე დაცემისას წვეთები იყინება და ლიპყინულს წარმოქმნის.

ყინულისმარცვლები – მყარი ნალექები 2 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე წვრილი გაუმჭვირვალე თეთრი ნაწილაკების (ჩხირების, ნამცეცების, მარცვლების) სახით. მოდის ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის დროს.

ნიაღვრული ნალექები

ხასიათდება მოსვლის ანაზდეული დაწყებითა და დასრულებით, ინტენსივობის მკვეთრი ცვლილებებით. უწყვეტი სვლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ რამდენიმე წუთიდან 1-2 საათამდეა (ზოგჯერ რამდენიმე საათი, ტროპიკებში კი – 1-2 დღე-ღამემდე). ხშირად თან სდებს ჭექა-ქუხილი და ქარის უცაბედი გაძლიერება (შკვალი). მოდის გროვა-წვიმის ღრუბლებიდან; ამასთან, ღრუბლები შეიძლება იყოს როგორც დიდი (7-10 ბალი), ასევე მცირე (4-6 ბალი, ზოგ შემთხვევებში 2-3 ბალიც კი) რაოდენობით. ნიაღვრული ხასიათის ნალექების მთავარი ნიშანია არა მათი მაღალი ინტენსივობა (ნიაღვრული ნალექები სუსტიც შეიძლება იყოს), არამედ თავად მათი კონვექციური (უფრო ხშირად გროვა-წვიმის) ღრუბლებიდან მოსვლის ფაქტი, რაც განსაზღვრავს ნალექების ინტენსივობის ცვალებადობას. ცხელ ამინდში სუსტი ნიაღვრული წვიმა შესაძლოა მძლავრი გროვა ღრუბლებიდან წამოვიდეს, ხოლო იშვიათად (ძალიან სუსტი ნიაღვრული წვიმა) საშუალო გროვა ღრუბლებიდანაც კი.

თქეში – ნიაღვრული ხასიათის წვიმა.

ბარდნა – ნიაღვრული ხასიათის თოვლი. ხასიათდება  ჰორიზონტალური ხილვადობის მკვეთრი ცვლილებებით 6-10 კმ-დან 2-4 კმ-მდე (ზოგჯერ 500-1000 მ-მდე და იშვიათად 100-200 მ-მდე) რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე დროით ინტერვალში (თოვლის „მუხტები“).

თოვლიანი თქეში – ნიაღვრული ხასიათის შერეული ნალექები, რომელიც მოდის წვეთებისა და ფიფქების ნარევის სახით (უფრო ხშირად ჰაერის დადებითი ტემპერატურის დროს). თუ თოვლიანი თქეში მოდის ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის დროს, ნალექების ნაწილაკები საგნებზე დაცემისას იყინება და ლიპყინულს წარმოქმნის.

თოვლის ხორხოშელა – ნიაღვრული ხასიათის მყარი ნალექები, რომელიც მოდის ჰაერის დაახლოებით 0° ტემპერატურაზე -5 მმ დიამეტრის გაუმჭვირვალე თეთრი მარცვლების სახით;  მარცვლები მყიფეა, ადვილად ისრისება თითებით. ხშირად მოდის ბარდნამდე ან მასთან ერთად.

ყინულის ხორხოშელა – ნიაღვრული ხასიათის მყარი ნალექები, რომელიც მოდის ჰაერის დაახლოებით -5-დან +10° ტემპერატურამდე 1-3 მმ დიამეტრის გამჭვირვალე (ან ნახევრად გამჭვირვალე) ყინულის მარცვლების სახით;  მარცვლების ცენტრში გაუმჭვირვალე ბირთვია. მარცვლები საკმაოდ მყარია (თითებით გასრესვის დროს გარკვეულ ძალას მოითხოვს), მყარ ზედაპირზე დაცემის დროს აისხლიტება. რიგ შემთხვევებში მარცვლები შეიძლება დაფარული იყოს წყლის აფსკით (ან ცვიოდეს წყლის წვეთებთან ერთად) და თუ ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბალია, საგნებზე დაცემისას იყინება და ლიპყინულს წარმოქმნის.

სეტყვა – მყარი ნალექები, რომელიც მოდის წელიწადის თბილ დროს (როდესაც ჰაერის ტემპერატურა +10°-ზე მაღალია) სხვადასხვა ფორმისა და ზომის ყინულის ნატეხების სახით: ჩვეულებრივ, სეტყვის კაკლის დიამეტრი 2-5 მმ-ს შეადგენს, მაგრამ რიგ შემთხვევებში, ცალკეული კაკლები მტრედის კვერცხის და ქათმის კვერცხის ზომასაც კი აღწევს (მაშინ სეტყვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მცენარეულობას, ავტომანქანების ზედაპირებს, ამტვრევს ფანჯრების მინებს და ა. შ.), სეტყვა, როგორც წესი, ხანმოკლეა – 1-2-დან 10-20 წუთამდე. შემთხვევების უმრავლესობაში სეტყვას თან ახლავს თქეში და ჭექა-ქუხილი.

არა კლასიფიცირებული ნალექები

ყინულის ნემსები – მყარი ნალექები ყინულის, ჰაერში მოფარფატე, უმცირესი კრისტალების სახით, რომელიც ყინვიან ამინდში წარმოიქმნება (ჰაერის ტემპერატურა -10...-15°-ზე ნაკლებია). დღისით მზის სხივებში ბრწყინავს, ღამით – მთვარის შუქზე და ფარნების სინათლეზე. არც თუ იშვიათად, ღამით ყინულის ნემსები ფარნებიდან ცისკენ აზიდულ ლამაზ მანათობელ „სვეტებს“ ქმნის. მათი დანახვა უფრო მოწმენდილ ან მცირედ ღრუბლიან ცაზეა შესაძლებელი, ზოგჯერ ბუმბულის მსგავსი ან ბუმბულის მსგავსი ფენოვანი ღრუბლებიდან ცვივა.

ზოლაცია – ნალექები იშვიათი და მსხვილი (3 სმ-მდე დიამეტრის) წყლის ბუშტების სახით. იშვიათი მოვლენა, რომელიც სუსტი ჭექა-ქუხილის დროს წარმოიშვება.

ნალექები, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე ან საგნებზე წარმოიქმნება

ნამი – წყლის მცირე წვეთები, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირზე, მცენარეებზე, საგნებზე, შენობებისა და ავტომანქანების სახურავებზე ჰაერში არსებული წყლის ორთქლის კონდენსაციის შედეგად ჰაერისა და ნიადაგის დადებითი ტემპერატურის, ნაკლებად ღრუბლიანი ცისა და სუსტი ქარის დროს. უფრო ხშირად შესამჩნევია ღამით ან გათენებისას, შესაძლოა ახლდეს ფოშფოში ან ნისლი. უხვმა ნამმა, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული რაოდენობის (ღამის განმავლობაში 0,5 მმ-მდე) ნალექები და სახურავებიდან მიწაზე წყლის ჩამოდინება.

თრთვილი – თეთრი კრისტალური ნალექი, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირზე, მცენარეებზე, საგნებზე, შენობებისა და ავტომანქანების სახურავებზე, თოვლის საფარზე ჰაერში არსებული წყლის ორთქლის დესუბლიმაციის შედეგად ჰაერისა და ნიადაგის უარყოფითი ტემპერატურის, ნაკლებად ღრუბლიანი ცისა და სუსტი ქარის დროს. უფრო ხშირად შესამჩნევია საღამოს, ღამით ან გათენებისას, შესაძლოა ახლდეს ფოშფოში ან ნისლი. არსებითად, ნამის ანალოგია, ოღონდ უარყოფით ტემპერატურებზე წარმოიქმნება. ხის ტოტებზე, სადენებზე თრთვილი ნაკლებად ილექება (ჭირხლისგან განსხვავებით) ლიპყინულიანი სადგომის სადენზე (რომლის დიამეტრია 5 მმ), თრთვილის დალექვის სისქე 3 მმ-ს არ აღემატება.

კრისტალური ჭირხლი – თეთრი კრისტალური ნალექი, რომელიც შედგება ყინულის წვრილი, თხელ სტრუქტურიანი ბზინვარე ნაწილაკებისგან და ჰაერში არსებული წყლის ორთქლის დესუბლიმაციის შედეგად, ფაფუკი გირლანდების (ყვავილწნულების) სახით (რომლებიც ადვილად ცვივა შერხევით) წარმოიქმნება ხეების ტოტებზე და სადენებზე. უფრო ხშირად შესამჩნევია ნაკლებად ღრუბლიან (მოწმენდილი ცა, ან ზედა და საშუალო იარუსის ღრუბლები, ან წყვეტილი ფენა ღრუბლები) ყინულიან ამინდში (ჰაერის ტემპერატურა -10...-15°-ზე დაბალია), ფოშფოშის ან ნისლის თანხლებით (ზოგჯერ მათ გარეშეც), სუსტი ქარის ან შტილის პირობებში. როგორც წესი, ჭირხლის მოდება ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში ხდება, დღისით კი ის თანდათანობით ცვივა მზის სხივების ზემოქმედების გამო, თუმცა ღრუბლიან ამინდში, ჩრდილში მთელი დღე შეიძლება გაძლოს. საგნების ზედაპირებზე, შენობებისა და ავტომანქანების სახურავებზე ჭირხლი სუსტად ილექება (თრთვილისგან განსხვავებით). თუმცა ჭირხლს ხშირად თრთვილიც თან ახლავს.

მარცვლოვანი ჭირხლი – თოვლის მსგავსი თეთრი ფაშარი ნალექი, რომელიც წარმოიქმნება ღრუბლიან და ნისლიან ამინდში (დღე-ღამის ნებისმიერ დროს), ნულიდან -10°-მდე ჰაერის ტემპერატურაზე, ზომიერი ან ძლიერი ქარის დროს ხეების ტოტებზე და სადენებზე გადამეტცივებული ნისლის წვრილი წვეთების დალექვის შედეგად. ნისლის წვეთების გამსხვილების შემთხვევაში შეიძლება ლიპყინულად გადაიქცეს, ხოლო ღამით, ქარის შესუსტებასა და ღრუბლიანობის შემცირებასთან ერთად ჰაერის ტემპერატურის დაცემის შეთხვევაში – კრისტალურ ჭირხლად. მარცვლოვანი ჭირხლის ზრდა იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც გრძელდება ნისლი და ქარი (ჩვეულებრივ – რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი რამდენიმე დღე-ღამე). დალექილმა მარცვლოვანმა ჭირხლმა, შესაძლოა, რამდენიმე დღე-ღამე გაძლოს.

ლიპყინული – მკვრივი მინისებრი ყინულის ფენა (გლუვი ან ოდნავ ხორკლიანი), რომელიც წარმოიქმნება მცენარეებზე, სადენებზე, საგნებზე, დედამიწის ზედაპირზე ნალექების (გადამეტცივებული თქორის, გადამეტცივებული წვიმის, ყინულოვანი წვიმის, ყინულის ხორხოშელას, ზოგჯერ თოვლჭყაპის) ნაწილაკების გაყინვის შედეგად იმ ზედაპირებთან შეხებისას, რომელთა ტემპერატურა უარყოფითია. ყველაზე ხშირად აღინიშნება მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ნულიდან -10°-მდეა (ზოგჯერ -15°-მდე), ხოლო მკვეთრი დათბობისას მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურაა 0...+3° (როდესაც მიწა და საგნები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ უარყოფით ტემპერატურას). ძალიან აძნელებს ადამიანების, ცხოველების, ტრანსპორტის გადაადგილებას, შეიძლება დაწყვიტოს სადენები და ტოტები მოტეხოს ხეებს (ზოგჯერ კი გამოიწვიოს ხეებისა და ელექტროგადამცემი ხაზების ანძების მასობრივი დაცემა). ლიპყინულის ზრდა იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც გრძელდება გადამეტცივებული ნალექები (ჩვეულებრივ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი, თქორისა და ნისლის დროს რამდენიმე დღე-ღამე). დალექილმა ლიპყინულმა, შესაძლოა, რამდენიმე დღე-ღამე გაძლოს.

მოყინვა – ბორცვებიანი ყინულის ან გაყინული თოვლის ფენა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირზე ფშატალას გაყინვის შედეგად, როდესაც ლეღმის დაკვრის შემდეგ ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურა კლებულობს (ტემპერატურის უარყოფით მნიშვნელობებზე გადასვლა). ლიპყინულისგან განსხვავებით მოყინვა მხოლოდ დედამიწის ზედაპირზე ხდება, უფრო ხშირად გზებზე, ტროტუარებსა და ბილიკებზე. მოყინვა, შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდეს, სანამ არ დაიფარება ახალმოსული თოვლის საფარით ან მთლიანად არ გადნება ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურის ინტენსიური ზრდის შედეგად.

ნისლი
წვიმა
მჟავა წვიმა
სეტყვა
თოვლი
მუდმივი თოვლი
მყინვარული საფარი
ყინულის წვიმა